04 May 2015

პოლიციის მაიორმა იოსებ კობახიძემ რეკორდი დაამყარა

შსს–ს თანამშრომლის რეკორდი აზიდვებში
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, პოლიციის მაიორმა იოსებ კობახიძემ ამავე უწყების წარმომადგენლის, იოსებ ხუციშვილის რეკორდი გააუმჯობესა – მან ერთი წუთის განმავლობაში, 29–კილოგრამიანი ზურგჩანთით ამოტრიალებულ მტევნებზე 63 აზიდვა შეასრულა. ღონისძიება 2 მაისს თბილისში, სპორტულ კომპლექს „მართვეში“ ჩატარდა.

თავდაპირველად, ამ სახეობაში საუკეთესო შედეგი – 38 აზიდვა ბრიტანელ სპორტსმენ პედი დოილს ეკუთვნოდა. მისი შედეგი მიმდინარე წლის იანვარში პოლიციის მაიორმა, მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენმა იოსებ ხუციშვილმა 17 ერთეულით გააუმჯობესა და 55–ჯერ აიზიდა, გუშინ გამართულ ღონისძიებაზე კი იოსებ კობახიძემ 63 მოძრაობა შეასრულა. კობახიძის რეკორდი, ისევე, როგორც ხუციშვილის წინა შედეგი, საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირა.

პოლიციელი ამყარებს გინესის რეკორდს

„ამ რეკორდის დამყარება საკმაოდ რთული იყო, სამი თვის განმავლობაში ვემზადებოდი. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ჩემს გულშემატკივრებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს რეკორდების ფედერაციას. ეს ჩემთვის პირველი მიღწევაა, სამომავლოდ კიდევ მრავალი რეკორდის დამყარებას ვაპირებ!“ – განაცხადა სპორტსმენმა.

იოსებ კობახიძე 1985 წლის 11 ივლისს, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში დაიბადა. 1998–2005 წლებში ვარჯიშობდა ჭიდაობა ძიუდოში. არის რაიონული, რეგიონული და რესპუბლიკური მასშტაბის შეჯიბრების მონაწილე, ბავშვთა სპარტაკიადის პრიზიორი და საქართველოს ჩემპიონი ჭაბუკთა შორის. ამჟამად მსახურობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, განყოფილების უფროსის მოადგილის პოზიციაზე.



ამ თემაზე:





loading...