26 June 2014

მოკრივე დევიდ ჰეი რეკორდის დამყარებას კიდევ ერთხელ შეეცდება

გასულ კვირას წარუმატებლად დასრულდა დევიდ ჰეის მცდელობა გინესის რეკორდის დასამყარებლად, თუმცა ბრიტანელი მოკრივე დანებებას არ აპირებს და რეკორდის დამყარებას მომავალი წლისთვის გეგმავს.

სარეკორდო ღონისძიება  21 ივნისს დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში გაიმართა. ჰეის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური კრივის გაკვეთილი უნდა ჩაეტარებინა. ღონისძიებაში 130–მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა ეს რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა მიმდინარე მსოფლიო რეკორდის (498 მონაწილე) მოსახსნელად.


დევიდ ჰეის განცხადებით, ღონისძიების მონაწილეთა ენთუზიაზმმა იგი უფრო მოტივირებული გახადა და მომავალ წელს რეკორდის მოხსნას კიდევ ერთხელ შეეცდება. მოკრივე თვლის, რომ წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, ორ მთავარ მიზანს მიაღწია: ხელი შეუწყო დუბაის მაცხოვრებელთა ინფორმირებას კრივის შესახებ და მათთან ერთად პოპულარიზაცია გაუწია ჯანსაღი ცხოვრების წესს.


დევიდ ჰეი 1980 წლის 13 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში დაიბადა. მოპოვებული აქვს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ორ წონით კატეგორიაში. სულ ჩატარებული 28 ბრძოლიდან 26 გამარჯვება აქვს, მათ შორის 24 კი მოწინააღმდეგის ნოკაუტით დასრულდა. 2012 წელს მხრის ტრავმა მიიღო და აქტიურ სპორტს ჩამოშორდა, თუმცა, დაახლოებით ერთი თვის წინ მოკრივის მენეჯერმა და მწვრთნელმა ადამ ბუტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მკურნალობის კურსმა შედეგი გამოიღო და დევიდ ჰეი წლის ბოლომდე რინგს დაუბრუნდება.


მომზადებულია Alhanlive.com–ის მიხედვით
loading...