20 August 2014

111 წლის იაპონელი მსოფლიოს უხუცესი მცხოვრები მამაკაცია (ვიდეო)

გინესის მსოფლიო რეკორდებმა ოფიციალურად დაადასტურა სიცოცხლის ხანგრძლივობის ახალი რეკორდი: პლანეტის უხუცესი მცხოვრები მამაკაცი ამჯერად იაპონელი საკარი მომოი გახდა, რომლის ზუსტი ასაკი 111 წელიწადი და 196 დღეა. მისი წინამორბედი ამერიკელი ალექსანდერ იმიჩი იყო, რომელმაც 111 წელიწადი და 124 დღე იცოცხლა და 8 ივნისს გარდაიცვალა.

მომოის ასაკის დადასტურება დაბადების მოწმობისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე გახდა შესაძლებელი. გინესის მსოფლიო რეკორდების წარმომადგენელი იაპონიაში – ერიკა ოგავა გუშინ პირადად ესტუმრა უხუცეს მამაკაცს და სერტიფიკატი გადასცა. იხილეთ Associated Press–ის ვიდეო:



საკარი მიმოი ზუსტად ერთი დღით უმცროსია ალექსანდერ იმიჩზე. იგი ფუკუშიმას პრეფექტურაში მდებარე ქალაქ სომაში, 1903 წლის 5 თებერვალს დაიბადა. 1928 წელს დაქორწინდა და 5 შვილი შეეძინა. მსოფლიოს უხუცესი მამაკაცი ამჟამად ტოკიოს საავადმყოფოში ცხოვრობს. უყვარს კითხვა, განსაკუთრებით კი ჩინური პოეზია იტაცებს. მისი ოჯახი მოხარულია რეკორდსმენის ტიტულის მინიჭებით, თუმცა მამისთვის მშვიდი გარემოს შენარჩუნებას ითხოვს.

საკარი მომოი მის მიერ შესრულებულ ნახატთან ერთად
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უხუცესი მცხოვრები ადამიანიც (სქესის განურჩევლად) იაპონელია. ქალბატონმა მისაო ოკავამ 116–ე დაბადების დღე 5 მარტს აღნიშნა. კიდევ უფრო საინტერესოა ის გარემოება, რომ რეკორდსმენის ტიტული მან ასევე იაპონელი ხიროემონ კიმურასგან გადაიბარა. გინესის მსოფლიო რეკორდების მონაცემებით, იაპონიაში 100 წელს გადაცილებული 51376 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა შორის მდედრობითი სქესის 44842 წარმომადგენელია.

პლანეტის უხუცესი მცხოვრები ადამიანი მისაო ოკავა
ექსპერტების აზრით, ის ფაქტი, რომ უხუცესი ადამიანების უმეტესობა იაპონიაში ცხოვრობს, შემთხვევითი არაა. ამის მიზეზად მეცნიერთა ერთი ნაწილი სრულყოფილ ჯანდაცვის სისტემას, აქტიურ ჯანსაღი ცხოვრების წესსა და კვების ნორმებს ასახელებს, მეორე ნაწილის ვარაუდით კი იმ ადამიანებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს საშუალო ასაკში იყვნენ და ომისგან გამოწვეული საკვების დეფიციტს წლების განმავლობაში განიცდიდნენ, შემდგომში სხვებზე უკეთესი სიცოცხლის უნარი განუვითარდათ.

„აბსოლუტური რეკორდსმენი“ ჟანი კალმენტი
გინესის მსოფლიო რეკორდების თანახმად, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის „აბსოლუტური რეკორდი“ ფრანგ ქალბატონ ჟანი კალმენტს ეკუთვნის. რომელმაც ზუსტად 122 წელიწადი და  164 დღე იცოცხლა. კალმენტი 1997 წლის 4 აგვისტოს გარდაიცვალა.

მასალა მომზადებულია გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით

ამ თემაზე:





loading...