23 November 2014

სარეკორდო ტრიუკი სატვირთო ავტომობილისა და ფორმულა 1–ის ბოლიდის შესრულებით (ვიდეო)

21 ნოემბერს YouTube–ზე გავრცელდა  ვიდეორგოლი, რომელიც ასახავს ნახევრად სატვირთო ავტომობილისა და ფორმულა 1–ის ბოლიდის მიერ შესრულებულ ექსტრემალურ სარეკორდო ტრიუკს, რომლის დროსაც სატვირთო 25–მეტრიან ნახტომს ასრულებს „ლოტუსის“ გუნდის ბოლიდის ზემოთ. ვიდეომასალის ავტორი კომპანია EMC  Corporation აღმოჩნდა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ერთ–ერთი მასშტაბური ორგანიზაციაა.

ვიდეოში ჩანს ერთმანეთის პარალელურად დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილები, რომელთა ტრაექტორია მოულოდნელად იკვეთება – სატვირთო ავტომობილი უეცრად ადის წინასწარ მოწყობილ „ტრამპლინზე“, „ლოტუსის“ ბოლიდი კი მკვეთრად უხვევს მარცხნივ და უკვე ჰაერში მყოფი სატვირთოს ქვეშ ძვრება. სატვირთოს ნახტომის სიგრძემ ზუსტად 25.47 მეტრი (83 ფუტი და 7 ინჩი) შეადგინა. ტრიუკის შესრულების დროს ავტომობილებს ჰოლივუდის კასკადიორები – მაიკ რაიანი და მარტინ ივანოვი მართავდნენ. მათ უკვე შესრულებული აქვთ მსგავსი ტრიუკები ცნობილ ფილმებში: „ჯეიმს ბონდი“, „ბორნის იდენტიფიკაცია“, „ტერმინატორი“ და სხვ.


ექსტრემალური ნახტომი კომპანია EMC–ს მორიგი წარმატებული მარკეტინგული აქცია აღმოჩნდა: ამ დროისათვის ვიდეო უკვე 2 მილიონზე მეტმა ინტერნეტ–მომხმარებელმა ნახა და აქტიურად გაშუქდა მედიაში, თუმცა სარეკორდო ტრიუკი ჯერჯერობით ოფიციალური აღიარების მოლოდინშია.



მასალა მოზადებულია „Daily Mail–ის“ მიხედვით

ამ თემაზე:










loading...