10 July 2014

გერმანია – ბრაზილიის ნახევარფინალში გინესის სამი რეკორდი დაფიქსირდა

8 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრაში გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა მასპინძელი ბრაზილიის გუნდი ანგარიშით 7:1 დაამარცხა. ეს მოვლენა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა იმ გარემოებამ, რომ მატჩის განმავლობაში სამი მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდა: ფეხბურთელის მიერ ფიფას მსოფლიო თასზე გატანილი ყველაზე მეტი გოლი, ფინალურ შეხვედრებში ყველაზე მეტჯერ მონაწილე გუნდი და გუნდის მიერ ჩემპიონატების მანძილზე გატანილი ყველაზე მეტი გოლი.

თამაშის დაწყებიდან 23–ე წუთზე გერმანიის ნაკრების ფორვარდმა მიროსლავ კლოზემ მოწინააღმდეგის კარში გოლი გაიტანა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატების მატჩებში მის მიერ გატანილი რიგით მე–16 გოლი აღმოჩნდა. ამ შედეგით 36 წლის კლოზე მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და გინესის რეკორდსმენის ტიტულიც ჩამოართვა 15 გოლის ავტორ ბრაზილიელ რონალდოს, რომელიც ამავე დროს მატჩის ტელეკომენტატორი იყო.

იხილეთ კლოზეს მიერ ფიფას მსოფლიო თასზე გატანილი გოლების ვიდეოკრებული:



მიროსლავ კლოზეს ინდივიდუალური შედეგის გარდა, გინესმა გერმანიის ნაკრებს კიდევ ორ, გუნდურ კატეგორიაში მიანიჭა რეკორდსმენის წოდება:

აღმოჩნდა, რომ ფიფას მსოფლიო თასის ისტორიაში, გერმანიის ნაკრებმა ყველაზე მეტჯერ მოახერხა ჩემპიონატის ფინალში მოხვედრა. 1954–დან 2014 წლის ჩათვლით გერმანელების ანგარიშზე 8 ფინალური მატჩია. მათ ერთი მატჩის რაოდენობით აჯობეს ბრაზილიის ნაკრებს.

გერმანელებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს გოლების რაოდენობითაც: 1934 წლიდან დღემდე ფიფას თასის მატჩებზე მათ მოწინააღმდეგეთა კარში სულ 223 ბურთი აქვთ გატანილი. მანამდე ეს რეკორდიც ბრაზილიის ნაკრებს ეკუთვნოდა, 220 გატანილი გოლით.

მასალა მომზადებულია „გინესის მსოფლიო რეკორდების“ მიხედვით
ფოტო: Reuters
loading...