20 September 2014

ეგვიპტელმა დაივერმა 332 მეტრ სიღრმეზე ჩაყვინთა

ხუთშაბათს, 18 სექტემბერს, ეგვიპტეში სკუბა დაივინგის ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა: ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ – 41 წლის აჰმედ გაბრმა წითელი ზღვის სიღრმეში 332.35 მეტრზე ჩაყვინთა. სარეკორდო სიღრმეზე ჩასვლას გაბრმა 12 წუთი მოანდომა, თუმცა ზედაპირზე უსაფრთხოდ დაბრუნებას დაახლოებით 15 საათი დასჭირდა.

IOL NEWS–ის ცნობით, აჰმედ გაბრი რეკორდის დასამყარებლად 4 წლის განმავლობაში ემზადებოდა. 41 წლის მამაკაცისთვის ეს ჩაყვინთვა სერიოზული რისკის შემცველი იყო, რადგან აღნიშნულ სიღრმეზე წყლის წნევა ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე 35 კილოგრამს აღწევს და ხელს უწყობს ე.წ. „აზოტის ნარკოზისა“ და „მაღალი წნევის ნევროლოგიური სინდრომის“ (HPNS) გამოწვევას. სწორედ ეს უკანასკნელი გახდა ყოფილი რეკორდსმენის, ამერიკელი შეკ ექსლეის სიკვდილის მიზეზი.

რეკორდსმენის ასისტენტების განცხადებით, აჰმედი რამდენიმე თვის განმავლობაში გეგმავდა ყოველ მოძრაობას. ვარჯიშის პერიოდში მას იოგას ოსტატებიც ეხმარებოდნენ, რომლებმაც სუნთქვისა და გულისცემის რიტმის მინიმუმადე დაყვანის ტექნიკა შეასწავლეს. უკიდურეს სიღრმეზე ჩასული მყვინთავისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა თვითკონტროლს – ზედაპირზე სწრაფი ამოსვლა მისთვის შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულებულიყო.


გინესის მსოფლიო რეკორდების მსაჯმა ტალალ ომარმა სააგენტო AFP–ს დაუდასტურა, რომ ეგვიპტელი დაივერის შედეგი უკვე დამტკიცებულია და აჰმედ გაბრს შესაბამისი სერტიფიკატიც გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიის რეკორდი ამ დრომდე სადავო იყო: 2005 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგმა დაივერმა პასკალ ბერნაბემ კორსიკის სანაპიროზე 330 მეტრ სიღრმეზე ჩაყვინთა. ეს მონაცემი მსოფლიოს წამყვანმა კლუბებმა და ექსპერტებმა აღიარეს, თუმცა გინესმა ბერნაბეს მიღწევა უარყო და მსოფლიო რეკორდად სამხრეთ აფრიკელი ნუნო გომესის რეზულტატი – 318.25 მეტრი გამოაცხადა. საბოლოოდ, გუშინდელმა შედეგმა წერტილი დაუსვა გაურკვევლობას, რეკორდსმენის ტიტული კი ეგვიპტელმა აჰმედ გაბრმა დაისაკუთრა.

მასალა მომზადებულია IOL NEWS–ის მიხედვით
loading...