15 September 2014

მსჯავრდებული კუკური სალბიშვილი ორი ახალი რეკორდის დამყარებას შეეცდება

ქართველი მსჯავრდებული, მსოფლიო რეკორდსმენი კუკური სალბიშვილი ორი ახალი რეკორდის დამყარებას შეეცდება. სარეკორდო ასპარეზობა ხვალ, 16 სექტემბერს, 14:00 საათზე ქსნის № 15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩატარდება, სადაც სალბიშვილი იხდის სასჯელს. ღონისძიებას საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.

კუკური სალბიშვილი საკუთარი რეკორდის მოხსნას და კიდევ ერთი, სრულიად ახალი კატეგორიის რეკორდის დამყარებას აპირებს – პირველ ჯერზე იგი შეეცდება, გააუმჯობესოს 2013 წელს დაფიქსირებული მისივე მიღწევა და ერთ თითზე შეუსვენებლად შეასრულოს 17–ზე მეტი აზიდვა. მეორე რეკორდი კი მიზნად ისახავს აზიდვების მაქსიმალური რაოდენობის შესრულებას იოგას ერთ–ერთ პოზაში – „ბაკასანა“, რომლის დროსაც ფეხები მოთავსებულია მხრებზე, სხეული კი მხოლოდ ხელებს ეყრდნობა. აღსანიშნავია, რომ ასეთი სახის რეკორდი დღემდე არ დამყარებულა.

24 წლის კუკური სალბიშვილი ერთადერთი ქართველი რეკორდსმენი პატიმარია. დამყარებული აქვს ორი მსოფლიო რეკორდი: 2013 წლის 29 მარტს მარჯვენა ხელის შუათითზე ზედიზედ 17 აზიდვა შეასრულა, იმავე წლის 20 სექტემბერს კი ორ თითზე (საჩვენებელ და ცერა თითებზე) ერთი წუთის განმავლობაში 49–ჯერ აიზიდა. ორივე რეკორდი ქსნის № 15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯების თანდასწრებით დამყარდა.

იხილეთ კუკური სალბიშვილის რეკორდების ვიდეომასალები:



loading...