04 March 2015

დავით ბეგიაშვილი Street Workout–ის მსოფლიო ფედერაციის რეკორდების მენეჯერად დაინიშნა

საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტი დავით ბეგიაშვილი, Street Workout–ისა და ტანვარჯიშის მსოფლიო ფედერაციის (WSWCF) რეკორდების მენეჯერად დაინიშნა. ინფორმაცია უკვე განთავსდა ფედერაციის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

Street Workout–ისა და  ტანვარჯიშის მსოფლიო ფედერაცია უმაღლესი მმართველი ორგანოა ე.წ. „ქუჩის სპორტის“ სფეროში. ფედერაციის ცენტრალური ოფისი ლატვიის დედაქალაქ რიგაში მდებარეობს. ფედერაცია ამჟამად 60 ქვეყანას აერთიანებს. საქართველოში WSWCF –ის წარმომადგენელია საქართველოს Street Workout–ის ფედერაცია.

ფედერაციის თავმჯდომარის, მარის სლეზინსის გადაწყვეტილებით, დავით ბეგიაშვილი WSWCF –ის სარეკორდო პროექტებს უხელმძღვანელებს. მისი ფუნქციები მოიცავს ურთიერთობას რეკორდების მარეგისტრირებელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ფედერაციის მიერ დაგეგმილი სარეკორდო აქტივობების მომზადებასა და განხორციელებას შესაბამისი წესების დაცვით.

დავით ბეგიაშვილი 1991 წელს სიღნაღში დაიბადა. დამყარებული აქვს ხუთი მსოფლიო რეკორდი მუცლის პრესის ვარჯიშში. 2011 წელს გახდა რეკორდსმენთა საერთაშორისო კლუბ „საქსონიას“ წევრი. 2012–2013 წლებში მუშაობდა „მსოფლიო რეკორდების ხელშეწყობის ფონდის“ მთავარ კოორდინატორად საქართველოში. 2012 წლიდან ხელმძღვანელობს საქართველოს რეკორდების ფედერაციას. პარალელურად, არის „უნიკალური მსოფლიო რეკორდების“ წიგნის წარმომადგენელი საქართველოში და „უნივერსალური რეკორდების ფორუმის“ ჟიურის წევრი.

ამ თემაზე:

loading...