26 March 2015

დავით ბეგიაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტი და Street Workout–ისა და ტანვარჯიშის მსოფლიო ფედერაციის (WSWCF) რეკორდების მენეჯერი დავით ბეგიაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა. ღონისძიება 25 მარტს, წნორში, არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო ინიციატივის ოფისში გაიმართა.

ახალგაზრდა სპორტსმენებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ ძალისმიერ წოლჭიმში საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი ცოტნე ბეჟაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის დირექტორი მიხეილ ბატიაშვილი და ადგილობრივი სპორტული წრეების ხელმძღვანელები.

დავით ბეგიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას Street Workout–ის (ე.წ. „ქუჩის სპორტის") შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია თემაზე – ვორქაუთის როლი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საქმეში და ამ სახეობის განვითარების ხელშეწყობა სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

ახალგაზრდებმა გამოთქვეს ვორქაუთის საერთაშორისო ფედერაციის (WSWCF) მიერ დაგეგმილ აქტივობებში ჩართვის სურვილი, განისაზღვრა შემდგომი თანამშრომლობის მიზნები. ვორქაუთის პოპულარიზაციის მიზნით, მსგავსი სახის შეხვედრების ჩატარება მომავალშიც გაგრძელდება.


loading...