ჩხოროწყუში ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მეორე რეკორდი დაამყარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა მხატვარმა ვახტანგ აბაშიძემ მორიგი რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა იოსებ ხუციშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა

24 May 2015

ევროვიზია გინესის რეკორდსმენია

ევროვიზიის პროდიუსერები გინესის რეკორდების სერტიფიკატთან ერთადევროვიზიას გინესის რეკორდსმენის სტატუსი მიენიჭა. იგი ოფიციალურად აღიარეს, როგორც მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი სატელევიზიო მუსიკალური კონკურსი.

გინესის მსოფლიო რეკორდების წარმომადგენელი ევა ნოროი გუშინ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ კონკურსს დაესწრო და პროექტის პროდიუსერებს ოფიციალური სერტიფიკატი გადასცა.

„ევროვიზიისადმი ჩვენი ყურადღება საიუბილეო თარიღმა განაპირობა. დავიწყეთ მოკვლევა და აღმოვაჩინეთ ის, რაც მსოფლიო მასშტაბით უნიკალურს ხდის ამ პროექტს“ – აღნიშნა მან.

„დღეს ევროვიზია ისეთი ძლიერია, როგორც არასოდეს მისი 60–წლიანი ისტორიის განმავლობაში. ჩვენ ვამაყობთ ამ ტიტულით, რადგან ეს არის იმ ხალხის აღიარება, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ პროექტის წარმატებით განხორციელებაში და ხელს უწყობენ ნიჭიერ ადამიანებს მათი შესაძლებლობების გამოვლენაში“ – განაცხადა ევროპის მაუწყებელთა გაერთიანების აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, იონ ოლა სენდმა.

მუსიკალური შეჯიბრი სახელწოდებით – „ევროვიზიის გრანპრი“ პირველად 1956 წელს ჩატარდა და მასში მხოლოდ შვიდი ქვეყანა მონაწილეობდა, წლევანდელ შეჯიბრში კი უკვე 40 ქვეყანა იყო ჩართული. ხმათა უმრავლესობით, კონკურსის გამარჯვებული შვედი კონკურსანტი გახდა, საქართველოს წარმომადგენელმა ნინა სუბლატმა კი მე–11 ადგილი დაიკავა.


მასალა მომზადებულია გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით

ამ თემაზე:

17 May 2015

იაპონელი ფერმერის მოყვანილმა მარწყვმა 32–წლიანი რეკორდი მოხსნა

ყველაზე დიდი მარწყვი
იაპონელი ფერმერის მიერ მოყვანილი მარწყვი გინესის რეკორდების წიგნში ყველაზე „მძიმე“ მარწყვის სტატუსით მოხვდა – მისი წონა 250 გრამია.

ფერმერი კოჯი ნაკაო გინესის წიგნის წარმომადგენლებს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც მოსავლის აღების დროს უჩვეულოდ დიდი ზომის ნაყოფი აღმოაჩინა. მუტაციური მარწყვის წონა 250 გრამი, სიმაღლე – 8, სიგრძე – კი 12 სანტიმეტრია, ხოლო გარშემოწერილობა 25–30 სანტიმეტრს აღწევს.მუტაციის მიზეზი სხვადასხვა პირობებში სხვადასხვაგვარია, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს რამდენიმე კენკროვანი ხილის შერწყმასთან, რამაც ერთი გიგანტური ნაყოფის წარმოქმნა გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ იაპონელი ფერმერის უცნაურმა მოსავალმა 32–წლიანი რეკორდი მოხსნა: მანამდე, რეკორდული წონის მარწყვი დიდ ბრიტანეთში 1983 წელს იყო დაფიქსირებული და 231 გრამს იწონიდა.

მასალა მომზადებულია NDTV–ის მიხედვით

12 May 2015

პიკასოს ნახატი აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

პაბლო პიკასოს ნახატმა – „ალჟირელი ქალები“ აუციონის რეკორდი მოხსნა. ნიუ იორკში გამართულ კრისტის აუქციონზე ლოტის ფასმა 179 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

ნახატის საწყისი ფასი 140 მილიონი დოლარი იყო, თუმცა თერთმეტწუთიანი გახანგრძლივებული შესყიდვის დროს მნიშვნელოვნად მოიმატა და საბოოლოდ 179.3 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ამავე აუქციონზე რეკორდი მოხსნა ალბერტო ჯაკომეტის შექმნილმა სკულპტურამაც, რომელიც 141.3 მილიონ დოლარად გაიყიდა და აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული სკულპტურის სტატუსი მიენიჭა. ორივე ლოტის მფლობელის ვინაობა ანონიმურია.

ყველაზე ძვირადღირებული სკულპტურა

პიკასოს ნახატი, რომელზეც კურტიზანი ქალები არიან გამოსახულნი, 1954–55 წლებში შეიქმნა. აუქციონზე გაყიდულ ყველაზე ძვირადღირებულ ფერწერულ ნამუშევრად ამ დრომდე ბრიტანელი მხატვრის – ფრენსის ბეკონის „ლუსიან ფროიდის პორტრეტის სამი ესკიზი“ ითვლებოდა: 2013 წელს ნახატი 142.4 მილიონ დოლარად გაიყიდა.

მასალა მომზადებულია BBC News–ის მიხედვით

ამ თემაზე:

09 May 2015

გინესის რეკორდი – ყველაზე მასშტაბური სატანკო ბრძოლა

კურსკის ბრძოლა – გინესის წიგნში
კურსკის ბრძოლა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა, გინესის წიგნშია შეტანილი, როგორც ყველა დროის ყველაზე მასშტაბური სატანკო დაპირისპირება.

1943 წლის 12 ივლისს, რუსეთის ქალაქ კურსკში, პროხოროვკის რაიონში გამართულ შეტაკებაში საბჭოთა და გერმანული ჯარების 1500–მა ტანკმა მოიყარა თავი. დღის ბოლოს, თითოეულ მხარეს 300 ტანკი ჰქონდა დაკარგული.

კურსკის ბრძოლა ფაშისტური გერმანიის მასშტაბური თავდასხმის – ოპერაცია „ციტადელის“ ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს თავდასხმა მოულოდნელი უნდა ყოფილიყო საბჭოთა კავშირისათვის, წითელი არმიის ხელმძღვანელობას მიღებული ჰქონდა საიდუმლო ინფორმაცია მოწინააღმდეგის გეგმის შესახებ. ბრძოლაში წარმატება საბჭოთა არმიამ მოიპოვა, თუმცა მსხვერპლი ორივე მხარეს დიდი იყო: დაჭრილი და დაღუპული გერმანელი ჯარისკაცების რაოდენობამ 500 000–ს მიაღწია, საბჭოთა არმიის რიგებიდან კი 250 000 მებრძოლი დაიღუპა და 600 000 დაიჭრა, აგრეთვე, განადგურდა სატანკო ძალის 50%. საბოლოო ჯამში, ოპერაცია „ციტადელში“ გერმანიამ  900 000 ჯარისკაცი, 2 700 ტანკი და 2 200 თვითმფრინავი გამოიყენა, საბჭოთა კავშირმა კი 1 300 000 მებრძოლი, 3 600 ტანკი, 20 000 საარტილერიო დარტყმა და 2400 თვითმფრინავი.

კურსკის ბრძოლამ გადამწყვეტი როლი ითამაშა აღმოსავლეთის ფრონტზე გერმანიის თავდაცვითი პოტენციალის შესუსტებაში და გზა გაუხსნა საბჭოთა ჯარს 1944–45 წლების მასშტაბური შეტევების განსახორციელებლად, რაც საბოლოოდ ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.


მეორე მსოფლიო ომი გინესის წიგნში ყველაზე ძვირადღირებული ბრძოლის სტატუსით არის შეტანილი

ფაშისტური გერმანიის ავიაციის მიერ დაბომბილი ლენინგრადი
დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 70–ე წლისთავი აღინიშნება. მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბურ და სისხლისმღვრელ კონფლიქტად მიიჩნევა, გინესის წიგნში კი ოფიციალურად არის შეტანილი, როგორც ყველაზე ძვირადღირებული ომი კაცობრიობის ისტორიაში.

გინესის წიგნის ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომის ფინანსური ხარჯები აჭარბებს ისტორიაში არსებული ყველა სხვა ომის ერთად აღებულ ხარჯებს და $1500 000 000 000–ს (ერთნახევარ ტრილიონ ამერიკულ დოლარს) შეადგენს.

1959 წლის მაისის მონაცემების თანახმად, საბჭოთა კავშირის მატერიალურმა დანაკარგმა 2.5 მილიონი რუბლი შეადგინა, მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ხარჯი 530 მილიარდი დოლარით განისაზღვრა. დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში დანახარჯმა 34.42 გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რაც 49.43 დოლარის ექვივალენტია. ეს თანხა 5–ჯერ აჭარბებს პირველი მსოფლიო ომის დროს გაწეულ ხარჯს – 6.7 მილიარდ გირვანქა სტერლინგს და 158.6–ჯერ მეტია 1899–1902 წლების ბურების ომის ხარჯებზე (217 მილიონი გირვანქა სტერლინგი).

კურსკის ბრძოლა

მეორე მსოფლიო ომში 72 ქვეყანა იყო ჩართული, საბრძოლო მოქმედებები კი 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, შეიარაღებულ ძალებში 110 მილიონი ადამიანი იყო მობილიზებული, მათგან ომში დაიღუპა 62 მილიონი. მხოლოდ საბჭოთა კავშირიდან მსხვერპლის რაოდენობამ 27 მილიონი შეადგინა. მეორე მსოფლიო ომს საქართველოდან 300 000–მდე ადამიანი ემსხვერპლა.

08 May 2015

დავით ბეგიაშვილი და კუკური სალბიშვილი გადაცემაში „პროვინციელი“ (ვიდეო)

დავით ბეგიაშვილი და კუკური სალბიშვილი გადაცემაში „პროვინციელი“
საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტი დავით ბეგიაშვილი და რეკორდსმენი კუკური სალბიშვილი გადაცემა „პროვინციელში“ იმყოფებოდნენ. მათ ქართველი რეკორდსმენების მიღწევებზე, არსებულ პრობლემებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. იხილეთ გადაცემის ჩანაწერი.

დავით ბეგიაშვილი ხუთგზის მსოფლიო რეკორდსმენია მუცლის პრესის ვარჯიშში. 2011 წელს გახდა რეკორდსმენთა საერთაშორისო კლუბ „საქსონიას“ წევრი. 2012–2013 წლებში მუშაობდა „მსოფლიო რეკორდების ხელშეწყობის ფონდის“ მთავარ კოორდინატორად საქართველოში. 2012 წლიდან ხელმძღვანელობს საქართველოს რეკორდების ფედერაციას. პარალელურად, არის „უნიკალური მსოფლიო რეკორდების“ წიგნის წარმომადგენელი საქართველოში და „უნივერსალური რეკორდების ფორუმის“ ჟიურის წევრი. მიმდინარე წლის თებერვალში დაინიშნა სთრით ვორქაუთისა და ტანვარჯიშის მსოფლიო ფედერაციის (WSWCF) რეკორდების მენეჯერად.

კუკური სალბიშვილი – რეკორდსმენი პატიმარი

კუკური სალბიშვილი საქართველოს ერთადერთი მოქალაქეა, ვინც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რეკორდი დაამყარა. პატიმრობაში ყოფნის პერიოდში კუკური სალბიშვილს სულ ოთხი მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული აზიდვების უიშვიათეს სახეობებში. ოთხივე რეკორდი ქსნის №15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა და საერთაშორისო აღიარებები მოიპოვა. კუკური სალბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 8 წელიწადი გაატარა და პატიმრობიდან მიმდინარე წლის 1–ელ მაისს გათავისუფლდა.

ყოველკვირეულ გადაცემას „პროვინციელი“ საინფორმაციო ცენტრების ქსელი ამზადებს. გადაცემა ეხება საკითხებს, რომლებიც ახალგაზრდებს აინტერესებთ. წამყვანები არიან ლიტერატურული პრემია „საბას“ მფლობელი, მწერალი ტორესა მოსი და სამოქალაქო აქტივისტი ნანა ბაგალიშვილი.


ამ თემაზე:

„დავით ბეგიაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა“





04 May 2015

პოლიციის მაიორმა იოსებ კობახიძემ რეკორდი დაამყარა

შსს–ს თანამშრომლის რეკორდი აზიდვებში
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, პოლიციის მაიორმა იოსებ კობახიძემ ამავე უწყების წარმომადგენლის, იოსებ ხუციშვილის რეკორდი გააუმჯობესა – მან ერთი წუთის განმავლობაში, 29–კილოგრამიანი ზურგჩანთით ამოტრიალებულ მტევნებზე 63 აზიდვა შეასრულა. ღონისძიება 2 მაისს თბილისში, სპორტულ კომპლექს „მართვეში“ ჩატარდა.

თავდაპირველად, ამ სახეობაში საუკეთესო შედეგი – 38 აზიდვა ბრიტანელ სპორტსმენ პედი დოილს ეკუთვნოდა. მისი შედეგი მიმდინარე წლის იანვარში პოლიციის მაიორმა, მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენმა იოსებ ხუციშვილმა 17 ერთეულით გააუმჯობესა და 55–ჯერ აიზიდა, გუშინ გამართულ ღონისძიებაზე კი იოსებ კობახიძემ 63 მოძრაობა შეასრულა. კობახიძის რეკორდი, ისევე, როგორც ხუციშვილის წინა შედეგი, საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირა.

პოლიციელი ამყარებს გინესის რეკორდს

„ამ რეკორდის დამყარება საკმაოდ რთული იყო, სამი თვის განმავლობაში ვემზადებოდი. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ჩემს გულშემატკივრებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს რეკორდების ფედერაციას. ეს ჩემთვის პირველი მიღწევაა, სამომავლოდ კიდევ მრავალი რეკორდის დამყარებას ვაპირებ!“ – განაცხადა სპორტსმენმა.

იოსებ კობახიძე 1985 წლის 11 ივლისს, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში დაიბადა. 1998–2005 წლებში ვარჯიშობდა ჭიდაობა ძიუდოში. არის რაიონული, რეგიონული და რესპუბლიკური მასშტაბის შეჯიბრების მონაწილე, ბავშვთა სპარტაკიადის პრიზიორი და საქართველოს ჩემპიონი ჭაბუკთა შორის. ამჟამად მსახურობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, განყოფილების უფროსის მოადგილის პოზიციაზე.



ამ თემაზე:





01 May 2015

მსჯავრდებული რეკორდსმენი კუკური სალბიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

მსოფლიო რეკორდსმენი კუკური სალბიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ქსნის №15 სასჯელაღსრულების დაწესებულება მან დღეს დილით დატოვა.

პატიმრობაში ყოფნის პერიოდში კუკური სალბიშვილს ოთხი მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული: პირველად – მარჯვენა ხელის შუათითზე ზედიზედ 17 აზიდვა შეასრულა. მომდევნო რეკორდზე ერთ წუთში ორი თითით 49–ჯერ აიზიდა. ერთი წლის შემდეგ კი 8 ერთეულით გააუმჯობესა პირველი მიღწევა და 42 აზიდვა შეასრულა იოგას პოზაში „ბაკასანა“, რომლის დროსაც სხეულის წონასწორობა მხოლოდ ხელებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი. ოთხივე მსოფლიო რეკორდი ქსნის №15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა და საერთაშორისო აღიარებები მოიპოვა.



კუკური სალბიშვილი 1990 წლის 25 აპრილს დუშეთის რაიონის სოფელ მჭადიჯვარში დაიბადა. სასჯელს 2007 წლიდან, მკვლელობის ბრალდებით იხდიდა. რეკორდსმენმა მსჯავრდებულმა საპატიმროში 8 წელიწადი გაატარა. იგი ვარჯიშის გაგრძელებას და ახალი რეკორდების დამყარებას მომავალშიც აპირებს.

ამ თემაზე: