26 June 2015

ტურნიკზე მიზიდვაში ახალი მიღწევა დაფიქსირდა – არის თუ არა გინესის მიერ აღიარებული შედეგი ნამდვილი მსოფლიო რეკორდი?!

გინესის რეკორდსმენი ტურნიკზე მიზიდვაში
25 წლის სინგაპურელი იო კიმ იონგი ტურნიკზე (ჰორიზონტალურ ძელზე) მიზიდვაში გინესის რეკორდსმენი გახდა. ამ ტიტულის მოსაპოვებლად მან ერთი წუთის განმავლობაში 44 მიზიდვა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ გინესის მიერ დაფიქსირებული ეს შედეგი მნიშვნელოვანი სხვაობით ჩამორჩება ფაქტობრივ მსოფლიო რეკორდს, რომელიც სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ არის აღიარებული.

სინგაპურელი სპორტსმენის შედეგს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების (Daily Mail, The Straits Times) გამოხმაურება მოჰყვა, გინესის მსოფლიო რეკორდების რედაქციამ კი რეკორდის დამყარების ამსახველი ვიდეომასალა და იონგთან ჩაწერილი ექსკლუზიური ინტერვიუ გაავრცელა.


„იო კიმ იონგმა დაამსხვრია წინა რეკორდი და ტურნიკზე 44 მიზიდვის შესრულებით მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე სასურველი ტიტული მოიპოვა. სინგაპურელმა ძალოსანმა წინა რეზულტატის – 42 მიზიდვის გაუმჯობესება ერთწლიანი მძიმე ფიზიკური ვარჯიშის შედეგად მოახერხა“ – ნათქვამია სტატიაში.

გინესის მსოფლიო რეკორდების აღიარების მიუხედავად, სინგაპურელი ძალოსნის რეზულტატი კონკურენციას ვერ უწევს რუსი ვიტალი კულიკოვის მიღწევას, რომელმაც 60 წამის განმავლობაში 59 მიზიდვის შესრულება მოახერხა და ამ შედეგით ავტორიტეტული ორგანიზაციების აღიარებები მოიპოვა. კულიკოვის რეკორდი შეტანილია „ალტერნატიული რეკორდების წიგნისა“ და რეკორდსმენთა საერთაშორისო კლუბ „საქსონიას“ მონაცემთა ბაზებში. იხილეთ ვიტალი კულიკოვის რეკორდის ვიდეო:


შეგახსენებთ, რომ გინესის მსოფლიო რეკორდების ვერსიით, ერთ წუთში ტურნიკზე მიზიდვის რეკორდი ამ დრომდე ამერიკის მოქალაქე დევიდ ბარდონს ეკუთვნოდა 42 ერთეულით, მისი წინამორბედი კი მისივე თანამემამულე რონალდ კუპერი იყო, რომელმაც 2012 წელს გინესის რეკორდსმენის წოდება წუთში 36 მიზიდვის შესრულებით მიიღო.

ამ თემაზე:


loading...