ჩხოროწყუში ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მეორე რეკორდი დაამყარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა მხატვარმა ვახტანგ აბაშიძემ მორიგი რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა იოსებ ხუციშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა

31 December 2014

თემურ დადიანის რეკორდი 2014 წლის ტოპ ათეულშია

თემურ დადიანის „ამპუტირებული აზიდვების“ რეკორდი 2014 წლის ერთ–ერთ საუკეთესო მიღწევად დასახელდა. საერთაშორისო მიღწევების რეიტინგი რეკორდების მარეგისტრირებელმა ამერიკულმა ორგანიზაცია „რეკორდსეთერმა“ შეადგინა.

„კაპრალმა თემურ დადიანმა ავღანეთში, ნაღმზე აფეთქების შედეგად ორივე ფეხი დაკარგა, თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა თემურს აზიდვების მსოფლიო რეკორდის დამყარებაში. თანამემამულე ჯარისკაცების თვალწინ დადიანმა წუთში 36 აზიდვის შესრულება შეძლო.“ – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო ბიულეტენში.

2014 წლის საუკეთესო რეკორდი

ტოპ ათეულის სპორტულ რეკორდებში აგრეთვე მოხვდა ამერიკელი ადამ ლენონის მიერ ამერიკული ფეხბურთის ოვალური ბურთის უზუსტესი ტყორცნა 45 მეტრით დაშორებულ კალათში, ტრისტან მაკგრეიდის შესრულებული მიზიდვა 121–მეტრიან რადიოანძაზე და ტაილანდელი ტანაბატ ჩუას ე.წ. „დროშის პოზიცია“ (Human Flag), 49–კილოგრამიანი ადამიანის თანხლებით.

„რეკორდსეთერის“ წარმომადგენლის – ელა მორტონის განცხადებით, ამ რეიტინგის შედგენა საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა: გასულ წლებთან შედარებით, 2014–ში ორგანიზაციის მისამართით განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სარეკორდო განაცხადები შევიდა, რამაც ტოპ–რეკორდების შერჩევა მნიშვნელოვნად გაართულა. „ეს წელიწადი უმნიშვნელოვანესი წარმატებებით გამოირჩეოდა, ახალ 2015 წელს უკეთეს შედეგებს ველით!“ – განაცხადა მორტონმა.

იხილეთ თემურ დადიანის მსოფლიო რეკორდის ვიდეომასალა:



ამ თემაზე:

„თემურ დადიანის მიღწევა „უნიკალური მსოფლიო რეკორდების“ ორგანიზაციამ აღიარა“

„თემურ დადიანმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა“

„ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი რეკორდის დასამყარებლად ემზადება“

საახალწლო კურიოზები 2014 – ქართველი რეკორდსმენები კადრს მიღმა (ვიდეო)

ქართველი რეკორდსმენების კურიოზები – კადრები, რომლებიც საქართველოს რეკორდების ფედერაციის არქივში 2014 წლის განმავლობაში გროვდებოდა.

30 December 2014

დავით ჟორჟოლიანმა მორიგი სერტიფიკატი მიიღო

ორგზის მსოფლიო რეკორდსმენმა, 23 წლის დავით ჟორჟოლიანმა კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მან ამჯერად „მსოფლიო რეკორდების ხელშეწყობის ფონდისგან“ (AWRRF) მიიღო რეკორდის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

რეკორდი, რომელიც AWRRF–ის მონაცემთა ბაზაში შეიტანეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მესტიაში დამყარდა. გინესის წესების თანახმად, 45 კგ წონის ტვირთით ცერა თითებზე 8 აზიდვის შესრულება საკმარისი იყო რეკორდის დასამყარებლად, თუმცა ჟორჟოლიანი 51–კილოგრამიანი ჩანთით ზედიზედ 14–ჯერ აიზიდა და ყველა პარამეტრით გადააჭარბა დაწესებულ მოთხოვნებს. მიღწევა ადგილზე დააფიქსირეს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯებმა.



რეკორდსმენის ტიტული დავით ჟორჟოლიანმა პირველად 2013 წელს მოიპოვა, როდესაც 30–კილოგრამიანი ზურგჩანთით 20 აზიდვა შეასრულა. ამ შედეგით იგი „უნივერსალური რეკორდების ფორუმის“ (ინდოეთი), „რეკორდსმენთა საერთაშორისო კლუბ „საქსონიას“ (გერმანია) და „რეკორდსეთერის მსოფლიო რეკორდების“ (აშშ) მონაცემთა ბაზაში მოხვდა. გარდა ამისა, წარმატებით იასპარეზა მიმდინარე წლის მარტში გამართულ „აზიდვების შეჯიბრზე“.

ამ თემაზე:


28 December 2014

თემურ დადიანის მიღწევა „უნიკალური მსოფლიო რეკორდების“ ორგანიზაციამ აღიარა

ქართველი რეკორდსმენის – თემურ დადიანის შედეგი „უნიკალური მსოფლიო რეკორდების“ ორგანიზაციამ (UWR) აღიარა. რეკორდის მონაცემები ორგანიზაციის ვებსაიტზეა განთავსებული და ინდივიდუალური სარეგისტრაციო ნომერი: 2016SS063 აქვს მინიჭებული.

შეგახსნებთ, რომ ქართველმა სამხედრო მომსამსახურე თემურ დადიანმა მსოფლიო რეკორდი მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, ე.წ. „ამპუტირებული აზიდვების“ შესრულებაში დაამყარა. მან გინესის მსოფლიო რეკორდების მიერ დაწესებულ მინიმუმს 3–ჯერ გადააჭარბა.


„თემურ დადიანი (დაიბადა 1991 წლის 8 აგვისტოს) ამპუტირებული ქართველი ჯარისკაცია, რომელიც  ISAF–ის მისიაში მსახურობის დროს, ავღანეთში დაშავდა. 2011 წლის 3 აგვისტოს, ჰელმანდის პროვინციაში ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქების შედეგად დაკარგა ორივე ფეხი და მარჯვენა ხელის ნეკა თითი. 2014 წლის 3 აგვისტოს კი „ამპუტირებული აზიდვების“ შესრულებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. თბილისში, თავდაცვის სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე მან 38,25 წამში 36 აზიდვა შეასრულა „ფლენჩ“ პოზიციაში.“ – ნათქვამია რეკორდის აღწერაში.

UWR–ს რედაქტორის, საბები მენგელის განცხადებით, ქართველი ჯარისკაცის რეკორდს „უნიკალური მსოფლიო რეკორდების წიგნის“ ბეჭდურ ვერსიაში მოხვედრის დიდი შანსი აქვს: „შეზღუდული ადგილის გამო, ჩვენს წიგნში ყველა რეკორდი ვერ ხვდება, თუმცა, ჩემი აზრით, თემურ დადიანი 2016 წლის გამოცემაში ღირსეულ ადგილს დაიკავებს“ – განაცხადა მენგელმა.

„უნიკალური მსოფლიო რეკორდები“ უმაღლესი მიღწევების მარეგისტრირებელი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ყოველწლიურად გამოსცემს „უნიკალური მსოფლიო რეკორდების წიგნს“. ორგანიზაციის ცენტრალური ოფისი ინდოეთში მდებარეობს. აგრეთვე, ჰყავს დანიშნული წარმომადგენლები – მსაჯები სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოში „უნიკალური მსოფლიო რეკორდების“ ოფიციალური მსაჯია დავით ბეგიაშვილი, რომელიც ამავე დროს რეკორდების ეროვნულ ფედერაციას ხელმძღვანელობს.



ამ თემაზე:


21 December 2014

ქართველ მხატვარს მსოფლიო რეკორდსმენის სტატუსი მიენიჭა

თვითნასწავლ მხატვარ ვახტანგ (ვატო) აბაშიძეს მსოფლიო რეკორდსმენის ტიტული მიენიჭა. იგი 5 383 ესკიზისა და 10 000–ზე მეტი აბსტრაქტული ნახატის ავტორია. ესკიზები კალმით, A4 ზომის 210 ფურცელზე აქვს შესრულებული, აბსტრაქტული ნახატებს კი ციფრულ ფორმატში, სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამით ასრულებს.

სარეკორდო ნამუშევრების პრეზენტაცია სამშაბათს – 16 დეკემბერს თბილისში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში“ გაიმართა. განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის გამო, პრეზენტაციაზე ნამუშევრების მხოლოდ ნაწილი იყო წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების თარიღი გამოჩენილი მხატვრისა და აბსტრაქციონიზმის ფუძემდებლის – ვასილი კანდინსკის 148–ე იუბილეს დაემთხვა.


პრეზენტაციას საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ბეგიაშვილის განცხადებით, აღნიშნული რაოდენობის ნახატების ინდივიდუალურად შესრულების შემთხვევა მსოფლიოს მასშტაბით დღემდე არასოდეს დაფიქსირებულა.



“დღევანდელი ღონისძიება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ხელოვნების სფეროში რეკორდები იშვიათად მყარდება. ჩვენ კი ერთდროულად ორი მსოფლიო რეკორდი დავარეგისტრირეთ – ვახტანგ აბაშიძის მიერ შექმნილი აბსტრაქტული ნახატებისა და ესკიზების რაოდენობა უნიკალურია როგორც ჯამური, ისე ინდივიდუალური რიცხვობრივი პარამეტრით. მინდა აღვნიშნო, რომ ვატო აბაშიძე მრავალმხრივი ნიჭით არის დაჯილდოებული, ხატვის გარდა განსაკუთრებული მეხსიერებითი უნარით გამოირჩევა და დიდი რიცხვების ზეპირად გამრავლება შეუძლია. ჩვენ ამ მიმართულებითაც ვაგრძელებთ მუშაობას და სამომავლოდ ახალი რეკორდის დასამყარებლად ვემზადებით“ – განაცხადა ბეგიაშვილმა.

„2004 წლიდან დღემდე 5 383 ფუტურისტული ესკიზი მაქვს დახატული, აბსტრაქტული ნახატების შექმნა კი სამი წლის წინ დავიწყე და ახლაც ვაგრძელებ. ამ დროისათვის აბსტრაქტული ნახატების რაოდენობა 10 000–ს აჭარბებს. ყველა მათგანი Samsung NC10–ის მოდელის ნეთბუქით, ციფრულ ფორმატში მაქვს შესრულებული. როგორც მოგვიანებით გავარკვიე, ასეთი მიღწევა აქამდე არ არსებობდა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე რეკორდის დამყარება“ – აღნიშნა მხატვარმა.



ვახტანგ აბაშიძე 1979 წლის 11 ივლისს, თბილისში დაიბადა. სამხატვრო განათლება არასოდეს მიუღია (პროფესიით ექიმია). იგი ერთადერთი ქართველი მხატვარია, რომელმაც კომპანია „გუგლის“ ახალი პროდუქტის – Google Open Gallery–ს პლატფორმაზე საკუთარი ნამუშევრების განთავსების ნებართვა მიიღო ( იხილეთ ბმული). მხატვრული ნიჭის გარდა, ვახტანგ აბაშიძე განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობებითაც გამოირჩევა: 2005 წელს, გაზეთ „ფენომენის“ რედაქციაში ზეპირად გაამრავლა ორი 10–ნიშნა რიცხვი (2 357 200 314 X 1 463 178 532 = 3 449 004 895 068 459 048), 2014 წელს კი მსოფლიოში უნიკალური, ე.წ. „სარკისებური მეთოდით“ (ამობრუნებულ მდგომარეობაში) 7–ნიშნა რიცხვების გამრავლება მოახერხა. მისი გონებრივი შესაძლებლობები აქტიურად გაშუქდა მედიაში, 2006 წელს კი გერმანიაში, „მეხსიერებითი გამოთვლების მსოფლიო თასზე“ იყო მიწვეული.




15 December 2014

ანონსი: ხვალ ქართველი თვითნასწავლი მხატვრის რეკორდის პრეზენტაცია გაიმართება

სამშაბათს, 16 დეკემბერს, 13:00 საათზე „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში“ (თბილისი, ოთარ ჩხეიძის ქ. №5) ქართველი თვითნასწავლი მხატვრის – ვახტანგ (ვატო) აბაშიძის სარეკორდო ნამუშევრების პრეზენტაცია ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს რეკორდების ფედერაცია.

35 წლის ვატო აბაშიძე 5 000–ზე მეტი ავეჯის ესკიზისა და 10 000–ზე მეტი აბსტრაქტული ნახატის ავტორია. ფუტურისტული ესკიზები A4 ფორმატის ქაღალდზე, კალმით აქვს დახატული.  აბსტრაქტულ ნახატებს კი ციფრულ ფორმატში, Samsung–ის ფირმის ნეთბუქით, სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამაში ასრულებს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება აბსტრაქტული ნახატების როგორც ციფრული, ისე ბეჭდური ნიმუშები და ესკიზების კრებული, რომლის საერთო ფართობი 12 კვადრატულ მეტრს აღწევს.


აღნიშნული რაოდენობის ნახატების ინდივიდუალურად შესრულების შემთხვევა მსოფლიოს მასშტაბით დღემდე არ დაფიქსირებულა.  საქართველოს რეკორდების ფედერაცია ადგილზე დაადასტურებს ვახტანგ აბაშიძის შედეგებს და მონაცემებს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გადაუგზავნის.

ვახტანგ აბაშიძე 1979 წლის 11 ივლისს, თბილისში დაიბადა. სამხატვრო განათლება არასოდეს მიუღია (პროფესიით ექიმია). იგი ერთადერთი ქართველია, რომელმაც კომპანია „გუგლის“ ახალი პროდუქტის – Google Open Gallery–ს პლატფორმაზე საკუთარი ნამუშევრების განთავსების ნებართვა მიიღო ( იხილეთ ბმული). მხატვრული ნიჭის გარდა, ვახტანგ აბაშიძე განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობებითაც გამოირჩევა: 2005 წელს, გაზეთ „ფენომენის“ რედაქციაში ზეპირად გაამრავლა ორი 10–ნიშნა რიცხვი, 2014 წელს კი მსოფლიოში უნიკალური, ე.წ. „სარკისებური მეთოდით“ (ამობრუნებულ მდგომარეობაში) 7–ნიშნა რიცხვების გამრავლება მოახერხა. მისი გონებრივი შესაძლებლობები აქტიურად გაშუქდა მედიაში, 2006 წელს კი გერმანიაში, „მეხსიერებითი გამოთვლების მსოფლიო თასზე“ იყო მიწვეული.

ამ თემაზე: