17 August 2014

38 მილიონ დოლარად გაყიდულმა „ფერარიმ“ ავტოაუქციონის რეკორდი მოხსნა

ხუთშაბათს, კალიფორნიაში გამართულ ბონჰემის აუქციონზე 1962 წელს გამოშვებული ფერარის მარკის სარბოლო ავტომობილი – Ferrari 250 GTO Berlinetta რეკორდულ ფასად – 38.1 მილიონ დოლარად გაიყიდა. ახალი მფლობელის ვინაობა უცნობია.

ამ დრომდე აუქციონზე გაყიდულ ავტომობილებს შორის უძვირფასესად 1945 წელს გამოშვებული მერსედეს–ბენცი ითვლებოდა, რომელშიც შარშან 30 მილიონი დოლარი გადაიხადეს. აუქციონის გამართვამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ლოტის ფასს 70 მილიონამდე მიეღწია, თუმცა ორგანიზატორებმა ამ ფაქტს სპეკულაცია უწოდეს.


„ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ მოსალოდნელი იყო არსებული რეკორდის გაუმჯობესება 30–დან 40 მილიონამდე ლოტის ფარგლებში. დღეს GTO–მ მოლოდინი გაამართლა“ – განაცხადა ბონჰემის აუქციონის თავმჯდომარე რობერტ ბრუკსმა.

ძვირადღირებული ფერარის ისტორია ტრაგიკულ შემთხვევას უკავშირდება: 1962 წელს სწორედ ამ ავტომობილით მოყვა ავარიაში ფრანგი მოთხილამურე და ოლიმპიური ჩემპიონი ჰენრი ორეილერი, რომელიც მიღებული ტრავმებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ავარია სამხრეთით მდებარე მონტლერის ავტოდრომზე მოხდა. მაშინდელი საგაზეთო ცნობებით ირკვევა, რომ სწრაფად მოძრავ ფერარის საბურავი გაუსკდა და ორჯერ გადატრიალდა.


ავარიის შემდეგ ავტომობილი გაარემონტეს და შემდეგი საშეჯიბრო სეზონისათვის პაოლო კოლომბოს გადაეცა. 1965 წელს „ბერლინეტა“ მდიდარი იტალიური ოჯახის წევრმა, ფაბრიციო ვიოლატიმ შეიძინა. „მე მას ჯართის გროვაში ვმალავდი, რომ მშობლებს არ დაენახათ და მხოლოდ ღამით გამოვდიოდი ქუჩაში ამ მანქანით – იხსენებდა მოგვიანებით ვიოლატი. მას შემდეგ 45 წლის განმავლობაში წითელი ფერარი ვიოლატების ოჯახის საკუთრებაში იყო და სიცოცხლის ბოლომდე ფაბრიციოს რეგულარულად გამოჰყავდა კლასიკურ და სარბოლო ღონისძიებებზე.

მასალა მომზადებულია „The Guardian“–ი მიხედვით

ამ თემაზე:







loading...