18 June 2014

„სუბარუს“ წარუმატებელი ავტორეკორდი

15 ივნისს, ნიუ–იორკში, საავტომობილო მარკა „სუბარუს“ საქველმოქმედო–სარეკორდო აქცია გაიმართა, რომლის მიზანი „სუბარუს“ ავტომობილების უდიდესი აღლუმის მოწყობა იყო. ღონისძიებაში მონაწილეობა 250–მა ავტომობილმა მიიღო, თუმცა ეს რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა გინესის რეკორდის მოსახსნელად.

სარეკორდო აქცია ამერიკული სადილერო კომპანიის – „ლიბერთი სუბარუს“ ინიციატივით, ვაშინგტონში მდებარე კარცინომას კვლევით ცენტრის მხარდასაჭერად ჩატარდა. კარცინომა კიბოს ავთვისებიანი სიმსივნის სახეობაა, რომელმაც გასულ წელს „ლიბერთი სუბარუს“ თანამშრომელი, 27 წლის კოლინ ჯონსონი იმსხვერპლა.


ორგანიზატორები გინესის რეკორდის მოხსნას იმედოვნებდნენ. მოსალოდნელი რეკორდის ადგილზე დასადასტურებლად გინესის მსაჯიც იყო მიწვეული, თუმცა მიღებულმა შედეგმა ვერ დააკმაყოფილა მსოფლიო რეკორდის მოთხოვნები; მოქმედ მსოფლიო რეკორდად რჩება 2013 წელს ილინოისში გამართული ავტო–აღლუმი, რომელშიც აშშ–ს თერთმეტი შტატიდან „სუბარუს“ 371–მა მფლობელმა მოიყარა თავი. იხილეთ ვიდეო:


აღსანიშნავია, რომ ერთი და იგივე მარკის ავტომობილების მსვლელობა (აღლუმი) ერთ–ერთი პოპულარული სარეკორდო სახეობაა. ამ კატეგორიაში გინესის რეკორდსმენის ტიტულს უკვე ფლობენ ფერარი, პორშე, იაგუარი, მერსედესი, ბე–ემ–ვე, ტოიოტა, აუდი, ალფა–რომეო, ფორდი, ჰიუნდაი, ლენდ–როვერი / რენჯ–როვერი, მაზდა, რენო, მიცუბიში, ვოლვო და სხვ. ქართულ ავტორეკორდებს შორის ყველაზე მასშტაბური მოვლენა კი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ 2012 წლის 23 სექტემბერს, რუსთავში დააფიქსირა: საქართველოს BMW–ს კლუბის მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე, BMW–ს მარკის ავტომობილების ყველაზე მასშტაბური პარკინგი მოეწყო, რომელშიც 357 ავტომობილი მონაწილეობდა.

მასალა მომზადებულია „ლიბერთი სუბარუს“ მიხედვით
loading...