ჩხოროწყუში ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მეორე რეკორდი დაამყარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა მხატვარმა ვახტანგ აბაშიძემ მორიგი რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა იოსებ ხუციშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა

26 January 2015

რეკორდსმენი ვახტანგ აბაშიძე სამხატვრო აკადემიაში შეხვედრას გამართავს

სამშაბათს, 27 იანვარს, სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში (თბილისი, გრიბოედოვის №22) ქართველი თვითნასწავლი მხატვარი და რეკორდსმენი ვახტანგ (ვატო) აბაშიძე სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს. ღონისძიების ორგანიზატორია დიზაინის ფაკულტეტის სამრეწველო დიზაინის მიმართულება. დასწრება თავისუფალია.

შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება. ვახტანგ აბაშიძე დამსწრე საზოგადოებას გააცნობს საკუთარ ხედვას და ფერების აღქმის თავისებურებებს, აგრეთვე წარმოადგენს მის ნამუშევრებს. შეხვედრა წარიმართება კითხვა–პასუხის რეჟიმში.

ვახტანგ აბაშიძე 1979 წლის 11 ივლისს, თბილისში დაიბადა. სამხატვრო განათლება არასოდეს მიუღია (პროფესიით ექიმია).  შექმნილი აქვს საყოფაცხოვრებო ავეჯის 5 383 ესკიზი (A4 ზომის ფურცლებზე) და 10 000–ზე მეტი აბსტრაქტული ნახატი (ციფრულ ფორმატში). თითოეული რიცხობრივი პარამეტრი დაფიქსირებულია საქართველოს რეკორდების ფედერაციის მიერ და მინიჭებული აქვს მსოფლიო რეკორდის სტატუსი. ვახტანგ აბაშიძე ერთადერთი ქართველი მხატვარია, რომელმაც კომპანია „გუგლის“ ახალი პროდუქტის – Google Open Gallery–ს პლატფორმაზე საკუთარი ნამუშევრების განთავსების ნებართვა მიიღო (იხილეთ ბმული). გარდა ამისა, გამოირჩევა განსაკუთრებული მეხსიერებითი უნარით და ფლობს არაოფიციალურ რეკორდს 7–ციფრიანი რიცხვების ზეპირ გამრავლებაში.

ამ თემაზე:




25 January 2015

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რეკორდები დაამყარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა – პოლიციის მაიორმა იოსებ ხუციშვილმა და ლეიტენანტმა ვახტანგ ლუქუნიძემ რეკორდები დაამყარეს. მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენმა ხუციშვილმა აზიდვებში მორიგი აბსოლუტური შედეგი აჩვენა, ლუქუნიძემ კი ტურნიკზე (ჰორიზონტალურ ძელზე) ე.წ. თავისუფალი სტილით მიზიდვები შეასრულა და ეროვნული მასშტაბით საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. პოლიციელების მიღწევები საქართველოს რეკორდების ფედერაციამ ადგილზე დაადასტურა.

ღონისძიება 22 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტულ კომპლექსში გაიმართა. რეკორდების დამყარების პროცესი ფედერაციის ინტერნეტ–მაუწყებლობის, GRF TV–ის მეშვეობით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და მისი ყურება ფედერაციის ვებ–გვერდზე იყო შესაძლებელი.

ასპარეზობაზე პირველი ვახტანგ ლუქუნიძე გამოვიდა. 98 კგ წონის სპორტსმენმა პირველ ჯერზე 38 მიზიდვა შეასრულა, შესვენების შემდეგ კი კიდევ 8–ჯერ აიწია ღერძზე, თუმცა უკანასკნელი მოძრაობა არასრულად ჩაითვალა. გარდა ამისა, გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთწუთიანი დროის მონაკვეთში ზუსტად 45 მოძრაობა შესრულდა – რეზულტატი აბსოლუტური სიზუსტით დაემთხვა წინასწარ განსაზღვრულ მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ ვახტანგ ლუქუნიძის 45 მიზიდვა მხოლოდ ხუთი ერთეულით ჩამორჩება თავდაპირველ აბსოლუტურ რეკორდს.


„მოსამზადებლად დაახლოებით 3–4 თვე დამჭირდა. მზადების პერიოდში ორმაგი ვარჯიშების შესრულება მიწევდა, რადგან კონტაქტურ კარატეში (კიოკუშინკაი) საქართველოს ჩემპიონატისთვის ვემზადები, თუმცა, უფლის ნებით, შევძელი ეროვნული რეკორდის დამყარება“ – განაცხადა ვახტანგ ლუქუნიძემ.

თანამშრომლის წარმატებული დებიუტის შემდეგ იოსებ ხუციშვილის ჯერი დადგა. ბრიტანელი პედი დოილის შედეგის გასაუმჯობესებლად ქართველ პოლიციელს ამოტრიალებულ მტევნებზე, 60 გირვანქა (27.2 კგ) წონის დამატებითი ტვირთით ერთი წუთის განმავლობაში 38–ზე მეტი აზიდვა უნდა შეესრულებინა. რკინის ფილებით შევსებულმა ჩანთის აწონვამ ნორმაზე ზუსტად ერთი კილოგრამით მეტი – 28.2 კილოგრამი აჩვენა. ამის მიუხედავად, ხუციშვილს რეკორდის დამყარება არ გასჭირვებია – პირველ 30 წამში 42–ჯერ აიზიდა და ბრიტანელი ძალოსანის შედეგი ნახევარ დროში დაამხო, თუმცა ამით არ დაკმაყოფილდა და 1 წუთის ამოწურვამდე კიდევ 13 მოძრაობა შეასრულა.


„ამ რეკორდისთვის სამი თვის განმავლობაში ინტენსიურად ვემზადებოდი. აზიდვების შესრულება ამოტრიალებულ მტევნებზე, თანაც დამატებითი ტვირთით ძალიან მტკივნეული და რთული შესასრულებელია. მიმაჩნია, რომ დასახული მიზნის მისაღწევად მთავარი შრომისმოყვარეობა და ბრძოლისუნარიანობაა. მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, აგრეთვე მეგობრებს, რომლებიც გვერდით მედგნენ და მამხნევებდნენ რეკორდის დამყარების პროცესში“ – აღნიშნა იოსებ ხუციშვილმა ინტერვიუში.


ფედერაციის პრეზიდენტის – დავით ბეგიაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების რეზულტატები მნიშვნელოვანია მათი მასშტაბების შესაბამისად:

„ვახტანგ ლუქუნიძის შედეგი საკმაოდ ეფექტურია მსოფლიო მასშტაბით, რადგან პირველად აღიარებულ მსოფლიო რეკორდს მხოლოდ ხუთი ერთეულით ჩამორჩება. რაც შეეხება იოსებ ხუციშვილს, დღეს მან კიდევ ერთი ურთულესი რეკორდი დაამყარა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იოსებმა დაწესებულზე ერთი კილოგრამით მეტი წონით შეასრულა აზიდვები და წინა რეკორდს 17 ერთეულით გადააჭარბა. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ სპორტსმენს, ჩვენ კი ვაგრძელებთ მუშაობას ახალი ღონისძიებების ჩასატარებლად“ – განაცხადა მან.

ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებაში საქართველოს რეკორდების ფედერაციის მიერ სერტიფიცირებული ოთხი რეკორდსმენი ირიცხება: შსს-ს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის თანამშრომელი, 13–გზის მსოფლიო რეკორდსმენი აზიდვებში – იოსებ ხუციშვილი, ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი, ტურნიკზე მიზიდვაში ეროვნული რეკორდის ავტორი ვახტანგ ლუქუნიძე, შსს-ს სპეციალური ოპერაციების ცენტრის თანამშრომლები – ჟანრი ნოდია და გიორგი მანველიძე, რომლებმაც რეკორდსმენის ტიტულები 2013 წელს, მუშტებზე შესრულებული სხვადასხვა სახეობის აზიდვების შესრულებისთვის მიიღეს.

იხილეთ ღონისძიების ფოტო და ვიდეო:



ამ თემაზე:

„შსს–ს ორი თანამშრომელი რეკორდების დამყარებას შეეცდება“

„იოსებ ხუციშვილმა ბრიტანელი პედი დოილის რეკორდი მოხსნა“

„პოლიციის კაპიტანი იოსებ ხუციშვილი გინესის რეკორდის მოხსნას შეეცდება“

21 January 2015

შსს–ს ორი თანამშრომელი რეკორდების დამყარებას შეეცდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები – მაიორი იოსებ ხუციშვილი და ლეიტენანტი ვახტანგ ლუქუნიძე რეკორდების დამყარებას შეეცდებიან. ღონისძიება ხვალ, 13:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტკომპლექსის განყოფილებაში (კახეთის გზატკეცილი, 38–ე კილომეტრი) ჩატარდება და მისი ყურება ონლაინ რეჟიმში, საქართველოს რეკორდების ფედერაციის ვებ–გვერდზე იქნება შესაძლებელი.

მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენი იოსებ ხუციშვილი რეკორდის დამყარებას ამჯერად ამოტრიალებულ მტევნებზე აზიდვებში, დამატებითი 27–კილოგრამიანი ზურგჩანთით აპირებს. მოქმედი მსოფლიო რეკორდის მოსახსნელად მან ერთი წუთის განმავლობაში 38–ზე მეტი მოძრაობა უნდა შეასრულოს. 2010 წლიდან დღემდე ხუციშვილს აზიდვების სხვადასხვა სახეობაში 10–ზე მეტი მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული, გარდა ამისა, წარმატებით ასპარეზობს თავისუფალ ჭიდაობაშიც.

პოლიციის ლეიტენანტი ვახტანგ ლუქუნიძე ეროვნული რეკორდის დამყარებას ტურნიკზე (ჰორიზონტალურ ძელზე) ე.წ. თავისუფალ მიზიდვაში შეეცდება. რეკორდის ეს კატეგორია განსხვავდება სტანდარტული ვარჯიშის სტილისგან და გულისხმობს მოძრაობების შესრულებას სხეულის რხევის დახმარებით. მიმდინარე მსოფლიო რეკორდი – 66 მიზიდვა რუსეთის მოქალაქე ვიტალი კულიკოვს ეკუთვნის, ეროვნული რეკორდის მინიმუმ ზღვრად კი, პარტნიორ ორგანიზაციებთან კონსულტაციის შემდეგ, ფედერაციამ 45 მოძრაობა დააწესა, რაც მხოლოდ ხუთი ერთეულით ჩამორჩება თავდაპირველ აბსოლუტურ შედეგს. ვახტანგ ლუქუნიძისთვის ეს სარეკორდო ასპარეზობა პირველია, თუმცა იგი წარმატებულად ასპარეზობს სპორტის სხვა სახეობაში – არის რაიონული, რეგიონული და ეროვნული ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი, საქართველოს ჩემპიონი კარატეში და ამჟამადაც აქტიურად ემზადება კიოკუშინკაი კარატეს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში (აბსოლუტურ წონით კატეგორიაში) მონაწილეობის მისაღებად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ასპარეზობებს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯთა კომისია დააკვირდება. წარმატების შემთხვევაში, სპორტსმენებს ფედერაციისგან მათი მიღწევების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ.

ამ თემაზე:


20 January 2015

თემურ დადიანი „რიფლეის დაუჯერებელი ფაქტების“ კომიქსებში მოხვდა

„რიფლეის დაუჯერებელი ფაქტების“ პუბლიკაციაში კიდევ ერთი ქართველის – თემურ დადიანის სახელი მოხვდა. პოპულარული ამერიკული გამოცემა ამპუტირებული ჯარისკაცის მიერ დამყარებულ უნიკალური რეკორდის შესახებ წერს. უახლოეს მომავალში თემურ დადიანი „რიფლეის“ რედაქციიდან მისი მიღწევის დამადასტურებელ ოფიციალურ სერტიფიკატსაც მიიღებს.


ინფორმაცია ქართველი რეკორდსმენის შესახებ „რიფლეის“ სერიულ კომიქსში გამოქვეყნდა. 10 იანვარს გამოცემულ პუბლიკაციაში ვკითხულობთ: „საქართველოს არმიის კაპრალმა თემურ დადიანმა, რომელმაც 2011 წელს ავღანეთში ორივე ფეხი დაკარგა, 38 წამში 36 აზიდვა შეასრულა“. კომიქსი გაფორმებულია ფანქრით შესრულებული ილუსტრაციით, რომელიც თემურ დადიანის მიერ რეკორდის დამყარების პროცესს ასახავს. ქართველი რეკორდსმენის მიღწევასთან ერთად, კომიქსში მოყვანილია საინტერესო ფაქტები აშშ–ს 28–ე პრეზიდენტის – თომას ვუდრო ვილსონისა და XX საუკუნის უდიდესი მეცნიერის – ალბერტ აინშტაინის შესახებ.

„რიფლეის დაუჯერებელი ფაქტების“ რედაქციამ  კომიქსების შექმნა 1920–იანი წლებში დაიწყო და ამჟამად მსოფლიოს 40–ზე მეტ ქვეყანაში იბეჭდება. გარდა ამისა, ორგანიზაცია ყოველწლიურად გამოსცემს „რიფლეის წიგნს“, სადაც განსაკუთრებულად საინტერესო ფაქტები იყრის თავს. ამ დროისათვის კომიქსებში ორი ქართველი რეკორდსმენი – დავით ბეგიაშვილი და თემურ დადიანი იკავებენ ადგილს, წიგნში კი ჯერჯერობით მხოლოდ ანა ლომინაძის მიღწევაა შეტანილი.

ამ თემაზე:

„თემურ დადიანის რეკორდი 2014 წლის ტოპ ათეულშია“

„თემურ დადიანის მიღწევა „უნიკალური მსოფლიო რეკორდების“ ორგანიზაციამ აღიარა“

„თემურ დადიანმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა“

„ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი რეკორდის დასამყარებლად ემზადება“

„ანა ლომინაძის რეკორდი „რიფლეის წიგნში“ შეიტანეს“

16 January 2015

იოანე ნიკოლაიშვილმა IPad–ზე ბეჭდვაში რეკორდი დაამყარა

14 წლის ქუთაისელმა იოანე ნიკოლაიშვილმა პლანშეტურ კომპიუტერზე (IPad–ზე) ბეჭდვაში ეროვნული რეკორდი დაამყარა და ამავე დროს მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა – ლათინური ანბანის ასაკრეფად მას მხოლოდ 4.25 წამი დასჭირდა. მიღწევა ადგილზე დააფიქსირა საქართველოს რეკორდების ფედერაციამ.

ღონისძიებას მაღაზია „აიტექნიკმა“ უმასპინძლა. სარეკორდო მცდელობა საერთაშორისოდ აღიარებული წესების დაცვით ჩატარდა: იოანემ მსაჯების თანდასწრებით, ლათინური ანბანის ოცდაექვსი ასო თანამიმდევრულად და უშეცდომოდ აკრიფა. ფედერაციის პრეზიდენტის – დავით ბეგიაშვილის განცხადებით, ქუთაისელი მოზარდის შედეგი მნიშვნელოვნად აჭარბებს ეროვნული რეკორდის პარამეტრებს:

„დღეს ჩვენს პრაქტიკაში პირველი ეროვნული რეკორდი დავაფიქსირეთ, თუმცა მიღებული რეზულტატი გაცილებით მასშტაბურია – იოანეს ნაჩვენები შედეგი აბსოლუტურ რეკორდს მხოლოდ 1.78 წამით ჩამორჩება და ამავე დროს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გინესის წიგნის მიერ აღიარებულ წინა ორ შედეგს (ედუარდ სააკაშვილის 5.26 წამი და  ჩარლი მაკდონელის 6.31წამი). ვიმედოვნებ, რომ იგი უახლოეს მომავალში აბსოლუტურ რეკორდსაც მოხსნის“.


IPad–ზე სწრაფი ბეჭდვის იდეა მას შემდეგ მომივიდა, რაც ინტერნეტით ედვარდ სააკაშვილის რეკორდის შესახებ შევიტყვე. ამ შედეგის მისაღწევად დაახლოებით ორთვიანი მომზადება დამჭირდა. ძალიან გახარებული ვარ, შემეძლო უფრო ნაკლებ დროშიც ამეკრიფა, თუმცა ნერვიულობამ შემიშალა ხელი. მომავალში მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებას შევეცდები“ – განაცხადა რეკორდსმენმა.


აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში მსოფლიო რეკორდსმენის ტიტული სამი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა გადაიბარა. მათ შორის ერთ–ერთია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი – ედუარდ სააკაშვილი 5.26–წამიანი შედეგით, მიმდინარე მსოფლიო რეკორდი კი კანადელ ჩეის სემუელს ეკუთვნის, რომელმაც ლათინური ანბანი 2.47 წამში აკრიფა.


ამ თემაზე:



15 January 2015

14 წლის მოზარდი IPad–ზე ანბანის აკრეფაში რეკორდის მოხსნას გეგმავს

14 წლის იოანე ნიკოლაიშვილი ე.წ. პლანშეტურ კომპიუტერზე (IPad–ზე) ანბანის აკრეფაში ეროვნული რეკორდის დამყარებას შეეცდება. ღონისძიება 16 დეკემბერს, 14:00 საათზე, მაღაზია „iTechnic“–ში (თბილისი, რუსთაველის №42) გაიმართება.

წესების თანახმად, პრეტენდენტმა ლათინური ანბანის ოცდაექვსივე ასო პლანშეტური კომპიუტერის სენსორულ კლავიატურაზე, ერთი ხელით, უშეცდომოდ უნდა აკრიფოს. იოანე ნიკოლაიშვილი იმედოვნებს, რომ აღნიშნული ამოცანის შესასრულებლად 5 წამზე ნაკლები დრო დასჭირდება. სარეკორდო მცდელობას საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯები დააკვირდებიან და ადგილზე დააფიქსირებენ მის შედეგს.

IPad–ზე ანბანის აკრეფის აბსოლუტური რეკორდი უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში სამი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა გადაიბარა. მათ შორის ერთ–ერთია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი ედუარდ სააკაშვილი, რომელმაც ანბანის აკრეფას 5.26 წამი მოანდომა. ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო შედეგი 2.47 წამია, თუმცა იმის გამო, რომ იოანე ნიკოლაიშვილის მოსალოდნელი რეზულტატი აუმჯობესებს გინესის წიგნის მიერ აღიარებულ წინა ორ შედეგს (5.26 წამი – ედუარდ სააკაშვილი და 6.31 წამი – ჩარლი მაკდონელი), სავარაუდოდ, იგი მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილს დაიკავებს.

ამ თემაზე:


13 January 2015

2014 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები

საქართველოს რეკორდების ფედერაციამ გასული წლის შედეგები შეაჯამა. გთავაზობთ 2014 წლის მნიშვნელოვანი მოვლენების კრებულს ქრონოლოგიური თანამიმდევრობით:

იანვარი


23 იანვარს საქართველოს რეკორდების ფედერაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“–მა უმასპინძლა. „დილა მშვიდობისა, საქართველო!“–ს პირდაპირი ეთერი ძალოსანი გურამ უსტიაშვილის მიერ კბილებით მსუბუქი ავტომობილის (BMW 525) საჩვენებელი გაწევით დაიწყო, შემდეგ კი ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეგიაშვილმა მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა და რეკორდსმენობის ორი ახალი პრეტენდენტი წარადგინა: 23 037 ასანთის ღერისგან შექმნილი უნიკალური მოზაიკის ავტორი გურამ ლომსაძე და ძალოსანი გიორგი როსტომაშვილი, რომელმაც გადაცემის დასრულებისას შტანგის 25–კილოგრამიანი სიმძიმით ე.წ. „ფლიპინგში“ მსოფლიო რეკორდი მოხსნა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სატელევიზიო სივრცეში ეს იყო ოფიციალური მსოფლიო რეკორდის დამყარების პირველი ფაქტი.



თებერვალი


თებერვალში ფედერაციამ პარტნიორული პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა დაიწყო საერთაშორისო ორგანიზაცია „უნივერსალური რეკორდების ფორუმთან“ (URF). პროგრამის პირობების თანახმად, URF–ს სერტიფიცირების სერვისის სტანდარტული ერთწლიანი ვადა მინიმუმამდე შემცირდა და ექსკლუზიურად ქართველი რეკორდსმენებისთვის სამი სამუშაო დღით განისაზღვრა. პირველ ეტაპზე, „უნივერსალური რეკორდების ფორუმის“ აღიარება გიორგი მათურელმა, დავით ჟორჟოლიანმა და არტაშეს ელბაქიანმა მოიპოვეს. თითოეულ მათგანს სერტიფიკატი გადაეცა და ორგანიზაციის ვებსაიტზე პერსონალური განყოფილება გამოეყო.

მარტი


3 მარტს ფედერაციის ვებსაიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია მრავალმხრივი ნიჭის მქონე ვახტანგ აბაშიძის შესახებ, რომელიც ამჟამად უკვე ფლობს მსოფლიო რეკორდსმენის ტიტულს ციფრულ ფორმატში შესრულებული 10 000 აბსტრაქტული ნახატისა და 5 383 ფუტურისტული ესკიზის შესრულებისთვის. გარდა ამისა, გამოირჩევა განსაკუთრებული მეხსიერებითი უნარით.




26 მარტს საქართველოში პირველი შეჯიბრი ჩატარდა აზიდვებში. მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად ერთმანეთს 9 პრეტენდენტი უწევდა კონკურენციას. მათ შორის იყო სამი მოქმედი მსოფლიო რეკორდსმენი – დავით ჟორჟოლიანი, გიორგი მათურელი და მამუკა ორმოცაძე. დაძაბულ კონკურენციაში გიორგი მათურელმა გაიმარჯვა, რომელმაც 31–კილოგრამიანი ზურგჩანთით ერთ წუთში 48 აზიდვა შეასრულა. საუკეთესო შედეგის მქონე სამეული ღონისძიების გენერალურმა სპონსორმა – მაღაზია „მასტერ სპორტმა“ დაასაჩუქრა.



აპრილი


3 აპრილს ანა ლომინაძემ რიგით მეორე მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ქალთევზად წოდებულმა რეკორდსმენმა ბორკილებითა და ჯაჭვებით ხელფეხშეკრულ მდგომარეობაში 25–მეტრი სიგრძის აუზი 21.76 წამში გადაცურა. ღონისძიება თბილისში, დიღმის საცურაო აუზზე ჩატარდა და მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა.



მაისი


შემდეგ ღონისძიებას მესტიის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე დავით ჟორჟოლიანმა 51–კილოგრამიანი ზურგჩანთით ცერა თითებზე 14 აზიდვა შეასრულა და გინესის დაწესებულ მოთხოვნებს ყველა პარამეტრით გადააჭარბა. ჟორჟოლიანის შედეგი ადგილზე დაადასტურა საქართველოს რეკორდების ფედერაციამ.



ივლისი


ივლისში დიდი დანაკარგი განიცადა ქართულმა სპორტულმა საზოგადოებამ – 25 ივლისს,  75 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიო რეკორდსმენი და ველომოგზაური ჯუმბერ ლეჟავა. იგი პირველი ქართველია, რომელიც გინესის წიგნში მოხვდა. აგრეთვე, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის სახელობის I ხარისხის ორდენი, მინიჭებული აქვს „მოგზაური დიპლომატისა“ და „მსოფლიო სპორტსმენის“ სტატუსი, გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა „სპორტის რაინდის“ წოდება მიანიჭა.

აგვისტო


გასული წლის აგვისტო ყველაზე დატვირთული აღმოჩნდა – საქართველოს რეკორდების ფედერაციამ ერთი კვირის ინტერვალით ორი ახალი მიღწევა დაარეგისტრირა; 3 აგვისტოს, კაპრალმა თემურ დადიანმა ტანვარჯიშის ერთ–ერთ პოპულარულ სახეობაში – ე.წ. „ფლენჩ“ (Planche) მდგომარეობაში 36 აზიდვა შეასრულა და გინესის მიერ დაწესებულ ზღვარს სამჯერ გადააჭარბა.



თემურ დადიანი ამპუტირებული ჯარისკაცია – იგი 2011 წელს ავღანეთში, ISAF–ის მისიაში მონაწილეობის დროს ნაღმზე აფეთქდა და ორივე ფეხი დაკარგა, ზუსტად სამი წლის შემდეგ კი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ სარეკორდო ღონისძიებას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ–მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო. გარდა ამისა, დადიანს წარმატება მიულოცეს ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.


ერთი კვირის შემდეგ, 10 აგვისტოს, სახალხო დღესასწაულ „თიანეთობა 2014“–ის ფარგლებში, 3–გზის მსოფლიო რეკორდსმენი გიორგი მათურელის მორიგი ასპარეზობა გაიმართა. მან ერთი წუთის განმავლობაში, 40–კილოგრამიანი ზურგჩანთით მუშტებზე 32 აზიდვა გააკეთა და მეოთხე რეკორდი დაამყარა.



სექტემბერი

16 სექტემბერს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯები ქსნის 15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდნენ. მათ ადგილზე დააფიქსირეს მსჯავრდებული რეკორდსმენის, კუკური სალბიშვილის ორი ახალი მიღწევა – აზიდვები ერთ თითზე და აზიდვები იოგას პოზაში – „ბაკასანა“. სალბიშვილი მარჯვენა ხელის შუათითზე 25–ჯერ აიზიდა და ამ შედეგით საკუთარი რეკორდი 8 ერთეულით გააუმჯობესა, „ბაკასანას“ პოზაში კი შეუჩერებლად 42 მოძრაობა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ  აზიდვების შესრულების ამ სტილს ანალოგი არ მოეპოვება.



ნოემბერი


7 ნოემბერს, თბილისის ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში გიორგი როსტომაშვილმა საცდელ ასპარეზობაზე 22.5–ტონიანი სარკინიგზო ვაგონი მხოლოდ ერთი თითით გაათრია. სამომავლოდ ამ შედეგის გამეორებას ქართველი ძალოსანი უკვე ოფიციალურ ღონისძიებაზე შეეცდება. შეგახსენებთ, რომ გიორგი როსტომაშვილმა პირველი რეკორდი იანვარში, 25–კილოგრამიანი ტვირთის ე.წ. „ფლიპინგში“ დაამყარა.



დეკემბერი


წლის ბოლოს მსოფლიო რეკორდი ხელოვნების დარგშიც დაფიქსირდა. სიმბოლურია, რომ სარეკორდო ღონისძიების თარიღი აბსტრაქციონიზმის ფუძემდებლის – ვასილი კანდინსკის 148–ე იუბილეს დაემთხვა. „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში“  16 დეკემბერს გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა თვითნასწავლმა მხატვარმა ვატო აბაშიძემ საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინა. იგი 5 383 ფუტურისტული ესკიზისა და 10 000–ზე მეტი აბსტრაქტული ნახატის ავტორია. ესკიზები A4 ზომის ფურცელზე, კალმით აქვს შესრულებული, აბსტრაქტულ ნახატებს კი ციფრულ ფორმატში, სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამით ასრულებს. შესაბამისად, საქართველოს რეკორდების ფედერაციამ ცალ–ცალკე დაარეგისტრირა თითოეული მიღწევა და ვატო აბაშიძეს მსოფლიო რეკორდის დამადასტურებელი ორი სერტიფიკატი გადასცა.



2014 წელი საქართველოს რეკორდების ფედერაციისთვის კიდევ ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატებით დასრულდა – 31 დეკემბერს რეკორდების მარეგისტრირებელმა ამერიკულმა ორგანიზაცია „რეკორდსეთერმა“ (RSWR) საუკეთესო რეკორდების ტოპ ათეული გამოაქვეყნა. რეიტინგში მოხვდა თემურ დადიანის „ამპუტირებული აზიდვების“ რეკორდი:


„კაპრალმა თემურ დადიანმა ავღანეთში, ნაღმზე აფეთქების შედეგად ორივე ფეხი დაკარგა, თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა თემურს აზიდვების მსოფლიო რეკორდის დამყარებაში. თანამემამულე ჯარისკაცების თვალწინ დადიანმა წუთში 36 აზიდვის შესრულება შეძლო.“ – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო ბიულეტენში.
* * *
გასული 12 თვის განმავლობაში, საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით დარეგისტრირდა ცხრა მსოფლიო რეკორდი, შედგა უჩვეულო უნარის მქონე ოთხი ახალი პიროვნების დებიუტი. ფედერაცია აქტიურ მუშაობას აგრძელებს ქართული რეკორდული პოტენციალის მაქსიმალურად გამოსავლენად და იმედოვნებს, რომ გასულ წელთან შედარებით, ახალი 2015 წელი კიდევ უფრო მეტად წარმატებული იქნება.

04 January 2015

„მტკიცე სულისკვეთება!“ – თემურ დადიანის ვიდეო სოციალურ ქსელში პოპულარული ხდება

სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოპულარობით სარგებლობს ვიდეო, რომელშიც ასახულია ამპუტირებული ქართველი ჯარისკაცისთემურ დადიანის მიერ რეკორდის დამყარების პროცესი. ვიდეომასალა ცნობილი ფიტნესინსტრუქტორისფრენკ მედრენოს ოფიცალურ გვერდზე 2014 წლის 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა და 500 000–ზე მეტმა მომხმარებელმა ნახა. ამ დროისათვის, ვიდეოს 30 134 მოწონება და 20 873 გაზიარება აქვს.

მტკიცე სულისკვეთება! – ასე დაასათაურა გვერდის ადმინისტრაციამ ქართველი ჯარისკაცის რეკორდი. ვიდეოს აღწერაში კი ვკითხულობთ: იქონიეთ მტკიცე სულისკვეთება! იყავით პოზიტიურები, ენერგიულები, ძლიერები, რათა ვერანაირმა დაბრკოლებამ, უკუსვლამ და გამოწვევამ ხელი ვერ შეგიშალოთ თქვენი მიზნების წარმატებით განხორციელებაში!


23 წლის კაპრალმა თემურ დადიანმა, რომელმაც ორივე ქვედა კიდური ავღანეთში ნაღმზე აფეთქების დროს დაკარგა, მსოფლიო რეკორდი გასული წლის 3 აგვისტოს, თავდაცვის სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე დაამყარა: მან ერთ წუთზე ნაკლებ დროში (38,25 წამში), ე.წ. „ფლენჩ“ პოზიციაში ზედიზედ 36 აზიდვა შეასრულა და გინესის მიერ დაწესებულ ზღვარს სამჯერ გადააჭარბა. დადიანის შედეგი ადგილზე დააფიქსირა საქართველოს რეკორდების ფედერაციამ.

ამ თემაზე:

„თემურ დადიანი „რიფლეის დაუჯერებელი ფაქტების“ კომიქსებში მოხვდა“