25 January 2015

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რეკორდები დაამყარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა – პოლიციის მაიორმა იოსებ ხუციშვილმა და ლეიტენანტმა ვახტანგ ლუქუნიძემ რეკორდები დაამყარეს. მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენმა ხუციშვილმა აზიდვებში მორიგი აბსოლუტური შედეგი აჩვენა, ლუქუნიძემ კი ტურნიკზე (ჰორიზონტალურ ძელზე) ე.წ. თავისუფალი სტილით მიზიდვები შეასრულა და ეროვნული მასშტაბით საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. პოლიციელების მიღწევები საქართველოს რეკორდების ფედერაციამ ადგილზე დაადასტურა.

ღონისძიება 22 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტულ კომპლექსში გაიმართა. რეკორდების დამყარების პროცესი ფედერაციის ინტერნეტ–მაუწყებლობის, GRF TV–ის მეშვეობით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და მისი ყურება ფედერაციის ვებ–გვერდზე იყო შესაძლებელი.

ასპარეზობაზე პირველი ვახტანგ ლუქუნიძე გამოვიდა. 98 კგ წონის სპორტსმენმა პირველ ჯერზე 38 მიზიდვა შეასრულა, შესვენების შემდეგ კი კიდევ 8–ჯერ აიწია ღერძზე, თუმცა უკანასკნელი მოძრაობა არასრულად ჩაითვალა. გარდა ამისა, გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთწუთიანი დროის მონაკვეთში ზუსტად 45 მოძრაობა შესრულდა – რეზულტატი აბსოლუტური სიზუსტით დაემთხვა წინასწარ განსაზღვრულ მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ ვახტანგ ლუქუნიძის 45 მიზიდვა მხოლოდ ხუთი ერთეულით ჩამორჩება თავდაპირველ აბსოლუტურ რეკორდს.


„მოსამზადებლად დაახლოებით 3–4 თვე დამჭირდა. მზადების პერიოდში ორმაგი ვარჯიშების შესრულება მიწევდა, რადგან კონტაქტურ კარატეში (კიოკუშინკაი) საქართველოს ჩემპიონატისთვის ვემზადები, თუმცა, უფლის ნებით, შევძელი ეროვნული რეკორდის დამყარება“ – განაცხადა ვახტანგ ლუქუნიძემ.

თანამშრომლის წარმატებული დებიუტის შემდეგ იოსებ ხუციშვილის ჯერი დადგა. ბრიტანელი პედი დოილის შედეგის გასაუმჯობესებლად ქართველ პოლიციელს ამოტრიალებულ მტევნებზე, 60 გირვანქა (27.2 კგ) წონის დამატებითი ტვირთით ერთი წუთის განმავლობაში 38–ზე მეტი აზიდვა უნდა შეესრულებინა. რკინის ფილებით შევსებულმა ჩანთის აწონვამ ნორმაზე ზუსტად ერთი კილოგრამით მეტი – 28.2 კილოგრამი აჩვენა. ამის მიუხედავად, ხუციშვილს რეკორდის დამყარება არ გასჭირვებია – პირველ 30 წამში 42–ჯერ აიზიდა და ბრიტანელი ძალოსანის შედეგი ნახევარ დროში დაამხო, თუმცა ამით არ დაკმაყოფილდა და 1 წუთის ამოწურვამდე კიდევ 13 მოძრაობა შეასრულა.


„ამ რეკორდისთვის სამი თვის განმავლობაში ინტენსიურად ვემზადებოდი. აზიდვების შესრულება ამოტრიალებულ მტევნებზე, თანაც დამატებითი ტვირთით ძალიან მტკივნეული და რთული შესასრულებელია. მიმაჩნია, რომ დასახული მიზნის მისაღწევად მთავარი შრომისმოყვარეობა და ბრძოლისუნარიანობაა. მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, აგრეთვე მეგობრებს, რომლებიც გვერდით მედგნენ და მამხნევებდნენ რეკორდის დამყარების პროცესში“ – აღნიშნა იოსებ ხუციშვილმა ინტერვიუში.


ფედერაციის პრეზიდენტის – დავით ბეგიაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების რეზულტატები მნიშვნელოვანია მათი მასშტაბების შესაბამისად:

„ვახტანგ ლუქუნიძის შედეგი საკმაოდ ეფექტურია მსოფლიო მასშტაბით, რადგან პირველად აღიარებულ მსოფლიო რეკორდს მხოლოდ ხუთი ერთეულით ჩამორჩება. რაც შეეხება იოსებ ხუციშვილს, დღეს მან კიდევ ერთი ურთულესი რეკორდი დაამყარა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იოსებმა დაწესებულზე ერთი კილოგრამით მეტი წონით შეასრულა აზიდვები და წინა რეკორდს 17 ერთეულით გადააჭარბა. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ სპორტსმენს, ჩვენ კი ვაგრძელებთ მუშაობას ახალი ღონისძიებების ჩასატარებლად“ – განაცხადა მან.

ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებაში საქართველოს რეკორდების ფედერაციის მიერ სერტიფიცირებული ოთხი რეკორდსმენი ირიცხება: შსს-ს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის თანამშრომელი, 13–გზის მსოფლიო რეკორდსმენი აზიდვებში – იოსებ ხუციშვილი, ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი, ტურნიკზე მიზიდვაში ეროვნული რეკორდის ავტორი ვახტანგ ლუქუნიძე, შსს-ს სპეციალური ოპერაციების ცენტრის თანამშრომლები – ჟანრი ნოდია და გიორგი მანველიძე, რომლებმაც რეკორდსმენის ტიტულები 2013 წელს, მუშტებზე შესრულებული სხვადასხვა სახეობის აზიდვების შესრულებისთვის მიიღეს.

იხილეთ ღონისძიების ფოტო და ვიდეო:



ამ თემაზე:

„შსს–ს ორი თანამშრომელი რეკორდების დამყარებას შეეცდება“

„იოსებ ხუციშვილმა ბრიტანელი პედი დოილის რეკორდი მოხსნა“

„პოლიციის კაპიტანი იოსებ ხუციშვილი გინესის რეკორდის მოხსნას შეეცდება“
loading...