21 December 2014

ქართველ მხატვარს მსოფლიო რეკორდსმენის სტატუსი მიენიჭა

თვითნასწავლ მხატვარ ვახტანგ (ვატო) აბაშიძეს მსოფლიო რეკორდსმენის ტიტული მიენიჭა. იგი 5 383 ესკიზისა და 10 000–ზე მეტი აბსტრაქტული ნახატის ავტორია. ესკიზები კალმით, A4 ზომის 210 ფურცელზე აქვს შესრულებული, აბსტრაქტული ნახატებს კი ციფრულ ფორმატში, სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამით ასრულებს.

სარეკორდო ნამუშევრების პრეზენტაცია სამშაბათს – 16 დეკემბერს თბილისში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში“ გაიმართა. განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის გამო, პრეზენტაციაზე ნამუშევრების მხოლოდ ნაწილი იყო წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების თარიღი გამოჩენილი მხატვრისა და აბსტრაქციონიზმის ფუძემდებლის – ვასილი კანდინსკის 148–ე იუბილეს დაემთხვა.


პრეზენტაციას საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ბეგიაშვილის განცხადებით, აღნიშნული რაოდენობის ნახატების ინდივიდუალურად შესრულების შემთხვევა მსოფლიოს მასშტაბით დღემდე არასოდეს დაფიქსირებულა.



“დღევანდელი ღონისძიება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ხელოვნების სფეროში რეკორდები იშვიათად მყარდება. ჩვენ კი ერთდროულად ორი მსოფლიო რეკორდი დავარეგისტრირეთ – ვახტანგ აბაშიძის მიერ შექმნილი აბსტრაქტული ნახატებისა და ესკიზების რაოდენობა უნიკალურია როგორც ჯამური, ისე ინდივიდუალური რიცხვობრივი პარამეტრით. მინდა აღვნიშნო, რომ ვატო აბაშიძე მრავალმხრივი ნიჭით არის დაჯილდოებული, ხატვის გარდა განსაკუთრებული მეხსიერებითი უნარით გამოირჩევა და დიდი რიცხვების ზეპირად გამრავლება შეუძლია. ჩვენ ამ მიმართულებითაც ვაგრძელებთ მუშაობას და სამომავლოდ ახალი რეკორდის დასამყარებლად ვემზადებით“ – განაცხადა ბეგიაშვილმა.

„2004 წლიდან დღემდე 5 383 ფუტურისტული ესკიზი მაქვს დახატული, აბსტრაქტული ნახატების შექმნა კი სამი წლის წინ დავიწყე და ახლაც ვაგრძელებ. ამ დროისათვის აბსტრაქტული ნახატების რაოდენობა 10 000–ს აჭარბებს. ყველა მათგანი Samsung NC10–ის მოდელის ნეთბუქით, ციფრულ ფორმატში მაქვს შესრულებული. როგორც მოგვიანებით გავარკვიე, ასეთი მიღწევა აქამდე არ არსებობდა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე რეკორდის დამყარება“ – აღნიშნა მხატვარმა.



ვახტანგ აბაშიძე 1979 წლის 11 ივლისს, თბილისში დაიბადა. სამხატვრო განათლება არასოდეს მიუღია (პროფესიით ექიმია). იგი ერთადერთი ქართველი მხატვარია, რომელმაც კომპანია „გუგლის“ ახალი პროდუქტის – Google Open Gallery–ს პლატფორმაზე საკუთარი ნამუშევრების განთავსების ნებართვა მიიღო ( იხილეთ ბმული). მხატვრული ნიჭის გარდა, ვახტანგ აბაშიძე განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობებითაც გამოირჩევა: 2005 წელს, გაზეთ „ფენომენის“ რედაქციაში ზეპირად გაამრავლა ორი 10–ნიშნა რიცხვი (2 357 200 314 X 1 463 178 532 = 3 449 004 895 068 459 048), 2014 წელს კი მსოფლიოში უნიკალური, ე.წ. „სარკისებური მეთოდით“ (ამობრუნებულ მდგომარეობაში) 7–ნიშნა რიცხვების გამრავლება მოახერხა. მისი გონებრივი შესაძლებლობები აქტიურად გაშუქდა მედიაში, 2006 წელს კი გერმანიაში, „მეხსიერებითი გამოთვლების მსოფლიო თასზე“ იყო მიწვეული.




loading...