ჩხოროწყუში ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მეორე რეკორდი დაამყარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა მხატვარმა ვახტანგ აბაშიძემ მორიგი რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა იოსებ ხუციშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა

25 July 2014

ჯუმბერ ლეჟავა გარდაიცვალა

დღეს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი რეკორდსმენი და ველომოგზაური ჯუმბერ ლეჟავა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულთან დაკავშირებული პრობლემა გახდა.

ჯუმბერ ლეჟავა პირველი ქართველი გინესის რეკორდსმენია. 1990–92 წლებში მან ექვსი მსოფლიო რეკორდი დაამყარა აზიდვებსა და მუცლის პრესის ვარჯიშში: 4 447 აზიდვა ერთ საათში, 16 274 – ხუთ საათში, 34 955 – თორმეტ საათში, 43 028 – ოცდაოთხ საათში და 2 806 მუცლის პრესი ერთ საათში.

1993–2003 წლებში ველოსიპედით იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო: ეწვია 230–ზე მეტ ქვეყანას. საერთო ჯამში, გაიარა დაახლოებით 500 000 კილომეტრი. აქედან 264 000 ველოსიპედით, დანარჩენი კი საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტით.

1993 წელს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიენიჭა „მოგზაური დიპლომატის“ სტატუსი, 1999 წელს „იუნესკომ“ მიანიჭა  „მსოფლიო სპორტსმენის“ დიპლომი, 2002 წელს დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის სახელობის I ხარისხის ორდენით. მიმდინარე წლის 23 ივლისს, 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა „სპორტის რაინდის“ წოდება მიანიჭა.

საქართველოს რეკორდების ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ჯუმბერ ლეჟავას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და სპორტულ საზოგადოებას.

20 July 2014

„შერლოკ ჰოლმსის რეკორდი“ აღიარების მოლოდინშია

გუშინ, დიდ ბრიტანეთში შერლოკ ჰოლმსის ფორმაში გამოწყობილი ასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ღონისძიება გინესის რეკორდის დასამყარებლად ჩატარდა და ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟის მსგავსად ჩაცმული ადამიანების ყველაზე მასშტაბურ შეკრებას ისახავდა მიზნად.

შეკრება ლონდონის უნივერსიტეტში შედგა და მასში 113–მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, წარმატებით დამყარდა თუ არა გინესის რეკორდი. აღსანიშნავია, რომ ასეთი ღონისძიება მანამდე არასოდეს ჩატარებულა.

ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა; შემოსული თანხა დეტექტივის ავტორის, ართურ კონან დოილის სახლის რესტავრაციას მოხმარდება, რომელიც ამჟამად ავარიულ მდგომარეობაშია და მის აღდგენას დაახლოებით 2.6 მილიონი გირვანქა სტერლინგი ესაჭიროება.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეროვნული ლიტერატურის მიმართ ცნობიერების ამაღლება და კონან დოილის სახლის აღდგენაში საკუთარი წვლილის შეტანა“ – განაცხადა შერლოკ ჰოლმსის საზოგადოების წევრმა, როჯერ ჯონსმა.

გუშინდელი სარეკორდო ღონისძიება ინგლისელი მსახიობის – ბენედიქტ კამბერბრეტჩის იუბილეს დაემთხვა. კამბერბრეტჩი მთავარ როლს ასრულებს სერიალში „შერლოკი“, რომლის მეოთხე სერია 2015 წელს გამოვა ტელეეკრანებზე.

მომზადებულია BBC NEWS–ის მიხედვით

11 July 2014

WOWSA ანა ლომინაძის შესახებ წერს

ღია წყალში ცურვის მსოფლიო ასოციაცია (WOWSA) ქართველი მოცურავისა და რეკორდსმენის – ანა ლომინაძის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ასოციაციის ბლოგზე 7 ივლისს გამოქვეყნდა პოსტი სათაურით: „შებოჭილი ანა ლომინაძე ამყარებს დისტანციურ რეკორდს“. გთავაზობთ პოსტის თარგმანს:

„ქართველი ანა ლომინაძე კვალდაკვალ მიყვება ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ჰარი ჰუდინი, ჯეკ ლალეინი და პაოლო ეროს ცერიზი („კაცი–დელფინი“).

ცნობილია მათი გმირობები: ჰუდინს შეეძლო ბორკილებიდან თავის დაღწევა, ლალეინმა ხერბოლკილებით გაცურა ამერიკის დასავლეთ სანაპირო, „კაცმა–დელფინმა“ კი ასევე ხელბორკილებით გადაცურა მესინას სრუტე სიცილიაში და მონაწილეობა მიიღო კაიმანის კუნძულებზე გამართულ „ყვავილების ზღვის გაცურვაში“.

თუმცა ანა ლომინაძე უფრო სწრაფად ცურავს, ვიდრე მისი წინამორბედი მამაკაცები. 2012 წელს, 17 წლის ასაკში ხელფეხშეკრულმა, 50 წუთში გადაცურა დარდანელის სრუტე, ჩანაქკალეს სამხრეთით, სოფელი ეჯიაბეთიდან ქეფეზამდე.“

შეგახსენებთ, რომ ანა ლომინაძე ორგზის მსოფლიო რეკორდსმენია: პირველი რეკორდი 2012 წელს დაამყარა, როდესაც ხელფეხშეკრულმა დარდანელის სრუტის 5.5–კილომეტრიანი მონაკვეთი 46:47 წუთში შეუსვენებლად გადაცურა. 2104 წლის 3 აპრილს კი ბორკილებითა და ჯაჭვით ხელფეხშეკრულ მდგომარეობაში 25–მეტრიანი დისტანცია 21.76 წამში დაფარა და მეორე რეკორდი დაამყარა.

10 July 2014

გერმანია – ბრაზილიის ნახევარფინალში გინესის სამი რეკორდი დაფიქსირდა

8 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრაში გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა მასპინძელი ბრაზილიის გუნდი ანგარიშით 7:1 დაამარცხა. ეს მოვლენა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა იმ გარემოებამ, რომ მატჩის განმავლობაში სამი მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდა: ფეხბურთელის მიერ ფიფას მსოფლიო თასზე გატანილი ყველაზე მეტი გოლი, ფინალურ შეხვედრებში ყველაზე მეტჯერ მონაწილე გუნდი და გუნდის მიერ ჩემპიონატების მანძილზე გატანილი ყველაზე მეტი გოლი.

თამაშის დაწყებიდან 23–ე წუთზე გერმანიის ნაკრების ფორვარდმა მიროსლავ კლოზემ მოწინააღმდეგის კარში გოლი გაიტანა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატების მატჩებში მის მიერ გატანილი რიგით მე–16 გოლი აღმოჩნდა. ამ შედეგით 36 წლის კლოზე მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და გინესის რეკორდსმენის ტიტულიც ჩამოართვა 15 გოლის ავტორ ბრაზილიელ რონალდოს, რომელიც ამავე დროს მატჩის ტელეკომენტატორი იყო.

იხილეთ კლოზეს მიერ ფიფას მსოფლიო თასზე გატანილი გოლების ვიდეოკრებული:



მიროსლავ კლოზეს ინდივიდუალური შედეგის გარდა, გინესმა გერმანიის ნაკრებს კიდევ ორ, გუნდურ კატეგორიაში მიანიჭა რეკორდსმენის წოდება:

აღმოჩნდა, რომ ფიფას მსოფლიო თასის ისტორიაში, გერმანიის ნაკრებმა ყველაზე მეტჯერ მოახერხა ჩემპიონატის ფინალში მოხვედრა. 1954–დან 2014 წლის ჩათვლით გერმანელების ანგარიშზე 8 ფინალური მატჩია. მათ ერთი მატჩის რაოდენობით აჯობეს ბრაზილიის ნაკრებს.

გერმანელებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს გოლების რაოდენობითაც: 1934 წლიდან დღემდე ფიფას თასის მატჩებზე მათ მოწინააღმდეგეთა კარში სულ 223 ბურთი აქვთ გატანილი. მანამდე ეს რეკორდიც ბრაზილიის ნაკრებს ეკუთვნოდა, 220 გატანილი გოლით.

მასალა მომზადებულია „გინესის მსოფლიო რეკორდების“ მიხედვით
ფოტო: Reuters

04 July 2014

18 წლის მოზარდმა საცურაო ფარფლებით სირბილში რეკორდი მოხსნა

1 ივლისს აშშ–ს ქალაქ ბრანსვიკში 18 წლის მოზარდმა ზაკ მილერმა უცნაური რეკორდი დაამყარა: 1 მილი (1.6 კმ) მანძილი უსწრაფეს დროში – 5 წუთსა და 48 წამში დაფარა. რეკორდის სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ სირბილის დროს მილერი სპორტული ფეხსაცმლის ნაცვლად საცურაო ფარფლებს იყენებდა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე საუკეთესო შედეგი ასევე ამერიკელ რეკორდსმენს – აშრიტა ფარმენს ეკუთვნოდა, რომელმაც 2010 წელს საცურაო ფარფლებით 1 მილი 7 წუთსა და 56 წამში გაირბინა. ფარმენი ჯერ კიდევ ინარჩუნებს მსოფლიო რეკორდსმენის ტიტულს, სანამ გინესის მსაჯები განიხილავენ და ოფიციალურად დაადასტურებენ ზაკ მილერის მიღწევას.

ჟურნალისტებთან საუბარში მილერმა აღნიშნა, რომ საცურაო ფარფლები მას სულ ოთხჯერ ეცვა და მათ შორის საუკეთესო შედეგი სარეკორდო მცდელობის დროს აჩვენა. ფარფლების სიგრძე 21 ინჩი (53 სანტიმეტრი) იყო. გინესის მსოფლიო რეკორდების წესების თანახმად, ფარფლების ზომა რეკორდსმენის ფეხის ზომას მინიმუმ ორჯერ უნდა აჭარბებდეს.

ზაკ მილერის განცხადებით, ახალი რეკორდის დამყარება მის სამომავლო გეგმებში არ შედის. იგი სწავლის გაგრძელებასა და მუშაობას აპირებს.



მომზადებულია Bangordaylinews.com–ის მიხედვით

ამ თემაზე:

არმიის კაპიტანი რეკორდის დასამყარებლად ემზადება