20 July 2014

„შერლოკ ჰოლმსის რეკორდი“ აღიარების მოლოდინშია

გუშინ, დიდ ბრიტანეთში შერლოკ ჰოლმსის ფორმაში გამოწყობილი ასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ღონისძიება გინესის რეკორდის დასამყარებლად ჩატარდა და ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟის მსგავსად ჩაცმული ადამიანების ყველაზე მასშტაბურ შეკრებას ისახავდა მიზნად.

შეკრება ლონდონის უნივერსიტეტში შედგა და მასში 113–მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, წარმატებით დამყარდა თუ არა გინესის რეკორდი. აღსანიშნავია, რომ ასეთი ღონისძიება მანამდე არასოდეს ჩატარებულა.

ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა; შემოსული თანხა დეტექტივის ავტორის, ართურ კონან დოილის სახლის რესტავრაციას მოხმარდება, რომელიც ამჟამად ავარიულ მდგომარეობაშია და მის აღდგენას დაახლოებით 2.6 მილიონი გირვანქა სტერლინგი ესაჭიროება.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეროვნული ლიტერატურის მიმართ ცნობიერების ამაღლება და კონან დოილის სახლის აღდგენაში საკუთარი წვლილის შეტანა“ – განაცხადა შერლოკ ჰოლმსის საზოგადოების წევრმა, როჯერ ჯონსმა.

გუშინდელი სარეკორდო ღონისძიება ინგლისელი მსახიობის – ბენედიქტ კამბერბრეტჩის იუბილეს დაემთხვა. კამბერბრეტჩი მთავარ როლს ასრულებს სერიალში „შერლოკი“, რომლის მეოთხე სერია 2015 წელს გამოვა ტელეეკრანებზე.

მომზადებულია BBC NEWS–ის მიხედვით
loading...