15 December 2014

ანონსი: ხვალ ქართველი თვითნასწავლი მხატვრის რეკორდის პრეზენტაცია გაიმართება

სამშაბათს, 16 დეკემბერს, 13:00 საათზე „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში“ (თბილისი, ოთარ ჩხეიძის ქ. №5) ქართველი თვითნასწავლი მხატვრის – ვახტანგ (ვატო) აბაშიძის სარეკორდო ნამუშევრების პრეზენტაცია ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს რეკორდების ფედერაცია.

35 წლის ვატო აბაშიძე 5 000–ზე მეტი ავეჯის ესკიზისა და 10 000–ზე მეტი აბსტრაქტული ნახატის ავტორია. ფუტურისტული ესკიზები A4 ფორმატის ქაღალდზე, კალმით აქვს დახატული.  აბსტრაქტულ ნახატებს კი ციფრულ ფორმატში, Samsung–ის ფირმის ნეთბუქით, სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამაში ასრულებს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება აბსტრაქტული ნახატების როგორც ციფრული, ისე ბეჭდური ნიმუშები და ესკიზების კრებული, რომლის საერთო ფართობი 12 კვადრატულ მეტრს აღწევს.


აღნიშნული რაოდენობის ნახატების ინდივიდუალურად შესრულების შემთხვევა მსოფლიოს მასშტაბით დღემდე არ დაფიქსირებულა.  საქართველოს რეკორდების ფედერაცია ადგილზე დაადასტურებს ვახტანგ აბაშიძის შედეგებს და მონაცემებს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გადაუგზავნის.

ვახტანგ აბაშიძე 1979 წლის 11 ივლისს, თბილისში დაიბადა. სამხატვრო განათლება არასოდეს მიუღია (პროფესიით ექიმია). იგი ერთადერთი ქართველია, რომელმაც კომპანია „გუგლის“ ახალი პროდუქტის – Google Open Gallery–ს პლატფორმაზე საკუთარი ნამუშევრების განთავსების ნებართვა მიიღო ( იხილეთ ბმული). მხატვრული ნიჭის გარდა, ვახტანგ აბაშიძე განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობებითაც გამოირჩევა: 2005 წელს, გაზეთ „ფენომენის“ რედაქციაში ზეპირად გაამრავლა ორი 10–ნიშნა რიცხვი, 2014 წელს კი მსოფლიოში უნიკალური, ე.წ. „სარკისებური მეთოდით“ (ამობრუნებულ მდგომარეობაში) 7–ნიშნა რიცხვების გამრავლება მოახერხა. მისი გონებრივი შესაძლებლობები აქტიურად გაშუქდა მედიაში, 2006 წელს კი გერმანიაში, „მეხსიერებითი გამოთვლების მსოფლიო თასზე“ იყო მიწვეული.

ამ თემაზე:



loading...