02 March 2015

მერაბ არავიაშვილმა მუშტებზე აზიდვაში მსოფლიო რეკორდი მოხსნა

20 წლის მერაბ არავიაშვილმა მუშტებზე აზიდვაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან ერთი წუთის განმავლობაში 105 მოძრაობა შეასრულა და ამერიკელი ბობი ნატოლის შედეგი გააუმჯობესა. ღონისძიება თბილისში, ნუგზარ ასათიანის სახელობის საფარიკაო დარბაზში (ჭავჭავაძის 49) გაიმართა.

აზიდვების ამ სახეობაში გინესის რეკორდი თავდაპირველად ცნობილ ამერიკელ ფიტნეს–ინსტრუქტორს, მაიკ ჩენგს ეკუთვნოდა – იგი ერთ წუთში მუშტებზე 45–ჯერ აიზიდა. მოგვიანებით, 2014 წლის 22 მარტს ბობი ნატოლიმ 58 მოძრაობა შეასრულა და თანამემამულეს მსოფლიო რეკორდსმენის ტიტული ჩამოართვა.


მერაბ არავიაშვილის შედეგმა მაიკ ჩენგის და ბობი ნატოლის რეკორდების ჯამურ მაჩვენებელსაც კი გადააჭარბა – მან დროის ერთწუთიან მონაკვეთში მუშტებზე შეუსვენებლად 105 აზიდვა შეასრულა. ქართველი რეკორდსმენის განცხადებით, ასეთი მაღალი შედეგი მისთვისაც კი მოულოდნელი იყო:

„ამ რეკორდისთვის მზადება 6 თვის წინ დავიწყე. მიღწეულით კმაყოფილი ვარ, არ ველოდი, თუ ასეთ შედეგს ვაჩვენებდი. ვარჯიშს ვაგრძელებ და სამომავლოდ ახალი რეკორდების დამყარებას ვგეგმავ!“ – განაცხადა მან.


საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგნელებმა ქართველი სპორტსმენის მიღწევა ადგილზე დააფიქსირეს. მონაცემები უახლოეს მომავალში გინესის მსოფლიო რეკორდებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება დასამტკიცებლად.

მერაბ არავიაშვილი 1994 წლის 31 მარტს, თელავში დაიბადა. ამჟამად სწავლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე. პარალელურად, სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ და საგანგებო ღონისძიებათა ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტში, I სამმართველოს II განყოფილების I ქვეგანყოფილებაში.

loading...