28 December 2014

თემურ დადიანის მიღწევა „უნიკალური მსოფლიო რეკორდების“ ორგანიზაციამ აღიარა

ქართველი რეკორდსმენის – თემურ დადიანის შედეგი „უნიკალური მსოფლიო რეკორდების“ ორგანიზაციამ (UWR) აღიარა. რეკორდის მონაცემები ორგანიზაციის ვებსაიტზეა განთავსებული და ინდივიდუალური სარეგისტრაციო ნომერი: 2016SS063 აქვს მინიჭებული.

შეგახსნებთ, რომ ქართველმა სამხედრო მომსამსახურე თემურ დადიანმა მსოფლიო რეკორდი მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, ე.წ. „ამპუტირებული აზიდვების“ შესრულებაში დაამყარა. მან გინესის მსოფლიო რეკორდების მიერ დაწესებულ მინიმუმს 3–ჯერ გადააჭარბა.


„თემურ დადიანი (დაიბადა 1991 წლის 8 აგვისტოს) ამპუტირებული ქართველი ჯარისკაცია, რომელიც  ISAF–ის მისიაში მსახურობის დროს, ავღანეთში დაშავდა. 2011 წლის 3 აგვისტოს, ჰელმანდის პროვინციაში ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქების შედეგად დაკარგა ორივე ფეხი და მარჯვენა ხელის ნეკა თითი. 2014 წლის 3 აგვისტოს კი „ამპუტირებული აზიდვების“ შესრულებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. თბილისში, თავდაცვის სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე მან 38,25 წამში 36 აზიდვა შეასრულა „ფლენჩ“ პოზიციაში.“ – ნათქვამია რეკორდის აღწერაში.

UWR–ს რედაქტორის, საბები მენგელის განცხადებით, ქართველი ჯარისკაცის რეკორდს „უნიკალური მსოფლიო რეკორდების წიგნის“ ბეჭდურ ვერსიაში მოხვედრის დიდი შანსი აქვს: „შეზღუდული ადგილის გამო, ჩვენს წიგნში ყველა რეკორდი ვერ ხვდება, თუმცა, ჩემი აზრით, თემურ დადიანი 2016 წლის გამოცემაში ღირსეულ ადგილს დაიკავებს“ – განაცხადა მენგელმა.

„უნიკალური მსოფლიო რეკორდები“ უმაღლესი მიღწევების მარეგისტრირებელი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ყოველწლიურად გამოსცემს „უნიკალური მსოფლიო რეკორდების წიგნს“. ორგანიზაციის ცენტრალური ოფისი ინდოეთში მდებარეობს. აგრეთვე, ჰყავს დანიშნული წარმომადგენლები – მსაჯები სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოში „უნიკალური მსოფლიო რეკორდების“ ოფიციალური მსაჯია დავით ბეგიაშვილი, რომელიც ამავე დროს რეკორდების ეროვნულ ფედერაციას ხელმძღვანელობს.



ამ თემაზე:


loading...