ჩხოროწყუში ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მეორე რეკორდი დაამყარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა მხატვარმა ვახტანგ აბაშიძემ მორიგი რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა იოსებ ხუციშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა

28 June 2014

ექსტრემალური ავტორეკორდის დამყარების მცდელობა კრახით დასრულდა

19 ივნისს კომპანია GoPro–ს YouTube არხზე გამოქვეყნდა ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია ფრანგი მოთხილამურისა და მრბოლელის – 36 წლის გერლენ შიშერის წარუმატებელი სარეკორდო მცდელობა ავტომობილით სიგრძეზე ხტომაში. GoPro ციფრული ტექნიკის მწარმოებელია, რომელმაც სარეკორდო ტრიუკის ვიდეოგადაღება საკუთარი კამერებით უზრუნველყო.

სარეკორდო ტრიუკი 16 მარტს ალპებში, სათხილამურო კურორტ ტინზე შედგა. შიშერის მიზანი ავტომობილით მსოფლიოში უდიდესი ნახტომის შესრულება იყო. მას სურდა, გაეუმჯობესებინა ტენერ ფოუსტის 101–მეტრიანი რეკორდი და მანძილი 110 მეტრამდე გაეზარდა.


სარბოლო მინი კუპერმა სისწრაფის განსავითარებლად საკმაო მანძილი გაირბინა და სასტარტო „ტრამპლინზე“ აიჭრა. ტრიუკის შესრულების დროს ავტომობილის სისწრაფემ 160კმ/სთ–ს მიაღწია. თავდაპირველად მანქანა სწორი ტრაექტორიით მოძრაობდა, თუმცა დაშვებისას მიმართულება შეიცვალა, ბაქანზე თითქმის ვერტიკალურ მდგომარეობაში დაენარცხა და რამდენიმეჯერ გადატრიალდა. საბედნიეროდ, შიშერს სერიოზული დაზიანება არ მიუღია, მან დამოუკიდებლად მოახერხა ავტომობილიდან გადმოსვლა.

26 June 2014

მოკრივე დევიდ ჰეი რეკორდის დამყარებას კიდევ ერთხელ შეეცდება

გასულ კვირას წარუმატებლად დასრულდა დევიდ ჰეის მცდელობა გინესის რეკორდის დასამყარებლად, თუმცა ბრიტანელი მოკრივე დანებებას არ აპირებს და რეკორდის დამყარებას მომავალი წლისთვის გეგმავს.

სარეკორდო ღონისძიება  21 ივნისს დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში გაიმართა. ჰეის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური კრივის გაკვეთილი უნდა ჩაეტარებინა. ღონისძიებაში 130–მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა ეს რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა მიმდინარე მსოფლიო რეკორდის (498 მონაწილე) მოსახსნელად.


დევიდ ჰეის განცხადებით, ღონისძიების მონაწილეთა ენთუზიაზმმა იგი უფრო მოტივირებული გახადა და მომავალ წელს რეკორდის მოხსნას კიდევ ერთხელ შეეცდება. მოკრივე თვლის, რომ წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, ორ მთავარ მიზანს მიაღწია: ხელი შეუწყო დუბაის მაცხოვრებელთა ინფორმირებას კრივის შესახებ და მათთან ერთად პოპულარიზაცია გაუწია ჯანსაღი ცხოვრების წესს.


დევიდ ჰეი 1980 წლის 13 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში დაიბადა. მოპოვებული აქვს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ორ წონით კატეგორიაში. სულ ჩატარებული 28 ბრძოლიდან 26 გამარჯვება აქვს, მათ შორის 24 კი მოწინააღმდეგის ნოკაუტით დასრულდა. 2012 წელს მხრის ტრავმა მიიღო და აქტიურ სპორტს ჩამოშორდა, თუმცა, დაახლოებით ერთი თვის წინ მოკრივის მენეჯერმა და მწვრთნელმა ადამ ბუტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მკურნალობის კურსმა შედეგი გამოიღო და დევიდ ჰეი წლის ბოლომდე რინგს დაუბრუნდება.


მომზადებულია Alhanlive.com–ის მიხედვით

25 June 2014

„გაზპრომი“ გინესის წიგნში მოხვედრას იმედოვნებს

რუსული ენერგოგიგანტ „გაზპრომის“ თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე მედვედევის განცხადებით, „გაზპრომსა“ და ჩინეთის ეროვნულ ნავთობკორპორაციას (CNPC) შორის დადებული 400–მილიარდიანი ხელშეკრულება გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვედრას იმსახურებს.

„ამ შეთანხმებას ექსპერტებმა უკვე უწოდეს საუკუნის გარიგება. ეს ფაქტი იმსახურებს გინესის რეკორდების წიგნში შეტანას“ – განაცხადა მედვედევმა და დასძინა, რომ მილსადენების რესურსი შემდგომში მოსალოდნელ მზარდ მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს.

„გათხევადებული გაზის საკმაოდ დიდი მარაგი არსებობს“ – აღნიშნა მედვედევმა „აღმოსავლური გველეშაპი განაგრძობს სიმაღლეების დაპყრობას.“
ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები – ხი ჯინპინგი და ვლადიმირ პუტინი კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ © იტარ–ტასი / მიხაილ მეცელის ფოტო
21 მაისს რუსულ ენერგოკომპანია „გაზპრომსა“ და ჩინეთის ეროვნულ ნავთობკორპორაციას (CNPC) შორის ხელი მოეწერა 400 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტს რუსეთის მიერ ჩინეთის გაზით მომარაგების შესახებ. გარიგების თანახმად, „გაზპრომმა“CNPC–ს 30 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 38 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა მიაწოდოს. კონტრაქტი 2018 წელს ამოქმედდება.

მასალა მომზადებულია „იტარ–ტასის“ მიხედვით

18 June 2014

„სუბარუს“ წარუმატებელი ავტორეკორდი

15 ივნისს, ნიუ–იორკში, საავტომობილო მარკა „სუბარუს“ საქველმოქმედო–სარეკორდო აქცია გაიმართა, რომლის მიზანი „სუბარუს“ ავტომობილების უდიდესი აღლუმის მოწყობა იყო. ღონისძიებაში მონაწილეობა 250–მა ავტომობილმა მიიღო, თუმცა ეს რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა გინესის რეკორდის მოსახსნელად.

სარეკორდო აქცია ამერიკული სადილერო კომპანიის – „ლიბერთი სუბარუს“ ინიციატივით, ვაშინგტონში მდებარე კარცინომას კვლევით ცენტრის მხარდასაჭერად ჩატარდა. კარცინომა კიბოს ავთვისებიანი სიმსივნის სახეობაა, რომელმაც გასულ წელს „ლიბერთი სუბარუს“ თანამშრომელი, 27 წლის კოლინ ჯონსონი იმსხვერპლა.


ორგანიზატორები გინესის რეკორდის მოხსნას იმედოვნებდნენ. მოსალოდნელი რეკორდის ადგილზე დასადასტურებლად გინესის მსაჯიც იყო მიწვეული, თუმცა მიღებულმა შედეგმა ვერ დააკმაყოფილა მსოფლიო რეკორდის მოთხოვნები; მოქმედ მსოფლიო რეკორდად რჩება 2013 წელს ილინოისში გამართული ავტო–აღლუმი, რომელშიც აშშ–ს თერთმეტი შტატიდან „სუბარუს“ 371–მა მფლობელმა მოიყარა თავი. იხილეთ ვიდეო:


აღსანიშნავია, რომ ერთი და იგივე მარკის ავტომობილების მსვლელობა (აღლუმი) ერთ–ერთი პოპულარული სარეკორდო სახეობაა. ამ კატეგორიაში გინესის რეკორდსმენის ტიტულს უკვე ფლობენ ფერარი, პორშე, იაგუარი, მერსედესი, ბე–ემ–ვე, ტოიოტა, აუდი, ალფა–რომეო, ფორდი, ჰიუნდაი, ლენდ–როვერი / რენჯ–როვერი, მაზდა, რენო, მიცუბიში, ვოლვო და სხვ. ქართულ ავტორეკორდებს შორის ყველაზე მასშტაბური მოვლენა კი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ 2012 წლის 23 სექტემბერს, რუსთავში დააფიქსირა: საქართველოს BMW–ს კლუბის მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე, BMW–ს მარკის ავტომობილების ყველაზე მასშტაბური პარკინგი მოეწყო, რომელშიც 357 ავტომობილი მონაწილეობდა.

მასალა მომზადებულია „ლიბერთი სუბარუს“ მიხედვით