16 June 2015

გიორგი მათურელმა მეხუთე რეკორდი დაამყარა

გიორგი მათურელი ამყარებს რეკორდს მუშტებზე აზიდვაში
ოთხგზის მსოფლიო რეკორდსმენმა, 28 წლის გიორგი მათურელმა მუშტებზე აზიდვაში მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ასპარეზობა 13 ივნისს, თიანეთში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე გაიმართა, რომლის ერთ–ერთი მეჩირაღდნე თავად გიორგი მათურელი იყო. ღონისძიებას თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა ქიტესაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა კომიტეტის წევრები – შოთა ხაბარელი და დავით ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ.

რეკორდის დასამყარებლად გიორგი მათურელს დამატებითი 45–კილოგრამიანი ტვირთით (100 ბრიტანული ფუნტის ექვივალენტი) მუშტებზე მაქსიმალური რაოდენობის აზიდვა უნდა შეესრულებინა. მოქმედი რეკორდი – 28 აზიდვა, შსს-ს სპეციალური ოპერაციების ცენტრის თანამშრომელს – ჟანრი ნოდიას ეკუთვნოდა, მანამდე კი რეკორდსმენის ტიტულებს ფრანგი და ამერიკელი სპორტსმენები ფლობდნენ.

საქართველოს რეკორდების ფედერაცია თიანეთში

თიანელმა რეკორდსმენმა ამჯერადაც წარმატებით გაართვა თავი დასახულ მიზანს – რეკორდისთვის საჭირო რაოდენობას ერთ წუთზე ნაკლებ დროში გადააჭარბა, თუმცა მისთვის განკუთვნილი დრო მთლიანად გამოიყენა და საბოლოო ჯამში 38 მოძრაობა შეასრულა. საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლებმა ადგილზე დააფიქსირეს თიანელი სპორტსმენის შედეგი.

„ამ რეკორდისთვის ერთი წლის განმავლობაში ვემზადებოდი. ხალხის მხარდაჭერით შევძელი, დავამყარე რეკორდი. მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა გადავუხადო თიანეთის გამგეობას, ბატონ ზაქარია ქუცნაშვილსა და რეკორდების ფედერაციას!“ – აღნიშნა რეკორდის დამყარების შემდეგ გიორგი მათურელმა.

როგორც ვიცი გიორგი ახალი რეკორდის დამყარებას უახლოეს მომავალში აპირებს, სავარაუდოდ ეს მოხდება თიანეთობის დღესასწაულზე ამავე წელს და ჩვენ მაქსიმალურად მხარში დავუდგებით მას, რომ ახალი შედეგით წარმოაჩინოს საკუთარი რაიონი და ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით!“ – განაცხადა საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეგიაშვილმა.

ქართველი რეკორდსმენები: გიორგი როსტომაშვილი, გიორგი მათურელი, ირაკლი ვეკუა, დავით ბეგიაშვილი

გიორგი მათურელი 1987 წლის 1 იანვარს, თიანეთში დაიბადა. 2013 წლიდან დღემდე დამყარებული აქვს ხუთი მსოფლიო რეკორდი მუშტებზე აზიდვაში (ცალ ხელზე, ორივე ხელზე, დამატებითი სიმძიმით). აქედან ოთხი – თიანეთში გამართულ სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებზე, ერთი კი თბილისში, საქართველოს რეკორდების ფედერაციის მიერ ორგანიზებულ „აზიდვების შეჯიბრზე“, როდესაც 31–კილოგრამიანი ზურგჩანთით წუთში 48 აზიდვა შეასრულა და 9 მონაწილეს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.

ამ თემაზე:

„გიორგი მათურელი ახალი რეკორდის დამყარებას შეეცდება“

„აზიდვების შეჯიბრზე ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა“

„2014 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები“

„ქართველი რეკორდსმენების მორიგი წარმატება“
loading...