11 August 2014

გიორგი მათურელმა აზიდვებში ახალი რეკორდი დაამყარა

სამგზის მსოფლიო რეკორდსმენმა გიორგი მათურელმა მორიგი რეკორდი დაამყარა: მან 40–კილოგრამიანი ტვირთით ერთი წუთის განმავლობაში ორივე ხელის მუშტზე 32 აზიდვა შეასრულა. ასპარეზობა 10 აგვისტოს, დაბა თიანეთში, სახალხო დღესასწაულ „თიანეთობა 2014“–ის ფარგლებში ჩატარდა.

თიანელი სპორტსმენის რეკორდი დამსწრე საზოგადოების აქტიური გულშემატკივრობის თანხლებით წარიმართა. მათურელმა შეუჩერებლად 27 აზიდვა შეასრულა, რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ კი დამატებით 5 აზიდვის შესრულება მოახერხა. შედეგი ადგილზე დააფიქსირეს საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლებმა.


„საკმაოდ რთული რეკორდი იყო. აზიდვების შესრულება 40–კილოგრამიანი  ტვირთით, ბეტონის იატაკზე მიწევდა, თუმცა კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით“–განაცხადა გიორგი მათურელმა.

ფედერაციის პრეზიდენტის – დავით ბეგიაშვილის განცხადებით, გიორგი მათურელის შედეგი მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო იყო: „დღევანდელ ღონისძიებაზე დაფიქსირებულ შედეგს უახლოეს მომავალში საერთაშორისო ორგანიზაციებს გადავუგზავნით. გიორგი კვლავ აგრძელებს ვარჯიშს ახალი რეკორდების დასამყარებლად და ჩვენ აქტიურად დავუჭერთ მხარს სამომავლო გეგმების განხორციელებაში“.

27 წლის გიორგი მათურელს წარსულში სამი მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული. პირველად, ცალი ხელის მუშტზე ზედიზედ 45 აზიდვა შეასრულა, შემდეგ 19–კილოგრამიანი ტვირთით ერთ  წუთში – 59, მიმდინარე წლის 26 მარტს კი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში გამართულ „აზიდვების შეჯიბრზე“, 31–კილოგრამიანი ზურგჩანთით 48 აზიდვა გააკეთა და პირველი ადგილი დაიკავა.



ამ თემაზე:



loading...