13 January 2015

2014 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები

საქართველოს რეკორდების ფედერაციამ გასული წლის შედეგები შეაჯამა. გთავაზობთ 2014 წლის მნიშვნელოვანი მოვლენების კრებულს ქრონოლოგიური თანამიმდევრობით:

იანვარი


23 იანვარს საქართველოს რეკორდების ფედერაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“–მა უმასპინძლა. „დილა მშვიდობისა, საქართველო!“–ს პირდაპირი ეთერი ძალოსანი გურამ უსტიაშვილის მიერ კბილებით მსუბუქი ავტომობილის (BMW 525) საჩვენებელი გაწევით დაიწყო, შემდეგ კი ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეგიაშვილმა მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა და რეკორდსმენობის ორი ახალი პრეტენდენტი წარადგინა: 23 037 ასანთის ღერისგან შექმნილი უნიკალური მოზაიკის ავტორი გურამ ლომსაძე და ძალოსანი გიორგი როსტომაშვილი, რომელმაც გადაცემის დასრულებისას შტანგის 25–კილოგრამიანი სიმძიმით ე.წ. „ფლიპინგში“ მსოფლიო რეკორდი მოხსნა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სატელევიზიო სივრცეში ეს იყო ოფიციალური მსოფლიო რეკორდის დამყარების პირველი ფაქტი.



თებერვალი


თებერვალში ფედერაციამ პარტნიორული პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა დაიწყო საერთაშორისო ორგანიზაცია „უნივერსალური რეკორდების ფორუმთან“ (URF). პროგრამის პირობების თანახმად, URF–ს სერტიფიცირების სერვისის სტანდარტული ერთწლიანი ვადა მინიმუმამდე შემცირდა და ექსკლუზიურად ქართველი რეკორდსმენებისთვის სამი სამუშაო დღით განისაზღვრა. პირველ ეტაპზე, „უნივერსალური რეკორდების ფორუმის“ აღიარება გიორგი მათურელმა, დავით ჟორჟოლიანმა და არტაშეს ელბაქიანმა მოიპოვეს. თითოეულ მათგანს სერტიფიკატი გადაეცა და ორგანიზაციის ვებსაიტზე პერსონალური განყოფილება გამოეყო.

მარტი


3 მარტს ფედერაციის ვებსაიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია მრავალმხრივი ნიჭის მქონე ვახტანგ აბაშიძის შესახებ, რომელიც ამჟამად უკვე ფლობს მსოფლიო რეკორდსმენის ტიტულს ციფრულ ფორმატში შესრულებული 10 000 აბსტრაქტული ნახატისა და 5 383 ფუტურისტული ესკიზის შესრულებისთვის. გარდა ამისა, გამოირჩევა განსაკუთრებული მეხსიერებითი უნარით.




26 მარტს საქართველოში პირველი შეჯიბრი ჩატარდა აზიდვებში. მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად ერთმანეთს 9 პრეტენდენტი უწევდა კონკურენციას. მათ შორის იყო სამი მოქმედი მსოფლიო რეკორდსმენი – დავით ჟორჟოლიანი, გიორგი მათურელი და მამუკა ორმოცაძე. დაძაბულ კონკურენციაში გიორგი მათურელმა გაიმარჯვა, რომელმაც 31–კილოგრამიანი ზურგჩანთით ერთ წუთში 48 აზიდვა შეასრულა. საუკეთესო შედეგის მქონე სამეული ღონისძიების გენერალურმა სპონსორმა – მაღაზია „მასტერ სპორტმა“ დაასაჩუქრა.



აპრილი


3 აპრილს ანა ლომინაძემ რიგით მეორე მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ქალთევზად წოდებულმა რეკორდსმენმა ბორკილებითა და ჯაჭვებით ხელფეხშეკრულ მდგომარეობაში 25–მეტრი სიგრძის აუზი 21.76 წამში გადაცურა. ღონისძიება თბილისში, დიღმის საცურაო აუზზე ჩატარდა და მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა.



მაისი


შემდეგ ღონისძიებას მესტიის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე დავით ჟორჟოლიანმა 51–კილოგრამიანი ზურგჩანთით ცერა თითებზე 14 აზიდვა შეასრულა და გინესის დაწესებულ მოთხოვნებს ყველა პარამეტრით გადააჭარბა. ჟორჟოლიანის შედეგი ადგილზე დაადასტურა საქართველოს რეკორდების ფედერაციამ.



ივლისი


ივლისში დიდი დანაკარგი განიცადა ქართულმა სპორტულმა საზოგადოებამ – 25 ივლისს,  75 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიო რეკორდსმენი და ველომოგზაური ჯუმბერ ლეჟავა. იგი პირველი ქართველია, რომელიც გინესის წიგნში მოხვდა. აგრეთვე, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის სახელობის I ხარისხის ორდენი, მინიჭებული აქვს „მოგზაური დიპლომატისა“ და „მსოფლიო სპორტსმენის“ სტატუსი, გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა „სპორტის რაინდის“ წოდება მიანიჭა.

აგვისტო


გასული წლის აგვისტო ყველაზე დატვირთული აღმოჩნდა – საქართველოს რეკორდების ფედერაციამ ერთი კვირის ინტერვალით ორი ახალი მიღწევა დაარეგისტრირა; 3 აგვისტოს, კაპრალმა თემურ დადიანმა ტანვარჯიშის ერთ–ერთ პოპულარულ სახეობაში – ე.წ. „ფლენჩ“ (Planche) მდგომარეობაში 36 აზიდვა შეასრულა და გინესის მიერ დაწესებულ ზღვარს სამჯერ გადააჭარბა.



თემურ დადიანი ამპუტირებული ჯარისკაცია – იგი 2011 წელს ავღანეთში, ISAF–ის მისიაში მონაწილეობის დროს ნაღმზე აფეთქდა და ორივე ფეხი დაკარგა, ზუსტად სამი წლის შემდეგ კი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ სარეკორდო ღონისძიებას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ–მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო. გარდა ამისა, დადიანს წარმატება მიულოცეს ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.


ერთი კვირის შემდეგ, 10 აგვისტოს, სახალხო დღესასწაულ „თიანეთობა 2014“–ის ფარგლებში, 3–გზის მსოფლიო რეკორდსმენი გიორგი მათურელის მორიგი ასპარეზობა გაიმართა. მან ერთი წუთის განმავლობაში, 40–კილოგრამიანი ზურგჩანთით მუშტებზე 32 აზიდვა გააკეთა და მეოთხე რეკორდი დაამყარა.



სექტემბერი

16 სექტემბერს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯები ქსნის 15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდნენ. მათ ადგილზე დააფიქსირეს მსჯავრდებული რეკორდსმენის, კუკური სალბიშვილის ორი ახალი მიღწევა – აზიდვები ერთ თითზე და აზიდვები იოგას პოზაში – „ბაკასანა“. სალბიშვილი მარჯვენა ხელის შუათითზე 25–ჯერ აიზიდა და ამ შედეგით საკუთარი რეკორდი 8 ერთეულით გააუმჯობესა, „ბაკასანას“ პოზაში კი შეუჩერებლად 42 მოძრაობა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ  აზიდვების შესრულების ამ სტილს ანალოგი არ მოეპოვება.



ნოემბერი


7 ნოემბერს, თბილისის ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში გიორგი როსტომაშვილმა საცდელ ასპარეზობაზე 22.5–ტონიანი სარკინიგზო ვაგონი მხოლოდ ერთი თითით გაათრია. სამომავლოდ ამ შედეგის გამეორებას ქართველი ძალოსანი უკვე ოფიციალურ ღონისძიებაზე შეეცდება. შეგახსენებთ, რომ გიორგი როსტომაშვილმა პირველი რეკორდი იანვარში, 25–კილოგრამიანი ტვირთის ე.წ. „ფლიპინგში“ დაამყარა.



დეკემბერი


წლის ბოლოს მსოფლიო რეკორდი ხელოვნების დარგშიც დაფიქსირდა. სიმბოლურია, რომ სარეკორდო ღონისძიების თარიღი აბსტრაქციონიზმის ფუძემდებლის – ვასილი კანდინსკის 148–ე იუბილეს დაემთხვა. „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში“  16 დეკემბერს გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა თვითნასწავლმა მხატვარმა ვატო აბაშიძემ საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინა. იგი 5 383 ფუტურისტული ესკიზისა და 10 000–ზე მეტი აბსტრაქტული ნახატის ავტორია. ესკიზები A4 ზომის ფურცელზე, კალმით აქვს შესრულებული, აბსტრაქტულ ნახატებს კი ციფრულ ფორმატში, სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამით ასრულებს. შესაბამისად, საქართველოს რეკორდების ფედერაციამ ცალ–ცალკე დაარეგისტრირა თითოეული მიღწევა და ვატო აბაშიძეს მსოფლიო რეკორდის დამადასტურებელი ორი სერტიფიკატი გადასცა.



2014 წელი საქართველოს რეკორდების ფედერაციისთვის კიდევ ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატებით დასრულდა – 31 დეკემბერს რეკორდების მარეგისტრირებელმა ამერიკულმა ორგანიზაცია „რეკორდსეთერმა“ (RSWR) საუკეთესო რეკორდების ტოპ ათეული გამოაქვეყნა. რეიტინგში მოხვდა თემურ დადიანის „ამპუტირებული აზიდვების“ რეკორდი:


„კაპრალმა თემურ დადიანმა ავღანეთში, ნაღმზე აფეთქების შედეგად ორივე ფეხი დაკარგა, თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა თემურს აზიდვების მსოფლიო რეკორდის დამყარებაში. თანამემამულე ჯარისკაცების თვალწინ დადიანმა წუთში 36 აზიდვის შესრულება შეძლო.“ – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო ბიულეტენში.
* * *
გასული 12 თვის განმავლობაში, საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით დარეგისტრირდა ცხრა მსოფლიო რეკორდი, შედგა უჩვეულო უნარის მქონე ოთხი ახალი პიროვნების დებიუტი. ფედერაცია აქტიურ მუშაობას აგრძელებს ქართული რეკორდული პოტენციალის მაქსიმალურად გამოსავლენად და იმედოვნებს, რომ გასულ წელთან შედარებით, ახალი 2015 წელი კიდევ უფრო მეტად წარმატებული იქნება.
loading...