13 June 2015

გიორგი მათურელი ახალი რეკორდის დამყარებას შეეცდება

გიორგი მათურელის რეკორდი – მუშტებზე აზიდვა
თიანეთში მცხოვრები ოთხგზის მსოფლიო რეკორდსმენი გიორგი მათურელი მუშტებზე აზიდვაში ახალი რეკორდის დამყარებას შეეცდება. მისი მიზანი კიდევ ერთი ქართველი რეკორდსმენის – ჟანრი ნოდიას შედეგის გაუმჯობესებაა. სარეკორდო ასპარეზობა თიანეთში დღეს, 18:00–საათზე, ოლიმპიური ცეცხლის შესვლის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გაიმართება, რომლის ერთ–ერთი მეჩირაღდნე თავად გიორგი მათურელი იქნება.

28 წლის გიორგი მათურელმა რეკორდის მოსახსნელად  45–კილოგრამიანი ზურგჩანთით ერთი წუთის განმავლობაში მუშტებზე აზიდვების მაქსიმალური რაოდენობა უნდა შეასრულოს. ამ სახეობაში მოქმედი მსოფლიო რეკორდი – 28 აზიდვა შსს-ს სპეციალური ოპერაციების ცენტრის თანამშრომელ ჟანრი ნოდიას ეკუთვნის (იხილეთ ვიდეო), მანამდე კი საუკეთესო შედეგს საფრანგეთისა და აშშ–ს მოქალაქეები ფლობდნენ.

გიორგი მათურელის ასპარეზობას საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯთა კომისია დააკვირდება და ადგილზე დააფიქსირებს მიღებულ შედეგს.

გიორგი მათურელი 1987 წლის 1 იანვარს, თიანეთში დაიბადა. 2013 წლიდან დღემდე დამყარებული აქვს ოთხი რეკორდი მუშტებზე აზიდვაში (ცალ ხელზე, ორივე ხელზე, დამატებითი სიმძიმით). მათ შორის ერთი – 2014 წლის 26 მარტს, საქართველოს რეკორდების ფედერაციის მიერ გამართულ „აზიდვების შეჯიბრზე“ დააფიქსირა, როდესაც 31 კგ წონის ზურგჩანთით წუთში 48 აზიდვა შეასრულა და 9 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

ამ თემაზე:



loading...