06 February 2015

ყველაზე უცნაური რეკორდების კრებულში ორი ქართველის შედეგები მოხვდა (ვიდეო)

რეკორდების მარეგისტრირებელმა ამერიკულმა ორგანიზაცია „რეკორდსეთერმა“ (RSWR) გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, რომელიც აზიდვების ყველაზე უცნაურ მსოფლიო რეკორდებს შეიცავს. კრებულში შეტანილია ორი ქართველის – ირაკლი ვეკუასა და კუკური სალბიშვილის მიღწევები.

ორწუთიანი ვიდეორგოლი ორგანიზაციის ოფიციალურ ვიდეოარხზე ორშაბათს გამოქვეყნდა. კრებულში სულ ცხრა მსოფლიო რეკორდი მოხვდა, მათ შორის – ორი საქართველოდან. დანარჩენი შვიდი რეკორდი კი ქვეყნების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: აშშ – 3, საფრანგეთი – 2, ინგლისი – 1, ეგვიპტე – 1.



ირაკლი ვეკუას ცერა თითებზე აზიდვის რეკორდი, რომელმაც „რეკორდსეთერის“ ყურადღება მიიპყრო, 2012 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის სპორტულ დარბაზში დამყარდა. მაშინ ვეკუამ ორ თითზე 48 აზიდვა შეასრულა. ეს შედეგი დღემდე მოუხსნელია.

„რეკორდსეთერის“ კიდევ ერთი რჩეული გახდა ქართველი მსჯავრდებულის – კუკური სალბიშვილის მიერ ერთ თითზე შესრულებული აზიდვები: 2013 წელს სალბიშვილი მარჯვენა ხელის შუათითზე 17–ჯერ აიზიდა, 2014 წლის 16 სექტემბერს კი საკუთარი შედეგი 8 ერთეულით გააუმჯობესა, აგრეთვე, იმავე დღეს დაამყარა ახალი მსოფლიო რეკორდი ე.წ. „ბაკასანას“ აზიდვებში. ორივე ღონისძიება ქსნის №15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩატარდა და საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯების მიერ ადგილზე დაფიქსირდა.

„რეკორდსეთერი“ უმაღლესი მიღწევების მარეგისტრირებელი ორგანიზაციაა. დაარსდა 2008 წელს ნიუ–იორკში (აშშ) და გამოსცემს „რეკორდსეთერის მსოფლიო რეკორდების წიგნს“. გასული წლის დეკემბერში ორგანიზაციამ 2014 წლის საუკეთესო რეკორდების ტოპ ათეული გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი ჯარისკაცის – თემურ დადიანის მიღწევა მოხვდა.

ამ თემაზე:





loading...