04 July 2014

18 წლის მოზარდმა საცურაო ფარფლებით სირბილში რეკორდი მოხსნა

1 ივლისს აშშ–ს ქალაქ ბრანსვიკში 18 წლის მოზარდმა ზაკ მილერმა უცნაური რეკორდი დაამყარა: 1 მილი (1.6 კმ) მანძილი უსწრაფეს დროში – 5 წუთსა და 48 წამში დაფარა. რეკორდის სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ სირბილის დროს მილერი სპორტული ფეხსაცმლის ნაცვლად საცურაო ფარფლებს იყენებდა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე საუკეთესო შედეგი ასევე ამერიკელ რეკორდსმენს – აშრიტა ფარმენს ეკუთვნოდა, რომელმაც 2010 წელს საცურაო ფარფლებით 1 მილი 7 წუთსა და 56 წამში გაირბინა. ფარმენი ჯერ კიდევ ინარჩუნებს მსოფლიო რეკორდსმენის ტიტულს, სანამ გინესის მსაჯები განიხილავენ და ოფიციალურად დაადასტურებენ ზაკ მილერის მიღწევას.

ჟურნალისტებთან საუბარში მილერმა აღნიშნა, რომ საცურაო ფარფლები მას სულ ოთხჯერ ეცვა და მათ შორის საუკეთესო შედეგი სარეკორდო მცდელობის დროს აჩვენა. ფარფლების სიგრძე 21 ინჩი (53 სანტიმეტრი) იყო. გინესის მსოფლიო რეკორდების წესების თანახმად, ფარფლების ზომა რეკორდსმენის ფეხის ზომას მინიმუმ ორჯერ უნდა აჭარბებდეს.

ზაკ მილერის განცხადებით, ახალი რეკორდის დამყარება მის სამომავლო გეგმებში არ შედის. იგი სწავლის გაგრძელებასა და მუშაობას აპირებს.



მომზადებულია Bangordaylinews.com–ის მიხედვით

ამ თემაზე:

არმიის კაპიტანი რეკორდის დასამყარებლად ემზადება
loading...