06 June 2015

ავღანეთში დაჭრილი თემურ დადიანი საკუთარი რეკორდის მოხსნას შეეცდება

temur-dadiani-ginesis-rekordsmeni-thumb-up
ავღანეთში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე – 23 წლის თემურ დადიანი აზიდვაში საკუთარი მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებას შეეცდება. ღონისძიება 7 ივნისს, 12:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე ჩატარდება. ორგანიზატორები არიან: საქართველოს რეკორდების ფედერაცია და თავდაცვის სამინისტრო.

შეგახსენებთ, რომ თემურ დადიანი 2011 წლის 3 აგვისტოს ავღანეთში ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქდა და ორივე ფეხი და მარჯვენა ხელის ნეკა თითი დაკარგა, აფეთქებიდან ზუსტად სამი წლისთავზე კი უპრეცედენტო მსოფლიო რეკორდი დაამყარა: ერთ წუთზე ნაკლებ დროში 36–ჯერ აიზიდა ე.წ. „ფლენჩის“ (Planche) პოზიციაში. ვარჯიშის შესრულების დროს იგი მხოლოდ ხელებს ეყრდნობოდა, სხეულის დანარჩენ ნაწილს კი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, იატაკის პარალელურად ინარჩუნებდა.


ქართველი ჯარისკაცი ამჯერად საკუთარი რეზულტატის გასაუმჯობესებლად ემზადება: მიზნის მისაღწევად მან ერთ წუთში 36–ზე მეტი აზიდვა უნდა შეასრულოს. დადიანის ასპარეზობას საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯთა კომისია დააკვირდება.

თემურ დადიანი ამჟამად დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მსახურობს. პარალელურად სწავლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. აგრეთვე, წარმატებულად ასპარეზობს ფარიკაობაში და აქტიურად ემზადება 2016 წლის პარაოლიმპიური თამაშებისთვის.

ამ თემაზე:





loading...