16 September 2014

ქართველმა მსჯავრდებულმა ორი ახალი რეკორდი დაამყარა

მსჯავრდებულმა და რეკორდსმენმა კუკური სალბიშვილმა ორი ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ღონისძიება ქსნის №15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაიმართა, სადაც სალბიშვილი იხდის სასჯელს.

24 წლის სალბიშვილმა პირველი რეკორდი ციხის ეზოში, გულშემატკივრების თანდასწრებით დაამყარა. მან ზედიზედ 42 აზიდვა შეასრულა იოგას ერთ-ერთ პოზაში "ბაკასანა", რომლის დროსაც სხეულის წონასწორობა მხოლოდ ხელებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი. მსგავსი რეკორდი დღემდე არ დამყარებულა.


ამინდის გაუარესების გამო, შემდეგი ასპარეზობა სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართა. საკუთარი რეკორდის მოსახსნელად მსჯავრდებულს ერთ თითზე 17-ზე მეტი აზიდვა უნდა შეესრულებინა. სალბიშვილი მარჯვენა ხელის შუათითზე ზედიზედ 25-ჯერ აიზიდა და წინა შედეგი 8 ერთეულით გააუმჯობესა.


რეკორდის დამყარების პროცესს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯები ესწრებოდნენ. მათ ადგილზე დააფიქსირეს კუკური სალბიშვილის შედეგები და მისი მიღწევის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.


ჩემი შედეგებით კმაყოფილი ვარ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ ღონისძიების ორგანიზებაში მიიღო მონაწილობა. აგრეთვე, მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს, ვინც სტიმული მომცა და გამაძლიერა, რომ რეკორდი დამემყარებინა  - განაცხადა სალბიშვილმა.

კუკური სალბიშვილი ერთადერთი ქართველი რეკორდსმენი პატიმარია. წარსულში დამყარებული აქვს ორი მსოფლიო რეკორდი: 2013 წლის 29 მარტს მარჯვენა ხელის შუათითზე ზედიზედ 17 აზიდვა შეასრულა, იმავე წლის 20 სექტემბერს კი ორ თითზე (საჩვენებელ და ცერა თითებზე) ერთი წუთის განმავლობაში 49–ჯერ აიზიდა. ორივე რეკორდი ქსნის № 15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯების თანდასწრებით დამყარდა.

ამ თემაზე:

„მსჯავრდებული კუკური სალბიშვილი ორი ახალი რეკორდის დამყარებას შეეცდება“
loading...