25 November 2014

ყველაზე სწრაფი ექსკავატორი მსოფლიოში (ვიდეო)

ბრიტანული წარმოების უკუჩამჩიანი მტვირთავი ექსკავატორი JCB GT უკვე ოფიციალურად ფლობს სისწრაფის რეკორდს. ონლაინ–გამოცემა „Equipment World–ის ინფორმაციით, ექსკავატორის მიერ განვითარებულმა სისწრაფემ საათში 116 კილომეტრს გადააჭარბა.

სარეკორდო „გარბენი“ 21 ოქტომბერს, ავსტრალიის დედაქალაქ სიდნეის მახლობლად, ბეთჰარსტის აეროპორტში გაიმართა. „Equipment World–ის“ ცნობით, სპეციალურად ამ ფაქტზე დასაკვირვებლად ავსტრალიაში გინესის მსოფლიო რეკორდების მსაჯები ჩავიდნენ. უსწრაფესის ტიტულის მისაღებად, ექსკავატორის სისწრაფეს საათში 110 კილომეტრისთვის უნდა მიეღწია, თუმცა JCB GT–მ ზუსტად 116.82 კმ/სთ განავითარა და გინესის მიერ დაწესებული ბარიერი წარმატებით გადალახა. მწარმოებლების განცხადებით, ამ შედეგის მიღწევა ალუმინის მსუბუქმა კორპუსმა და დაახლოებით 1000 ცხენის ძალის მქონე შევროლეტის ძრავმა განაპირობა.



სარეკორდო გარბენის შესრულების დროს, ექსკავატორის საჭეს JCB–ს მძღოლი, 43 წლის მეთიუ ლუკასი მართავდა. „ჩემთვის სასიხარულოა ასეთ საინტერესო პროექტში მონაწილეობა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ მსოფლიო რეკორდის თანამონაწილეობის პატივი მერგო“ – განაცხადა ლუკასმა წარმატებული გამოსვლის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ მაქსიმალური სიჩქარის რეკორდი არ არის ერთადერთი უმაღლესი მიღწევა, რომელსაც  JCB–ს უკუჩამჩიანი ექსკავატორი ფლობს – 1953 წლიდან დღემდე კომპანიას ნახევარ მილიონზე მეტი ექსკავატორი აქვს წარმოებული, უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში კი ის უცვლელად ინარჩუნებს ყველაზე გაყიდვადი მოდელის სტატუსს.

 მასალა მომზადებულია „Equipment World–ის“ მიხედვით

ამ თემაზე:










loading...