ჩხოროწყუში ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მეორე რეკორდი დაამყარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა მხატვარმა ვახტანგ აბაშიძემ მორიგი რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა იოსებ ხუციშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა

25 October 2014

ინგლისელმა ძალოსანმა მხრებით 14 ავტომობილი გაათრია (ვიდეო)

დიდ ბრიტანეთში ახალი რეკორდი დამყარდა: ძალოსანმა საიმონ პლენტმა ერთმანეთზე გადაბმული 14 „ფორდ ფიესტა“ მხრებით 5.5 მეტრ მანძილზე გაათრია. ტვირთის საერთო წონა დაახლოებით 22 ტონას შეადგენდა.

ღონისძიება ოთხშაბათს გაიმართა. მას საქველმოქმედო დანიშნულება ჰქონდა და კიბოს სამკურნალო თანხების მოძიებას ისახავდა მიზნად. საიმონ პლენტმა საქველმოქმედო აქცია თავისი ყოფილი მწვრთნელის, ეროლ ეთერინგტონის ხსოვნას მიუძღვნა, რომელიც კიბოთი 2009 წელს გარდაიცვალა.

42 წლის საიმონ პლენტისთვის ეს პირველი რეკორდი არ ყოფილა. 11 წლის უკან მან მხრებით 30–ტონიანი სატვირთო გაათრია, თუმცა ამჯერად მიზნის მიღწევა მესამე ცდაზე მოახერხა.


„მე არ ვაპირებდი დათმობას, ჩვენ ყველას გვაქვს მიზანი ცხოვრებაში და მუდმივად უნდა ვიშრომოთ მის მისაღწევად! ჩემთვის ეს რთული გამოწვევა იყო, თუმცა მესამე ცდა წარმატებული გამოდგა“ – განაცხადა ძალოსანმა რეკორდის დამყარების შემდეგ.

წინა რეკორდი უნგრელ ძალოსან ჟსოლტ სინკას ეკუთვნოდა. მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, ბუდაპეშტში გამართულ ღონისძიებაზე მან ერთმანეთზე გადაბმული ფორდის მარკის 13 ავტომობილი გაწია, რომელთა წონა ჯამში 17.748 ტონას აღწევდა. აღსანიშნავია, რომ უნგრელმა სტრონგმენი მსოფლიომ გაცილებით ადრე გაიცნო, როდესაც მან კბილებით 50–ტონიანი თვითმფრინავი გაათრია.

მასალა მომზადებულია Derby Telegraph–ის მიხედვით



22 October 2014

2014 წელი სიცხის რეკორდს ხსნის

ორშაბათს, 20 ოქტომბერს, აშშ–ს ეროვნულმა საოკეანო და ატმოსფერულმა ადმინისტრაციამ (NOAA) განაცხადა, რომ გასულ თვეში, მსოფლიო მასშტაბით საშუალო ტემპერატურა 15,720 ცელსიუსი (60.30 ფარენჰეიტი) იყო. აღმოჩნდა, რომ სექტემბერში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა უკანასკნელი 135 წლის განმავლობაში (იგულისხმება ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც კაცობრიობა ატმოსფერული მოვლენების აღწერას აწარმოებს). ნასამაც, რომელიც ტემპერატურის ცვლილებებს განსხვავებული მეთოდით იკვლევს, უკვე დაადასტურა, რომ სექტემბერი რეკორდულად ცხელი თვე იყო.

NOAA–ს კვლევების თანახმად, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ტემპერატურის მაქსიმალური მაჩვენებელი ზედიზედ 5–ჯერ გაიზარდა: 1995, 1997, 1998, 2005 და 2010 წლებში. სამწლიანი პაუზის შემდეგ ინტენსიური დათბობა კვლავ განმეორდა და 2013 წლის ოქტომბრიდან 2014–ის სექტემბრის ჩათვლით ისტორიაში ყველაზე ცხელი მონაკვეთი დაფიქსირდა. ამის საპირისპიროდ, საკმაოდ გაიშვიათდა დაბალი ტემპერატურის რეკორდები: ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე ცივი თვე 1916 წლის დეკემბერი იყო.

ტემპერატურის ცვლილების ერთ–ერთი უმთავრესი მიზეზია ანომალიური კლიმატური მოვლენა – „ელ ნინიო“, რომელიც თბილი დინების სახით წარმოიშობა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში და გავლენას ახდენს ამინდის ცვლილებაზე მსოფლიო მასშტაბით. ამ მოვლენის დროს, ოკეანის ზედაპირული ფენა 10C-იდან 50C–მდე თბება. 1988 წლის დასაწყისი, „ელ ნინიოს“ გამო, განსაკუთრებული სიცხით გამოირჩეოდა, თუმცა შემდეგ ის გაქრა და წლის ბოლომდე ტემპერატურაც დარეგულირდა. კლიმატის შემსწავლელი მეცნიერის – ჯესიკა ბლუნდენის განცხადებით, მიმდინარე წელს „ელ ნინიო“ არ ყოფილა, თუმცა მოსალოდნელი პროგნოზებით, მისი წარმოშობის შანსი საკმაოდ დიდია. ეს კი კვლავ ტემპერატურის მომატებას გამოიწვევს.

„ეს ფაქტი ერთ–ერთია იმ მრავალ ინდიკატორს შორის, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კლიმატის ცვლილება არ შეჩერდება და ამის გამო კაცობრიობა უმნიშვნელოვანესი პრობლემის პირისპირ აღმოჩნდება“ – განაცხადა ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორმა დონალდ ვებლესმა.

NASA–ს რუკა, რომელიც აჩვენებს სხვაობას 2014 წლის სექტემბერსა და 1951–1980 წლების საშუალო ტემპერატურას შორის
„თუ 2014 წლის ტემპერატურა რეკორდს ხსნის, სავარაუდოდ ეს რეკორდი მცირე დროში ისევ გაუმჯობესდება“ – აცხადებს კერძო მეტეოროლოგიური ფირმის, Weather Underground–ის დირექტორი ჯეფ მასტერსი CBS–თან ინტერვიუში – „თუკი მომავალ წელს „ელ ნინიო“ კვლავ წარმოიშობა, 2015 იქნება ყველაზე ცხელი წელიწადი, რომელიც დედამიწაზე უპრეცედენტო რეგიონალურ დათბობასა და გვალვებს გამოიწვევს“.

ჯერ კიდევ 2009 წელს, კოპენჰაგენში ჩატარდა გაეროს კონფერენცია კლიმატის ცვლილების შესახებ, რომელზეც მსოფლიო ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მიიღებდნენ ზომებს გლობალური ტემპერატურის დასარეგულირებლად. მათ ხელი მოაწერეს კონვენციას, რომლის თანახმად უნდა უზრუნველყონ ატმოსფერული ტემპერატურის შენარჩუნება მის ისტორიულ ნიშნულთან არაუმეტეს 20C–იანი სხვაობით. კონვენციის შესრულების ვადად 2015 წელი განისაზღვრა, თუმცა ბოლო დროს გახშირებული ანომალიური მოვლენები აშკარად მიუთითებს, რომ გაეროს კონფერენციაზე შემუშავებული 6–წლიანი გეგმა პოზიტიურის ნაცვლად ნეგატიური შედეგებით სრულდება.

მასალა მომზადებულია CBS News–ის მიხედვით

ამ თემაზე:

20 October 2014

ელექტრომობილის სისწრაფის 26–წლიანი რეკორდი მოხსნილია (ვიდეო)

ავსტრალიელ მრბოლელთა გუნდი „სანსვიფტი“ ახალი ავტორეკორდის მფლობელი გახდა: მათი ელექტრომობილის – eVe–ს სისწრაფემ საათში 100 კილომეტრს გადააჭარბა, რაც მსგავსი ტიპის სატრანსპორტო საშუალებებს შორის საუკეთესო შედეგია და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მანამდე არსებულ უმაღლეს მაჩვენებელს.

„სანსვიფტის“ ელექტრომობილმა 500–კილომეტრიან სარბოლო ტრასაზე სიჩქარის მაქსიმალური ზღვარი – ზუსტად 106.966 კმ/სთ განავითარა.  წინა რეკორდი 73 კმ/სთ–ს შეადგენდა და 26 წლის განმავლობაში მოუხსნელი იყო.

სარეკორდო გარბენი 23 ივლისს, გინლონგის სარბოლო ტრასაზე გაიმართა, თუმცა ამ დრომდე ელოდებოდნენ ოფიციალურ აღიარებას საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციისგან (FIA), რომელიც მსოფლიო ავტოსპორტის მმართველი ორგანოა. საბოლოოდ, ფედერაციამ რეკორდების მონაცემთა ბაზა ოქტომბერში განაახლა და ოფიციალურად დაამტკიცა „სანსვიფტის“ გუნდის მიღწევა.

eVe–ს მთავარი უპირატესობა ის არის, რომ კვების წყაროდ ელექტრობასთან ერთად მზის ენერგიასაც მოიხმარს. სახურავზე დამონტაჟებულია მზის ბატარეები, რომელთა წონა 60 კილოგრამს შეადგენს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სარეკორდო გარბენის დროს ავტომობილი მთლიანად ელექტროენერგიით იკვებებოდა. ინჟინრების განცხდებით, დამუხტული ბატარეები eVe–ს შეუჩერებლად 800 კილომეტრის გავლის საშუალებას აძლევს.

„სანსვიფტი“ 1996 წელს ჩამოყალიბდა. გუნდისთვის ეს რეკორდი პირველი არ არის, ისინი უკვე ფლობენ რეკორდსმენის ტიტულს ავსტრალიის ქალაქ პერტიდან სიდნეიმდე მზის ენერგიის ავტომობილით გადაადგილებისათვის, აგრეთვე მზის ენერგიაზე მომუშავე უსწრაფესი ავტომობილისთვის.



მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო RT News–ის მიხედვით

ამ თემაზე: