25 July 2014

ჯუმბერ ლეჟავა გარდაიცვალა

დღეს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი რეკორდსმენი და ველომოგზაური ჯუმბერ ლეჟავა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულთან დაკავშირებული პრობლემა გახდა.

ჯუმბერ ლეჟავა პირველი ქართველი გინესის რეკორდსმენია. 1990–92 წლებში მან ექვსი მსოფლიო რეკორდი დაამყარა აზიდვებსა და მუცლის პრესის ვარჯიშში: 4 447 აზიდვა ერთ საათში, 16 274 – ხუთ საათში, 34 955 – თორმეტ საათში, 43 028 – ოცდაოთხ საათში და 2 806 მუცლის პრესი ერთ საათში.

1993–2003 წლებში ველოსიპედით იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო: ეწვია 230–ზე მეტ ქვეყანას. საერთო ჯამში, გაიარა დაახლოებით 500 000 კილომეტრი. აქედან 264 000 ველოსიპედით, დანარჩენი კი საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტით.

1993 წელს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიენიჭა „მოგზაური დიპლომატის“ სტატუსი, 1999 წელს „იუნესკომ“ მიანიჭა  „მსოფლიო სპორტსმენის“ დიპლომი, 2002 წელს დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის სახელობის I ხარისხის ორდენით. მიმდინარე წლის 23 ივლისს, 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა „სპორტის რაინდის“ წოდება მიანიჭა.

საქართველოს რეკორდების ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ჯუმბერ ლეჟავას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და სპორტულ საზოგადოებას.
loading...