ჩხოროწყუში ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მეორე რეკორდი დაამყარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა მხატვარმა ვახტანგ აბაშიძემ მორიგი რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა იოსებ ხუციშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა

26 March 2015

დავით ბეგიაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტი და Street Workout–ისა და ტანვარჯიშის მსოფლიო ფედერაციის (WSWCF) რეკორდების მენეჯერი დავით ბეგიაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა. ღონისძიება 25 მარტს, წნორში, არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო ინიციატივის ოფისში გაიმართა.

ახალგაზრდა სპორტსმენებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ ძალისმიერ წოლჭიმში საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი ცოტნე ბეჟაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის დირექტორი მიხეილ ბატიაშვილი და ადგილობრივი სპორტული წრეების ხელმძღვანელები.

დავით ბეგიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას Street Workout–ის (ე.წ. „ქუჩის სპორტის") შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია თემაზე – ვორქაუთის როლი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საქმეში და ამ სახეობის განვითარების ხელშეწყობა სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

ახალგაზრდებმა გამოთქვეს ვორქაუთის საერთაშორისო ფედერაციის (WSWCF) მიერ დაგეგმილ აქტივობებში ჩართვის სურვილი, განისაზღვრა შემდგომი თანამშრომლობის მიზნები. ვორქაუთის პოპულარიზაციის მიზნით, მსგავსი სახის შეხვედრების ჩატარება მომავალშიც გაგრძელდება.


23 March 2015

„გაიღიმე, ცხოვრება გრძელდება!“ – ქართველი პატიმარი რეკორდსმენის ავტობიოგრაფია

16 მარტს, ქსნის №15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამართულ შეხვედრაზე 4–გზის მსოფლიო რეკორდსმენმა კუკური სალბიშვილმა დამსწრე საზოგადოებას მის მიერ შექმნილი ვიზუალური პრეზენტაცია (სლაიდშოუ) წარუდგინა.

„გაიღიმე, ცხოვრება გრძელდება!“ – ასეთი დაასათაურა ქართველმა მსჯავრდებულმა მისი მიმართვა. კუკური სალბიშვილი მოკლედ ხსნის რეკორდებით დაინტერესების მიზეზს და მადლობას უხდის მეგობრებს და ყველა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის.

„რუსთავის №6 დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მივხვდი, რომ გავიზარდე და სუნთქვასავით მჭირდებოდა ეს ყველაფერი, რაც გარე სამყაროსთან ნაწილობრივ მაახლოვებს...“ – წერს პატიმარი თავის მიმართვაში.

24 წლის კუკური სალბიშვილი ერთადერთი ქართველი მსჯავრდებული რეკორდსმენია. სასჯელს იხდის 2007 წლიდან, მკვლელობის ბრალდებით. პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მას ოთხი მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული აზიდვების უიშვიათეს სახეობებში. მისი მიღწევები აღიარებულია რეკორდების მარეგისტრირებელი არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. კუკური სალბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებას მიმდინარე წლის 1-ელ მაისს დატოვებს.

გთავაზობთ პრეზენტაციის ვიდეო ვერსიას (სტილი დაცულია):

18 March 2015

ქართველი რეკორდსმენები მსჯავრდებულებს შეხვდნენ (ვიდეო)

16 მარტს საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები ქსნის №15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შეხვდნენ. მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება ქართველი რეკორდსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ, აგრეთვე წარმოადგინეს უცხოური რეკორდების ვიდეოკრებული. ღონისძიების ბოლოს კი მსოფლიო რეკორდსმენ კუკური სალბიშვილს, რომელიც ამავე დაწესებულებაში იხდის სასჯელს, ალტერნატიული რეკორდების წიგნის სერტიფიკატი გადაეცა.

შეხვედრას 300–მდე მსჯავრდებული ესწრებოდა. ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, დაწესებულებაში იმყოფებოდნენ რეკორდსმენები – ანა ლომინაძე და თემურ დადიანი მეგობართან – ალეკო გითოლენდიასთან ერთად, რომელიც აგრეთვე ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცია და ამპუტირებული აქვს ორივე ფეხი, თუმცა აქტიურად არის ჩართული სპორტში.

ფილმის ჩვენების შემდეგ კუკური სალბიშვილის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, გარდა ამისა, რეკორდსმენებმა მსჯავრდებულებს საჩუქრად ბიბლია გადასცეს. შეხვედრის დასრულებისას კი კუკური სალბიშვილმა დამსწრე საზოგადოებას მის მიერ შექმნილი ვიზუალური პრეზენტაცია (სლაიდშოუ) წარუდგინა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


„ეს ღონისძიება მიეძღვნა ქსნის №15 დაწესებულებაში მყოფ პირებს, ვისაც რეკორდები და ზოგადად სპორტი აინტერესებს. რეკორდსმენობა განსაკუთრებული გრძნობაა. სიხარულის მომგვრელია, როდესაც ადამიანები გაფასებენ და შენს გვერდით არიან. მინდა გითხრათ, რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ, გაფასებთ და მალე დაგიბრუნდებით!“ – განაცხადა სალბიშვილმა. სასჯელაღსრულების დაწესებულებას იგი მიმდინარე წლის 1 მაისს დატოვებს.

„ეს შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს“ – აღნიშნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამმართველოს უფროსმა, ქალბატონმა ლეილა აფციაურმა.

შეხვედრის ჩატარების ინიციატივა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ეკუთვნის. პროექტი მიზნად ისახავს უმაღლესი ქართული მიღწევების შესახებ მსჯავრდებულების ინფორმირებას და მათი მოტივაციის ამაღლებას. მსგავსი ღონისძიებების ჩატარება უახლოეს მომავალში სხვა დაწესებულებებშიც იგეგმება.



ამ თემაზე:





15 March 2015

არწივზე დამაგრებული ვიდეოკამერა და ფრენა 830 მეტრი სიმაღლიდან (ვიდეო)

გუშინ – 14 მარტს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდა: პლანეტის ყველაზე მაღალი შენობის – „ბურჯი ხალიფას“ სახურავიდან ვიდეოკამერებით აღჭურვილი არწივის ფრენა განხორციელდა. ღონისძიება ექსკლუზიურად ტელეკომპანია BBC–ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

არწივი, სახელად დარშანი „ბურჯი ხალიფას“ 830–მეტრიანი ცათამბჯენიდან აფრინდა და სპეციალურად მოწყობილ მოედანზე, მწვრთნელისა და დამსწრე საზოგადოების თვალწინ უვნებლად დაეშვა. ფრენის განმავლობაში გადაღებულ კადრებს ტელეკომპანია  BBC ავრცელებს.

სარეკორდო ფრენა ბუნების დამცველთა ორგანიზაცია „Freedom Conservation“–ის ინიციატივით განხორციელდა და გადაშენების პირას მყოფი ინდივიდების დაცვას ისახავს მიზნად. ორგანიზაციის დირექტორის – რონალდ მენზელის განცხადებით, პროექტს მხარს უჭერს დუბაის პრინცი.


13 March 2015

საქართველოს რეკორდების ფედერაცია „კახეთის საათში“ (ვიდეო)

საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტი დავით ბეგიაშვილი და მსოფლიო რეკორდსმენი მერაბ არავიაშვილი 10 მარტს, ტელეკომპანია „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, თოქ–შოუ „კახეთის საათში“ იმყოფებოდნენ. გთავაზობთ გადაცემის ფრაგმენტს (სრული ჩანაწერის სანახავად იხილეთ ბმული).

04 March 2015

დავით ბეგიაშვილი Street Workout–ის მსოფლიო ფედერაციის რეკორდების მენეჯერად დაინიშნა

საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტი დავით ბეგიაშვილი, Street Workout–ისა და ტანვარჯიშის მსოფლიო ფედერაციის (WSWCF) რეკორდების მენეჯერად დაინიშნა. ინფორმაცია უკვე განთავსდა ფედერაციის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

Street Workout–ისა და  ტანვარჯიშის მსოფლიო ფედერაცია უმაღლესი მმართველი ორგანოა ე.წ. „ქუჩის სპორტის“ სფეროში. ფედერაციის ცენტრალური ოფისი ლატვიის დედაქალაქ რიგაში მდებარეობს. ფედერაცია ამჟამად 60 ქვეყანას აერთიანებს. საქართველოში WSWCF –ის წარმომადგენელია საქართველოს Street Workout–ის ფედერაცია.

ფედერაციის თავმჯდომარის, მარის სლეზინსის გადაწყვეტილებით, დავით ბეგიაშვილი WSWCF –ის სარეკორდო პროექტებს უხელმძღვანელებს. მისი ფუნქციები მოიცავს ურთიერთობას რეკორდების მარეგისტრირებელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ფედერაციის მიერ დაგეგმილი სარეკორდო აქტივობების მომზადებასა და განხორციელებას შესაბამისი წესების დაცვით.

დავით ბეგიაშვილი 1991 წელს სიღნაღში დაიბადა. დამყარებული აქვს ხუთი მსოფლიო რეკორდი მუცლის პრესის ვარჯიშში. 2011 წელს გახდა რეკორდსმენთა საერთაშორისო კლუბ „საქსონიას“ წევრი. 2012–2013 წლებში მუშაობდა „მსოფლიო რეკორდების ხელშეწყობის ფონდის“ მთავარ კოორდინატორად საქართველოში. 2012 წლიდან ხელმძღვანელობს საქართველოს რეკორდების ფედერაციას. პარალელურად, არის „უნიკალური მსოფლიო რეკორდების“ წიგნის წარმომადგენელი საქართველოში და „უნივერსალური რეკორდების ფორუმის“ ჟიურის წევრი.

ამ თემაზე:

02 March 2015

მერაბ არავიაშვილმა მუშტებზე აზიდვაში მსოფლიო რეკორდი მოხსნა

20 წლის მერაბ არავიაშვილმა მუშტებზე აზიდვაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან ერთი წუთის განმავლობაში 105 მოძრაობა შეასრულა და ამერიკელი ბობი ნატოლის შედეგი გააუმჯობესა. ღონისძიება თბილისში, ნუგზარ ასათიანის სახელობის საფარიკაო დარბაზში (ჭავჭავაძის 49) გაიმართა.

აზიდვების ამ სახეობაში გინესის რეკორდი თავდაპირველად ცნობილ ამერიკელ ფიტნეს–ინსტრუქტორს, მაიკ ჩენგს ეკუთვნოდა – იგი ერთ წუთში მუშტებზე 45–ჯერ აიზიდა. მოგვიანებით, 2014 წლის 22 მარტს ბობი ნატოლიმ 58 მოძრაობა შეასრულა და თანამემამულეს მსოფლიო რეკორდსმენის ტიტული ჩამოართვა.


მერაბ არავიაშვილის შედეგმა მაიკ ჩენგის და ბობი ნატოლის რეკორდების ჯამურ მაჩვენებელსაც კი გადააჭარბა – მან დროის ერთწუთიან მონაკვეთში მუშტებზე შეუსვენებლად 105 აზიდვა შეასრულა. ქართველი რეკორდსმენის განცხადებით, ასეთი მაღალი შედეგი მისთვისაც კი მოულოდნელი იყო:

„ამ რეკორდისთვის მზადება 6 თვის წინ დავიწყე. მიღწეულით კმაყოფილი ვარ, არ ველოდი, თუ ასეთ შედეგს ვაჩვენებდი. ვარჯიშს ვაგრძელებ და სამომავლოდ ახალი რეკორდების დამყარებას ვგეგმავ!“ – განაცხადა მან.


საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგნელებმა ქართველი სპორტსმენის მიღწევა ადგილზე დააფიქსირეს. მონაცემები უახლოეს მომავალში გინესის მსოფლიო რეკორდებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება დასამტკიცებლად.

მერაბ არავიაშვილი 1994 წლის 31 მარტს, თელავში დაიბადა. ამჟამად სწავლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე. პარალელურად, სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ და საგანგებო ღონისძიებათა ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტში, I სამმართველოს II განყოფილების I ქვეგანყოფილებაში.