09 May 2015

გინესის რეკორდი – ყველაზე მასშტაბური სატანკო ბრძოლა

კურსკის ბრძოლა – გინესის წიგნში
კურსკის ბრძოლა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა, გინესის წიგნშია შეტანილი, როგორც ყველა დროის ყველაზე მასშტაბური სატანკო დაპირისპირება.

1943 წლის 12 ივლისს, რუსეთის ქალაქ კურსკში, პროხოროვკის რაიონში გამართულ შეტაკებაში საბჭოთა და გერმანული ჯარების 1500–მა ტანკმა მოიყარა თავი. დღის ბოლოს, თითოეულ მხარეს 300 ტანკი ჰქონდა დაკარგული.

კურსკის ბრძოლა ფაშისტური გერმანიის მასშტაბური თავდასხმის – ოპერაცია „ციტადელის“ ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს თავდასხმა მოულოდნელი უნდა ყოფილიყო საბჭოთა კავშირისათვის, წითელი არმიის ხელმძღვანელობას მიღებული ჰქონდა საიდუმლო ინფორმაცია მოწინააღმდეგის გეგმის შესახებ. ბრძოლაში წარმატება საბჭოთა არმიამ მოიპოვა, თუმცა მსხვერპლი ორივე მხარეს დიდი იყო: დაჭრილი და დაღუპული გერმანელი ჯარისკაცების რაოდენობამ 500 000–ს მიაღწია, საბჭოთა არმიის რიგებიდან კი 250 000 მებრძოლი დაიღუპა და 600 000 დაიჭრა, აგრეთვე, განადგურდა სატანკო ძალის 50%. საბოლოო ჯამში, ოპერაცია „ციტადელში“ გერმანიამ  900 000 ჯარისკაცი, 2 700 ტანკი და 2 200 თვითმფრინავი გამოიყენა, საბჭოთა კავშირმა კი 1 300 000 მებრძოლი, 3 600 ტანკი, 20 000 საარტილერიო დარტყმა და 2400 თვითმფრინავი.

კურსკის ბრძოლამ გადამწყვეტი როლი ითამაშა აღმოსავლეთის ფრონტზე გერმანიის თავდაცვითი პოტენციალის შესუსტებაში და გზა გაუხსნა საბჭოთა ჯარს 1944–45 წლების მასშტაბური შეტევების განსახორციელებლად, რაც საბოლოოდ ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.


loading...