ჩხოროწყუში ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მეორე რეკორდი დაამყარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა მხატვარმა ვახტანგ აბაშიძემ მორიგი რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა იოსებ ხუციშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა

24 August 2014

ხატვის მარათონული რეკორდი წარმატებით დამყარდა

ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში გამართული სამხატვრო-სარეკორდო მარათონი, რომელიც გინესის რეკორდის მოხსნას ისახავდა მიზნად, წარმატებით დასრულდა. ავსტრალიელმა მხატვარმა კრის ვილსონმა კარიკატურების ხატვაში 2 დღეზე მეტი გაატარა, შესრულებული კარიკატურების რაოდენობამ კი 500–ს გადააჭარბა.

იმპროვიზებული სამხატვრო სახელოსნო კანბერას საავადმყოფოს ფოიეში იყო მოწყობილი. კრის ვილსონმა კარიკატურების ხატვა სამშაბათს დაიწყო და ხუთშაბათს დილით 10:01 საათზე დასრულდა. საერთო ჯამში, მარათონი 50 საათს გაგრძელდა და წინა რეკორდს 2 საათით გადააჭარბა. ღონისძიებას გინესის მსოფლიო რეკორდების მსაჯი ესწრებოდა, რომელმაც ადგილზე დაადასტურა მიღწევა.

მხატვრის განცხადებით, მიზნის მიღწევა გაცილებით რთული გამოდგა, ვიდრე მოელოდა: „დასაწყისში დარწმუნებული ვიყავი ჩემს შესაძლებლობებში, თუმცა შემდეგ საკმაოდ გამიჭირდა კონცენტრირება“ – განაცხადა მან.

რეკორდის დამყარების პარალელურად, კრის ვილსონი საქველმოქმედო კამპანიას ეწეოდა და კარიკატურების მსურველებს საავადმყოფოს ფონდში ნებაყოფლობით თანხის გადარიცხვას სთხოვდა, თუმცა შეგროვებული თანხის ოდენობა უცნობია.

გინესის მსოფლიო რეკორდების თანახმად, წინა რეკორდი პუერტო–რიკოელ მხატვარ გარი ხავიერს ეკუთვნოდა. მან 48 საათის განმავლობაში (2010 წლის 16–18 დეკემბერს) 635 კარიკატურა დახატა.

მასალა მომზადებულია Yahoo–ს მიხედვით

ამ თემაზე:

20 August 2014

111 წლის იაპონელი მსოფლიოს უხუცესი მცხოვრები მამაკაცია (ვიდეო)

გინესის მსოფლიო რეკორდებმა ოფიციალურად დაადასტურა სიცოცხლის ხანგრძლივობის ახალი რეკორდი: პლანეტის უხუცესი მცხოვრები მამაკაცი ამჯერად იაპონელი საკარი მომოი გახდა, რომლის ზუსტი ასაკი 111 წელიწადი და 196 დღეა. მისი წინამორბედი ამერიკელი ალექსანდერ იმიჩი იყო, რომელმაც 111 წელიწადი და 124 დღე იცოცხლა და 8 ივნისს გარდაიცვალა.

მომოის ასაკის დადასტურება დაბადების მოწმობისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე გახდა შესაძლებელი. გინესის მსოფლიო რეკორდების წარმომადგენელი იაპონიაში – ერიკა ოგავა გუშინ პირადად ესტუმრა უხუცეს მამაკაცს და სერტიფიკატი გადასცა. იხილეთ Associated Press–ის ვიდეო:



საკარი მიმოი ზუსტად ერთი დღით უმცროსია ალექსანდერ იმიჩზე. იგი ფუკუშიმას პრეფექტურაში მდებარე ქალაქ სომაში, 1903 წლის 5 თებერვალს დაიბადა. 1928 წელს დაქორწინდა და 5 შვილი შეეძინა. მსოფლიოს უხუცესი მამაკაცი ამჟამად ტოკიოს საავადმყოფოში ცხოვრობს. უყვარს კითხვა, განსაკუთრებით კი ჩინური პოეზია იტაცებს. მისი ოჯახი მოხარულია რეკორდსმენის ტიტულის მინიჭებით, თუმცა მამისთვის მშვიდი გარემოს შენარჩუნებას ითხოვს.

საკარი მომოი მის მიერ შესრულებულ ნახატთან ერთად
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უხუცესი მცხოვრები ადამიანიც (სქესის განურჩევლად) იაპონელია. ქალბატონმა მისაო ოკავამ 116–ე დაბადების დღე 5 მარტს აღნიშნა. კიდევ უფრო საინტერესოა ის გარემოება, რომ რეკორდსმენის ტიტული მან ასევე იაპონელი ხიროემონ კიმურასგან გადაიბარა. გინესის მსოფლიო რეკორდების მონაცემებით, იაპონიაში 100 წელს გადაცილებული 51376 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა შორის მდედრობითი სქესის 44842 წარმომადგენელია.

პლანეტის უხუცესი მცხოვრები ადამიანი მისაო ოკავა
ექსპერტების აზრით, ის ფაქტი, რომ უხუცესი ადამიანების უმეტესობა იაპონიაში ცხოვრობს, შემთხვევითი არაა. ამის მიზეზად მეცნიერთა ერთი ნაწილი სრულყოფილ ჯანდაცვის სისტემას, აქტიურ ჯანსაღი ცხოვრების წესსა და კვების ნორმებს ასახელებს, მეორე ნაწილის ვარაუდით კი იმ ადამიანებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს საშუალო ასაკში იყვნენ და ომისგან გამოწვეული საკვების დეფიციტს წლების განმავლობაში განიცდიდნენ, შემდგომში სხვებზე უკეთესი სიცოცხლის უნარი განუვითარდათ.

„აბსოლუტური რეკორდსმენი“ ჟანი კალმენტი
გინესის მსოფლიო რეკორდების თანახმად, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის „აბსოლუტური რეკორდი“ ფრანგ ქალბატონ ჟანი კალმენტს ეკუთვნის. რომელმაც ზუსტად 122 წელიწადი და  164 დღე იცოცხლა. კალმენტი 1997 წლის 4 აგვისტოს გარდაიცვალა.

მასალა მომზადებულია გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით

ამ თემაზე:





ავსტრალიელი მხატვარი გინესის რეკორდს ამყარებს

ავსტრიის დედაქალაქ კანბერაში ამჟამად სამხატვრო–სარეკორდო მარათონი მიმდინარეობს. გინესის წიგნში მოსახვედრად მხატვარმა კრის ვილსონმა 50 საათის განმავლობაში შეუჩერებლად უნდა ხატოს კარიკატურები. მარათონი გუშინ დაიწყო და წარმატების შემთხვევაში ხუთშაბათს დილით უნდა დასრულდეს.

რეკორდის დამყარების პარალელურად ვილსონი ქველმოქმედებასაც ეწევა; მან იმპროვიზირებული სახელოსნო კანბერას საავადმყოფოს ფოიეში მოიწყო და კარიკატურების გაყიდვით მიღებული თანხის გადარიცხვას ამავე საავადმყოფოს ფონდში გეგმავს.

“ეს ყველას წარმატება იქნება, რადგან თანხა საავადმყოფოს მოხმარდება. გარდა ამისა, ყველა მიიღებს სამახსოვრო კარიკატურას, მე კი ვიმედოვნებ რომ რეკორდს დავამყარებ“ – აცხადებს ვილსონი.

გინესის წიგნის წესების თანახმად, მხატვარს ყოველ საათში 5–წუთიანი შესვენების გამოყენება შეუძლია. ჯერჯერობით, მოქმედი რეკორდი პუერტო–რიკოს მცხოვრებ გარი ხავიერს ეკუთვნის: 2010 წელს მან 48 საათში 635 კარიკატურა დახატა.

მასალა მომზადებულია Yahoo–ს მიხედვით

ამ თემაზე:

“ვატო აბაშიძე – ახალი პოტენციური რეკორდსმენი (ვიდეო)“

19 August 2014

ირანში რადიოგადაცემის ხანგრძლივობის რეკორდი დამყარდა

ირანულ ონლაინ–რადიო Radiomade.ie–ში ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პირდაპირი ეთერი მოეწყო. გადაცემა–მარათონი 63 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. რეკორდის დამყარებასთან ერთად რადიოს მესვეურები მიზანი საქველმოქმედო თანხის მოძიება იყო.

მარათონი პარასკევს დილით 9 საათზე დაიწყო და კვირას ღამით დასრულდა. გადაცემას ადგილობრივი დიჯეები უძღვებოდნენ. პერიოდულად, პირდაპირ ეთერში სტუმრები ერთვებოდნენ.

„საკმაოდ კარგი საუბარი გამოგვივიდა. თითოეული თემაზე ერთი საათი გვქონდა გამოყოფილი. ბიჭებს საშუალება ჰქონდათ თვითონ აერჩიათ სასურველი თემა. ჩვენ ვსაუბრობდით ყველაფერზე, რელიგიიდან დაწყებული, მუსიკითა და პოლიტიკით დამთავრებული.“ – განაცხადა ირანულ ინტერნეტ–გამოცემა TheJournal.ie–თან ინტერვიუში ერთ–ერთმა ორგანიზატორმა დენ მერფიმ და აღნიშნა, რომ გადაცემის წაყვანა ძალიან დამღლელი და შრომატევადი აღმოჩნდა, თუმცა შედეგით აღფრთოვანებულია.

საბოლოო ჯამში, ირანელებმა 6–საათიანი სხვაობით გააუმჯობესეს წინა რეკორდი, რომელიც აქამდე ამერიკელ დიჯეებს ეკუთვნოდათ; მათ 2011 წლის 1–3 დეკემბერს კენტუკის შტატში WZAQ 92.3 WAY FM–ის ტალღაზე 57–საათიანი უწყვეტი გადაცემა წაიყვანეს.

მასალა მომზადებულია TheJournal.ie–ს მიხედვით

17 August 2014

38 მილიონ დოლარად გაყიდულმა „ფერარიმ“ ავტოაუქციონის რეკორდი მოხსნა

ხუთშაბათს, კალიფორნიაში გამართულ ბონჰემის აუქციონზე 1962 წელს გამოშვებული ფერარის მარკის სარბოლო ავტომობილი – Ferrari 250 GTO Berlinetta რეკორდულ ფასად – 38.1 მილიონ დოლარად გაიყიდა. ახალი მფლობელის ვინაობა უცნობია.

ამ დრომდე აუქციონზე გაყიდულ ავტომობილებს შორის უძვირფასესად 1945 წელს გამოშვებული მერსედეს–ბენცი ითვლებოდა, რომელშიც შარშან 30 მილიონი დოლარი გადაიხადეს. აუქციონის გამართვამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ლოტის ფასს 70 მილიონამდე მიეღწია, თუმცა ორგანიზატორებმა ამ ფაქტს სპეკულაცია უწოდეს.


„ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ მოსალოდნელი იყო არსებული რეკორდის გაუმჯობესება 30–დან 40 მილიონამდე ლოტის ფარგლებში. დღეს GTO–მ მოლოდინი გაამართლა“ – განაცხადა ბონჰემის აუქციონის თავმჯდომარე რობერტ ბრუკსმა.

ძვირადღირებული ფერარის ისტორია ტრაგიკულ შემთხვევას უკავშირდება: 1962 წელს სწორედ ამ ავტომობილით მოყვა ავარიაში ფრანგი მოთხილამურე და ოლიმპიური ჩემპიონი ჰენრი ორეილერი, რომელიც მიღებული ტრავმებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ავარია სამხრეთით მდებარე მონტლერის ავტოდრომზე მოხდა. მაშინდელი საგაზეთო ცნობებით ირკვევა, რომ სწრაფად მოძრავ ფერარის საბურავი გაუსკდა და ორჯერ გადატრიალდა.


ავარიის შემდეგ ავტომობილი გაარემონტეს და შემდეგი საშეჯიბრო სეზონისათვის პაოლო კოლომბოს გადაეცა. 1965 წელს „ბერლინეტა“ მდიდარი იტალიური ოჯახის წევრმა, ფაბრიციო ვიოლატიმ შეიძინა. „მე მას ჯართის გროვაში ვმალავდი, რომ მშობლებს არ დაენახათ და მხოლოდ ღამით გამოვდიოდი ქუჩაში ამ მანქანით – იხსენებდა მოგვიანებით ვიოლატი. მას შემდეგ 45 წლის განმავლობაში წითელი ფერარი ვიოლატების ოჯახის საკუთრებაში იყო და სიცოცხლის ბოლომდე ფაბრიციოს რეგულარულად გამოჰყავდა კლასიკურ და სარბოლო ღონისძიებებზე.

მასალა მომზადებულია „The Guardian“–ი მიხედვით

ამ თემაზე:







11 August 2014

გიორგი მათურელმა აზიდვებში ახალი რეკორდი დაამყარა

სამგზის მსოფლიო რეკორდსმენმა გიორგი მათურელმა მორიგი რეკორდი დაამყარა: მან 40–კილოგრამიანი ტვირთით ერთი წუთის განმავლობაში ორივე ხელის მუშტზე 32 აზიდვა შეასრულა. ასპარეზობა 10 აგვისტოს, დაბა თიანეთში, სახალხო დღესასწაულ „თიანეთობა 2014“–ის ფარგლებში ჩატარდა.

თიანელი სპორტსმენის რეკორდი დამსწრე საზოგადოების აქტიური გულშემატკივრობის თანხლებით წარიმართა. მათურელმა შეუჩერებლად 27 აზიდვა შეასრულა, რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ კი დამატებით 5 აზიდვის შესრულება მოახერხა. შედეგი ადგილზე დააფიქსირეს საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლებმა.


„საკმაოდ რთული რეკორდი იყო. აზიდვების შესრულება 40–კილოგრამიანი  ტვირთით, ბეტონის იატაკზე მიწევდა, თუმცა კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით“–განაცხადა გიორგი მათურელმა.

ფედერაციის პრეზიდენტის – დავით ბეგიაშვილის განცხადებით, გიორგი მათურელის შედეგი მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო იყო: „დღევანდელ ღონისძიებაზე დაფიქსირებულ შედეგს უახლოეს მომავალში საერთაშორისო ორგანიზაციებს გადავუგზავნით. გიორგი კვლავ აგრძელებს ვარჯიშს ახალი რეკორდების დასამყარებლად და ჩვენ აქტიურად დავუჭერთ მხარს სამომავლო გეგმების განხორციელებაში“.

27 წლის გიორგი მათურელს წარსულში სამი მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული. პირველად, ცალი ხელის მუშტზე ზედიზედ 45 აზიდვა შეასრულა, შემდეგ 19–კილოგრამიანი ტვირთით ერთ  წუთში – 59, მიმდინარე წლის 26 მარტს კი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში გამართულ „აზიდვების შეჯიბრზე“, 31–კილოგრამიანი ზურგჩანთით 48 აზიდვა გააკეთა და პირველი ადგილი დაიკავა.



ამ თემაზე:



04 August 2014

თემურ დადიანმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

22 წლის ქართველმა სამხედრო მოსამსახურე თემურ დადიანმა, რომელმაც ავღანეთში ნაღმზე აფეთქების დროს ორივე ქვედა კიდური დაკარგა, მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან  38.25 წამში 36 .. „ამპუტირებული აზიდვაშეასრულა, რითაც გინესის მიერ დაწესებულ მინიმუმს სამჯერ გადააჭარბა.

სარეკორდო ღონისძიება ნაღმზე აფეთქებდან ზუსტად სამი წლის შემდეგ, 3 აგვისტოს, თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. აზიდვების შესრულების დროს თემური მხოლოდ ხელისგულებს ეყრდნობოდა, სხეულის დანარჩენ ნაწილს კი იატაკის პარალელურად, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ინარჩუნებდა. ეს მოძრაობა ტანვარჯიშის ერთერთი ცნობილი ელემენტის – „ფლენჩის“ (Planche) სახესხვაობაა. მსოფლიო მასშტაბით ცნობილია ამ ელემენტის შესრულების რამდენიმე შემთხვევა, თუმცა მსგავსი რეკორდი არასოდეს დამყარებულა.


რა თქმა უნდა, ადვილი არ იყო, დაახლოებით 2 წელი ვემზადებოდი ამ რეკორდისთვის და მიხარია, რომ შედეგს მივაღწიე“ – განუცხადა ჟურნალისტებს თემურ დადიანმა.

სარეკორდო ასპარეზობას საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. მათ ადგილზე დააფიქსირეს მსოფლიო რეკორდის დამყარება და დადიანს ფედერაციის სერტიფიკატი გადასცეს.

ეს რეკორდი უპრეცედენტო იყო მსოფლიო მასშტაბით, მსგავსი რეკორდი აქამდე არ დამყარებულა. თემომ წარმატებით გადააჭარბა გინესის მსოფლიო რეკორდების მიერ დაწესებულ მინიმუმს. ზუსტად 3 წლის წინ, ავღანეთში მსახურობის დროს, ნაღმზე აფეთქების შემდეგ დაკარგა ორივე ქვედა კიდური და მარჯვენა ხელის ნეკა თითი. დღეს კი დაამტკიცა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“ – განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ბეგიაშვილმა.


ღონისძიებას დაესწრო და სამხედრო მოსამსახურეს წარმატება მიულოცა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. მოგვიანებით თემურ დადიანის მიღწევას საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურნენ. ქვეყნის პირველი პირის მილოცვა Facebook–ის ოფიციალურ გვერდზე გუშინ საღამოს გამოქვეყნდა:

ბატონო თემურ, გულითადად გილოცავთ მსოფლიო რეკორდის დამყარებას. თქვენს ამ მიღწევას დიდი საზოგადოებრივი და ეთიკური მნიშვნელობა აქვს. თქვენ არა მხოლოდ ერთგულად ემსახურებით საქართველოს მოქალაქეთა მშვიდობასა და უსაფრთხოებას, არამედ წარმოუდგენელი ძალისხმევით, შეუძლებლის შეძლებისაკენ სწრაფვით ამტკიცებთ, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვსრომ მონდომებასთავდადებასა და დაუღალავ შრომას სასწაულის მოხდენა შეუძლიათქვენი მაგალითი შთააგონებს და რწმენით აღავსებს თქვენს თანამებრძოლებსახალგაზრდებსთითოეულ ჩვენგანს.

კვლავ მრავალ წარმატებასჯანმრთელობასა და ბედნიერებას გისურვებთ.

პატივისცემით,
გიორგი მარგველაშვილი


მინდა ქართველ სამხედროს მსოფლიო რეკორდის დამყარება მივულოცო. კაპრალმა თემურ დადიანმა შეძლო ის, რაც აქამდე მსოფლიო მასშტაბით ვერავინ მოახერხა. ქართველმა სამხედრომ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სულის სიძლიერე დაუმარცხებელია და ქართული შეიარაღბული ძალებისთვის შეუსრულებელი და დაუძლეველი მისია არ არსებობს. თემურ დადიანმა დღევანდელი რეკორდით მაგალითი და სტიმული მისცა იმ სამხედრო მოსამსახურეებს, ვინც საკუთარი ჯანმრთელობა სამშობლოს სიყვარულს შესწირეს.

მეამაყება, რომ ქართველი სამხედრო მოსამსახურე ამ წარმატებით არ კმაყოფილდება და სხვა რეკორდების დასამყარებლად ემზადება. მინდა მას წარმატებები და სულიერი სიმტკიცე ვუსურვო“ – ნათქვამია თავდაცვის მინისტრისირაკლი ალასანიას განცხადებაში.

თემურ დადიანი 2011 წლის აპრილში, ISAF–ის მისიის ფარგლებში, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში გაემგზავრა, იმავე წლის 3 აგვისტოს კი პატრულირების დროს ნაღმზე აფეთქდა და ორივე ფეხი და მარჯვენა ხელის ნეკა თითი დაკარგა. ამჟამად მსახურობს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში. გარდა ამისა, აქტიურად აგრძელებს ვარჯიშს და სისტემატურად მონაწილეობს სპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირებში.