25 October 2014

ინგლისელმა ძალოსანმა მხრებით 14 ავტომობილი გაათრია (ვიდეო)

დიდ ბრიტანეთში ახალი რეკორდი დამყარდა: ძალოსანმა საიმონ პლენტმა ერთმანეთზე გადაბმული 14 „ფორდ ფიესტა“ მხრებით 5.5 მეტრ მანძილზე გაათრია. ტვირთის საერთო წონა დაახლოებით 22 ტონას შეადგენდა.

ღონისძიება ოთხშაბათს გაიმართა. მას საქველმოქმედო დანიშნულება ჰქონდა და კიბოს სამკურნალო თანხების მოძიებას ისახავდა მიზნად. საიმონ პლენტმა საქველმოქმედო აქცია თავისი ყოფილი მწვრთნელის, ეროლ ეთერინგტონის ხსოვნას მიუძღვნა, რომელიც კიბოთი 2009 წელს გარდაიცვალა.

42 წლის საიმონ პლენტისთვის ეს პირველი რეკორდი არ ყოფილა. 11 წლის უკან მან მხრებით 30–ტონიანი სატვირთო გაათრია, თუმცა ამჯერად მიზნის მიღწევა მესამე ცდაზე მოახერხა.


„მე არ ვაპირებდი დათმობას, ჩვენ ყველას გვაქვს მიზანი ცხოვრებაში და მუდმივად უნდა ვიშრომოთ მის მისაღწევად! ჩემთვის ეს რთული გამოწვევა იყო, თუმცა მესამე ცდა წარმატებული გამოდგა“ – განაცხადა ძალოსანმა რეკორდის დამყარების შემდეგ.

წინა რეკორდი უნგრელ ძალოსან ჟსოლტ სინკას ეკუთვნოდა. მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, ბუდაპეშტში გამართულ ღონისძიებაზე მან ერთმანეთზე გადაბმული ფორდის მარკის 13 ავტომობილი გაწია, რომელთა წონა ჯამში 17.748 ტონას აღწევდა. აღსანიშნავია, რომ უნგრელმა სტრონგმენი მსოფლიომ გაცილებით ადრე გაიცნო, როდესაც მან კბილებით 50–ტონიანი თვითმფრინავი გაათრია.

მასალა მომზადებულია Derby Telegraph–ის მიხედვით



loading...