21 January 2015

შსს–ს ორი თანამშრომელი რეკორდების დამყარებას შეეცდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები – მაიორი იოსებ ხუციშვილი და ლეიტენანტი ვახტანგ ლუქუნიძე რეკორდების დამყარებას შეეცდებიან. ღონისძიება ხვალ, 13:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტკომპლექსის განყოფილებაში (კახეთის გზატკეცილი, 38–ე კილომეტრი) ჩატარდება და მისი ყურება ონლაინ რეჟიმში, საქართველოს რეკორდების ფედერაციის ვებ–გვერდზე იქნება შესაძლებელი.

მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენი იოსებ ხუციშვილი რეკორდის დამყარებას ამჯერად ამოტრიალებულ მტევნებზე აზიდვებში, დამატებითი 27–კილოგრამიანი ზურგჩანთით აპირებს. მოქმედი მსოფლიო რეკორდის მოსახსნელად მან ერთი წუთის განმავლობაში 38–ზე მეტი მოძრაობა უნდა შეასრულოს. 2010 წლიდან დღემდე ხუციშვილს აზიდვების სხვადასხვა სახეობაში 10–ზე მეტი მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული, გარდა ამისა, წარმატებით ასპარეზობს თავისუფალ ჭიდაობაშიც.

პოლიციის ლეიტენანტი ვახტანგ ლუქუნიძე ეროვნული რეკორდის დამყარებას ტურნიკზე (ჰორიზონტალურ ძელზე) ე.წ. თავისუფალ მიზიდვაში შეეცდება. რეკორდის ეს კატეგორია განსხვავდება სტანდარტული ვარჯიშის სტილისგან და გულისხმობს მოძრაობების შესრულებას სხეულის რხევის დახმარებით. მიმდინარე მსოფლიო რეკორდი – 66 მიზიდვა რუსეთის მოქალაქე ვიტალი კულიკოვს ეკუთვნის, ეროვნული რეკორდის მინიმუმ ზღვრად კი, პარტნიორ ორგანიზაციებთან კონსულტაციის შემდეგ, ფედერაციამ 45 მოძრაობა დააწესა, რაც მხოლოდ ხუთი ერთეულით ჩამორჩება თავდაპირველ აბსოლუტურ შედეგს. ვახტანგ ლუქუნიძისთვის ეს სარეკორდო ასპარეზობა პირველია, თუმცა იგი წარმატებულად ასპარეზობს სპორტის სხვა სახეობაში – არის რაიონული, რეგიონული და ეროვნული ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი, საქართველოს ჩემპიონი კარატეში და ამჟამადაც აქტიურად ემზადება კიოკუშინკაი კარატეს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში (აბსოლუტურ წონით კატეგორიაში) მონაწილეობის მისაღებად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ასპარეზობებს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯთა კომისია დააკვირდება. წარმატების შემთხვევაში, სპორტსმენებს ფედერაციისგან მათი მიღწევების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ.

ამ თემაზე:


loading...