22 October 2014

2014 წელი სიცხის რეკორდს ხსნის

ორშაბათს, 20 ოქტომბერს, აშშ–ს ეროვნულმა საოკეანო და ატმოსფერულმა ადმინისტრაციამ (NOAA) განაცხადა, რომ გასულ თვეში, მსოფლიო მასშტაბით საშუალო ტემპერატურა 15,720 ცელსიუსი (60.30 ფარენჰეიტი) იყო. აღმოჩნდა, რომ სექტემბერში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა უკანასკნელი 135 წლის განმავლობაში (იგულისხმება ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც კაცობრიობა ატმოსფერული მოვლენების აღწერას აწარმოებს). ნასამაც, რომელიც ტემპერატურის ცვლილებებს განსხვავებული მეთოდით იკვლევს, უკვე დაადასტურა, რომ სექტემბერი რეკორდულად ცხელი თვე იყო.

NOAA–ს კვლევების თანახმად, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ტემპერატურის მაქსიმალური მაჩვენებელი ზედიზედ 5–ჯერ გაიზარდა: 1995, 1997, 1998, 2005 და 2010 წლებში. სამწლიანი პაუზის შემდეგ ინტენსიური დათბობა კვლავ განმეორდა და 2013 წლის ოქტომბრიდან 2014–ის სექტემბრის ჩათვლით ისტორიაში ყველაზე ცხელი მონაკვეთი დაფიქსირდა. ამის საპირისპიროდ, საკმაოდ გაიშვიათდა დაბალი ტემპერატურის რეკორდები: ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე ცივი თვე 1916 წლის დეკემბერი იყო.

ტემპერატურის ცვლილების ერთ–ერთი უმთავრესი მიზეზია ანომალიური კლიმატური მოვლენა – „ელ ნინიო“, რომელიც თბილი დინების სახით წარმოიშობა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში და გავლენას ახდენს ამინდის ცვლილებაზე მსოფლიო მასშტაბით. ამ მოვლენის დროს, ოკეანის ზედაპირული ფენა 10C-იდან 50C–მდე თბება. 1988 წლის დასაწყისი, „ელ ნინიოს“ გამო, განსაკუთრებული სიცხით გამოირჩეოდა, თუმცა შემდეგ ის გაქრა და წლის ბოლომდე ტემპერატურაც დარეგულირდა. კლიმატის შემსწავლელი მეცნიერის – ჯესიკა ბლუნდენის განცხადებით, მიმდინარე წელს „ელ ნინიო“ არ ყოფილა, თუმცა მოსალოდნელი პროგნოზებით, მისი წარმოშობის შანსი საკმაოდ დიდია. ეს კი კვლავ ტემპერატურის მომატებას გამოიწვევს.

„ეს ფაქტი ერთ–ერთია იმ მრავალ ინდიკატორს შორის, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კლიმატის ცვლილება არ შეჩერდება და ამის გამო კაცობრიობა უმნიშვნელოვანესი პრობლემის პირისპირ აღმოჩნდება“ – განაცხადა ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორმა დონალდ ვებლესმა.

NASA–ს რუკა, რომელიც აჩვენებს სხვაობას 2014 წლის სექტემბერსა და 1951–1980 წლების საშუალო ტემპერატურას შორის
„თუ 2014 წლის ტემპერატურა რეკორდს ხსნის, სავარაუდოდ ეს რეკორდი მცირე დროში ისევ გაუმჯობესდება“ – აცხადებს კერძო მეტეოროლოგიური ფირმის, Weather Underground–ის დირექტორი ჯეფ მასტერსი CBS–თან ინტერვიუში – „თუკი მომავალ წელს „ელ ნინიო“ კვლავ წარმოიშობა, 2015 იქნება ყველაზე ცხელი წელიწადი, რომელიც დედამიწაზე უპრეცედენტო რეგიონალურ დათბობასა და გვალვებს გამოიწვევს“.

ჯერ კიდევ 2009 წელს, კოპენჰაგენში ჩატარდა გაეროს კონფერენცია კლიმატის ცვლილების შესახებ, რომელზეც მსოფლიო ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მიიღებდნენ ზომებს გლობალური ტემპერატურის დასარეგულირებლად. მათ ხელი მოაწერეს კონვენციას, რომლის თანახმად უნდა უზრუნველყონ ატმოსფერული ტემპერატურის შენარჩუნება მის ისტორიულ ნიშნულთან არაუმეტეს 20C–იანი სხვაობით. კონვენციის შესრულების ვადად 2015 წელი განისაზღვრა, თუმცა ბოლო დროს გახშირებული ანომალიური მოვლენები აშკარად მიუთითებს, რომ გაეროს კონფერენციაზე შემუშავებული 6–წლიანი გეგმა პოზიტიურის ნაცვლად ნეგატიური შედეგებით სრულდება.

მასალა მომზადებულია CBS News–ის მიხედვით

ამ თემაზე:

loading...