23 May 2014

26 მაისს სვანეთში მსოფლიო რეკორდი დამყარდება

ორშაბათს, 26 მაისს, მსოფლიო რეკორდსმენი დავით ჟორჟოლიანი აზიდვებში მორიგი რეკორდის დამყარებას შეეცდება. ასპარეზობა მესტიაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში გაიმართება. რეკორდის ორგანიზატორია საქართველოს რეკორდების ფედერაცია, მხარდამჭერი – მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

დავით ჟორჟოლიანის მიზანი ამჯერად 50-კილოგრამიანი ტვირთით, ცერა თითებზე, ერთი წუთის განმავლობაში მაქსიმალური რაოდენობის აზიდვების შესრულებაა. გინესის მსოფლიო რეკორდების მიერ დაწესებული ნორმების თანახმად, ზემოთ აღნიშნულ მდგომარეობაში დავითმა მინიმუმ 8 აზიდვა უნდა შეასრულოს.


სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, საქართველოს რეკორდების ფედერაცია მესტიაში მიავლენს მსაჯთა კომისიას, რომელიც საერთაშორისო წესების შესაბამისად წარმართავს რეკორდის დამყარების პროცესს და ადგილზე დააფიქსირებს სპორტსმენის წარმატებას.

დავით ჟორჟოლიანმა პირველი რეკორდი გასულ წელს დაამყარა: მარნეულში გამართულ ღონისძიებაზე მან ცერა თითებზე, 30–კილოგრამიანი ტვირთით ზედიზედ 20 აზიდვა შეასრულა და ამ შედეგით საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარება მოიპოვა. გარდა ამისა, მეორე ადგილი დაიკავა 26 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ აზიდვების შეჯიბრზე.


ამ თემაზე:



loading...