24 May 2015

ევროვიზია გინესის რეკორდსმენია

ევროვიზიის პროდიუსერები გინესის რეკორდების სერტიფიკატთან ერთადევროვიზიას გინესის რეკორდსმენის სტატუსი მიენიჭა. იგი ოფიციალურად აღიარეს, როგორც მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი სატელევიზიო მუსიკალური კონკურსი.

გინესის მსოფლიო რეკორდების წარმომადგენელი ევა ნოროი გუშინ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ კონკურსს დაესწრო და პროექტის პროდიუსერებს ოფიციალური სერტიფიკატი გადასცა.

„ევროვიზიისადმი ჩვენი ყურადღება საიუბილეო თარიღმა განაპირობა. დავიწყეთ მოკვლევა და აღმოვაჩინეთ ის, რაც მსოფლიო მასშტაბით უნიკალურს ხდის ამ პროექტს“ – აღნიშნა მან.

„დღეს ევროვიზია ისეთი ძლიერია, როგორც არასოდეს მისი 60–წლიანი ისტორიის განმავლობაში. ჩვენ ვამაყობთ ამ ტიტულით, რადგან ეს არის იმ ხალხის აღიარება, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ პროექტის წარმატებით განხორციელებაში და ხელს უწყობენ ნიჭიერ ადამიანებს მათი შესაძლებლობების გამოვლენაში“ – განაცხადა ევროპის მაუწყებელთა გაერთიანების აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, იონ ოლა სენდმა.

მუსიკალური შეჯიბრი სახელწოდებით – „ევროვიზიის გრანპრი“ პირველად 1956 წელს ჩატარდა და მასში მხოლოდ შვიდი ქვეყანა მონაწილეობდა, წლევანდელ შეჯიბრში კი უკვე 40 ქვეყანა იყო ჩართული. ხმათა უმრავლესობით, კონკურსის გამარჯვებული შვედი კონკურსანტი გახდა, საქართველოს წარმომადგენელმა ნინა სუბლატმა კი მე–11 ადგილი დაიკავა.


მასალა მომზადებულია გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით

ამ თემაზე:

loading...