18 March 2015

ქართველი რეკორდსმენები მსჯავრდებულებს შეხვდნენ (ვიდეო)

16 მარტს საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები ქსნის №15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შეხვდნენ. მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება ქართველი რეკორდსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ, აგრეთვე წარმოადგინეს უცხოური რეკორდების ვიდეოკრებული. ღონისძიების ბოლოს კი მსოფლიო რეკორდსმენ კუკური სალბიშვილს, რომელიც ამავე დაწესებულებაში იხდის სასჯელს, ალტერნატიული რეკორდების წიგნის სერტიფიკატი გადაეცა.

შეხვედრას 300–მდე მსჯავრდებული ესწრებოდა. ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, დაწესებულებაში იმყოფებოდნენ რეკორდსმენები – ანა ლომინაძე და თემურ დადიანი მეგობართან – ალეკო გითოლენდიასთან ერთად, რომელიც აგრეთვე ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცია და ამპუტირებული აქვს ორივე ფეხი, თუმცა აქტიურად არის ჩართული სპორტში.

ფილმის ჩვენების შემდეგ კუკური სალბიშვილის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, გარდა ამისა, რეკორდსმენებმა მსჯავრდებულებს საჩუქრად ბიბლია გადასცეს. შეხვედრის დასრულებისას კი კუკური სალბიშვილმა დამსწრე საზოგადოებას მის მიერ შექმნილი ვიზუალური პრეზენტაცია (სლაიდშოუ) წარუდგინა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


„ეს ღონისძიება მიეძღვნა ქსნის №15 დაწესებულებაში მყოფ პირებს, ვისაც რეკორდები და ზოგადად სპორტი აინტერესებს. რეკორდსმენობა განსაკუთრებული გრძნობაა. სიხარულის მომგვრელია, როდესაც ადამიანები გაფასებენ და შენს გვერდით არიან. მინდა გითხრათ, რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ, გაფასებთ და მალე დაგიბრუნდებით!“ – განაცხადა სალბიშვილმა. სასჯელაღსრულების დაწესებულებას იგი მიმდინარე წლის 1 მაისს დატოვებს.

„ეს შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს“ – აღნიშნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამმართველოს უფროსმა, ქალბატონმა ლეილა აფციაურმა.

შეხვედრის ჩატარების ინიციატივა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ეკუთვნის. პროექტი მიზნად ისახავს უმაღლესი ქართული მიღწევების შესახებ მსჯავრდებულების ინფორმირებას და მათი მოტივაციის ამაღლებას. მსგავსი ღონისძიებების ჩატარება უახლოეს მომავალში სხვა დაწესებულებებშიც იგეგმება.



ამ თემაზე:





loading...