16 January 2015

იოანე ნიკოლაიშვილმა IPad–ზე ბეჭდვაში რეკორდი დაამყარა

14 წლის ქუთაისელმა იოანე ნიკოლაიშვილმა პლანშეტურ კომპიუტერზე (IPad–ზე) ბეჭდვაში ეროვნული რეკორდი დაამყარა და ამავე დროს მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა – ლათინური ანბანის ასაკრეფად მას მხოლოდ 4.25 წამი დასჭირდა. მიღწევა ადგილზე დააფიქსირა საქართველოს რეკორდების ფედერაციამ.

ღონისძიებას მაღაზია „აიტექნიკმა“ უმასპინძლა. სარეკორდო მცდელობა საერთაშორისოდ აღიარებული წესების დაცვით ჩატარდა: იოანემ მსაჯების თანდასწრებით, ლათინური ანბანის ოცდაექვსი ასო თანამიმდევრულად და უშეცდომოდ აკრიფა. ფედერაციის პრეზიდენტის – დავით ბეგიაშვილის განცხადებით, ქუთაისელი მოზარდის შედეგი მნიშვნელოვნად აჭარბებს ეროვნული რეკორდის პარამეტრებს:

„დღეს ჩვენს პრაქტიკაში პირველი ეროვნული რეკორდი დავაფიქსირეთ, თუმცა მიღებული რეზულტატი გაცილებით მასშტაბურია – იოანეს ნაჩვენები შედეგი აბსოლუტურ რეკორდს მხოლოდ 1.78 წამით ჩამორჩება და ამავე დროს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გინესის წიგნის მიერ აღიარებულ წინა ორ შედეგს (ედუარდ სააკაშვილის 5.26 წამი და  ჩარლი მაკდონელის 6.31წამი). ვიმედოვნებ, რომ იგი უახლოეს მომავალში აბსოლუტურ რეკორდსაც მოხსნის“.


IPad–ზე სწრაფი ბეჭდვის იდეა მას შემდეგ მომივიდა, რაც ინტერნეტით ედვარდ სააკაშვილის რეკორდის შესახებ შევიტყვე. ამ შედეგის მისაღწევად დაახლოებით ორთვიანი მომზადება დამჭირდა. ძალიან გახარებული ვარ, შემეძლო უფრო ნაკლებ დროშიც ამეკრიფა, თუმცა ნერვიულობამ შემიშალა ხელი. მომავალში მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებას შევეცდები“ – განაცხადა რეკორდსმენმა.


აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში მსოფლიო რეკორდსმენის ტიტული სამი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა გადაიბარა. მათ შორის ერთ–ერთია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი – ედუარდ სააკაშვილი 5.26–წამიანი შედეგით, მიმდინარე მსოფლიო რეკორდი კი კანადელ ჩეის სემუელს ეკუთვნის, რომელმაც ლათინური ანბანი 2.47 წამში აკრიფა.


ამ თემაზე:



loading...