ჩხოროწყუში ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მეორე რეკორდი დაამყარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა მხატვარმა ვახტანგ აბაშიძემ მორიგი რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა იოსებ ხუციშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა

28 July 2015

ქართველმა რეკორდსმენებმა 3 დღეში 18 რეკორდი დაამყარეს

რეკორდების ფედერაციის გუნდი
22–24 ივლისს თბილისში, „რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასის“ (RHR Cup) ეგიდით გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა რეკორდსმენებმა ძალისმიერი სპორტის სხვადასხვა სახეობებში 18 მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. სარეკორდო ღონისძიება ახლად გახსნილ ფიტნეს–კლუბ „კროსფიტში“ ჩატარდა.

22 – 23 ივლისს გიორგი როსტომაშვილმა იასპარეზა: პირველ დღეს მან ბრიტანელი ძალოსნის – სტივენ ბატლერის 10 რეკორდი გააუმჯობესა ჰანტელებით ვარჯიშის სხვადასხვა სახეობებში, მეორე დღეს კი კიდევ ორი უცხოელი ძალოსნის რეკორდები მოხსნა: 20 სმ სიმაღლის საფეხურზე 85–კილოგრამიანი შტანგის თანხლებით წუთში 32–ჯერ ავიდა და ამ შედეგით ერთდროულად გადააჭარბა შოტლანდიელი უილიამ ქენონის მიღწევას ორ სხვადასხვა კატეგორიაში – 140 და 180 ფუნტიანი სიმძიმით ვარჯიშში, შემდეგ კი ირლანდიელი იმონ კინის შედეგები გააუმჯობესა: 1 წუთის განმავლობაში 60 კგ წონის შტანგა 81–ჯერ ამოსწია, რამაც ჯამური მაჩვენებლით 4 860 კილოგრამი შეადგინა და 160 კილოგრამით აჯობა წინა რეზულტატს. ბოლოს, იგივე დროში ორი 15–კილოგრამიანი ჰანტელი 1 წუთში მხრების წინ 44–ჯერ აიტანა და ჯამური 1 320 კგ დააფიქსირა (ირლანდიელი ძალოსნის რეზულტატი 105 კილოგრამით გააუმჯობესა).

გიორგი როსტომაშვილი

24 ივლისს, დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო რეკორდსმენებმა: ირაკლი ვეკუამ, დავით ჟორჟოლიანმა და კუკური სალბიშვილმა. მოქმედ რეკორდსმენებთან ერთად ასპარეზობაზე პირველად გამოვიდა ლევან ბერუაშვილი.

ირაკლი ვეკუა – აზიდვა ცერა თითებზე

დავით ჟორჟოლიანის ახალი მიღწევა

ირაკლი ვეკუამ ცერა თითებზე ზედიზედ 55 აზიდვა შეასრულა და 3 წლის წინ დაფიქსირებული საკუთარი რეზულტატი (48 მოძრაობა) 7 ერთეულით გააუმჯობესა. მსგავსი ტიპის რეკორდი დაამყარა დავით ჟორჟოლიანმაც: ერთი წუთის განმავლობაში 20–კილოგრამიანი ზურგჩანთით ცერა თითებზე 30–ჯერ აიზიდა.

კუკური სალბიშვილი – აზიდვა 2 თითზე

კუკური სალბიშვილი – აზიდვა 1 თითზე

კუკური სალბიშვილმა საკუთარი რეკორდები გააუმჯობესა: მარჯვენა ხელის შუათითზე შეუსვენებლად 26 აზიდვა შეასრულა, „ბაკასანას“ პოზიციაში კი – 61. გარდა ამისა, მარჯვენა ხელის ორ თითზე (ცერაზე და საჩვენებელზე) 30–ჯერ აიზიდა და თანაგუნდელების მსგავსად შეჯიბრის უმაღლესი შეფასება – 4 ქულა ე.წ. „ჩელენჯის“ დაძლევისთვის მოიპოვა.

ლევან ბერუაშვილი – აზიდვა საჩვენებელ თითებზე

დებიუტანტმა ლევან ბერუაშვილმა საკუთარი შესაძლებლობა აზიდვების კიდევ ერთ, რთულ სახეობაში გამოავლინა: ფეხები 50სმ სიმაღლის საყრდენზე მოათავსა, სხეულის წონა მხოლოდ საჩვენებელ თითებზე გადაიტანა და ამ მდგომარეობაში ზედიზედ 7 აზიდვა შეასრულა.

სარეკორდო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტი – დავით ბეგიაშვილი, გენერალური მდივანი – მამუკა ორმოცაძე და „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ ახლად დანიშნული წარმომადგენელი საქართველოში, რეგიონალური პრეზიდენტი – დავით ხარატიშვილი. აგრეთვე, რეკორდსმენებს გულშემატკივრობდა გინესის რეკორდსმენი თემურ დადიანი.

დავით ბეგიაშვილის განცხადებით, ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოხერხდა გუნდის პოტენციალის სრულად წარმოჩენა:

„სპონსორი არ გვყავდა, ამიტომ ვერ ჩავატარეთ რამდენიმე სარეკორდო ასპარეზობა, რომლებიც სპეციალურ პირობებს – მოედანს, სპეციალურ ინვენტარს, ტექნიკას საჭიროებდა. ეს სამდღიანი შეჯიბრი მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე განხორციელდა. ღონისძიებისთვის საჭირო ფართი ფიტნეს–კლუბმა „კროსფიტმა“ დაგვითმო, რისთვისაც მადლობას ვუხდი კლუბის ხელმძღვანელ ბაჩო ქართლელიშვილს.“

„ეროვნული ფედერაციის მსაჯის სტატუსით სარეკორდო ღონისძიებებს წარსულშიც რეგულარულად ვესწრებოდი, თუმცა ამჟამად საერთაშორისო ლიცენზიით მიწევს მსაჯობა და ეს ჩემთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ქართველმა რეკორდსმენებმა შთამბეჭდავი შედეგები აჩვენეს. მოხარული ვარ, რომ წილად მხვდა პატივი, „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ სახელით დამეფიქსირებინა მათი მიღწევები“ – განაცხადა დავით ხარატიშვილმა.

საბოლოო ჯამში, ფედერაციის გუნდს დამყარებული 18 მსოფლიო რეკორდით 73 ქულის მოპოვების პერსპექტივა აქვს. ღონისძიების დოკუმენტური მასალები დიდ ბრიტანეთში 10 აგვისტომდე გაიგზავნება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი საბოლოო შედეგები.

„რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასი“ სარეკორდო ორგანიზაციების პირველი ერთობლივი შეჯიბრია და 2015 წელს პირველად ტარდება. პროექტის ავტორები არიან „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ პრეზიდენტი – დინ გოულდი და ამავე ორგანიზაციის აშშ–ის წარმომადგენლობის პრეზიდენტის – დევიდ ადამოვიჩი.

ამ თემაზე:

„ქართველი რეკორდსმენები „რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასზე“ იასპარეზებენ“

„ალტერნატიული რეკორდების წიგნში კიდევ ხუთი ქართველი მოხვდა“

„ყველაზე უცნაური რეკორდების კრებულში ორი ქართველის შედეგები მოხვდა (ვიდეო)“

„აზიდვების შეჯიბრზე ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა“

„საქართველოში პირველად – გინესის რეკორდის დასამყარებლად შეჯიბრი ჩატარდება“

„პირველად საქართველოში – პირდაპირ ეთერში მსოფლიო რეკორდი დამყარდა!“

„რუსთავი 2“–ისპირდაპირ ეთერში მსოფლიო რეკორდი დამყარდება!“

27 July 2015

თემურ დადიანმა ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მიიღო მონაწილეობა (ვიდეო)

თემურ დადიანი ოლიმპიური ჩირაღდნით
გინესის რეკორდსმენმა თემურ დადიანმა ევროპის მე–13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. იგი ესტაფეტაში ჩაერთო და სამ ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად ჩირაღდანი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეიტანა.

თემურ დადიანის გამოსვლა საღამოს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი იყო. მაყურებლები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეხზე წამოუდგნენ სპორტსმენს. თემურ დადიანმა ჩირაღდანი გელა კეტაშვილისგან გადაიბარა, შემდეგ კი ნინო სალუქვაძეს გადასცა. ესტაფეტა ზურაბ ზვიადაურმა დაასრულა.

ევროპის მე–13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი

თემურ დადიანი და გელა კეტაშვილი

თემურ დადიანი ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაზე

23 წლის კაპრალი, ორგზის მსოფლიო რეკორდსმენი თემურ დადიანი ISAF–ის მისიის ყოფილი მონაწილე, დაჭრილი ჯარისკაცია. მან ორივე ქვედა კიდური და მარჯვენა ხელის ნეკა თითი 2011 წლის 3 აგვისტოს, ავღანეთში, ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქების შედეგად დაკარგა. შემთხვევიდან ზუსტად სამი წლისთავზე თემურმა უპრეცედენტო მსოფლიო რეკორდი დაამყარა ე.წ. „ფლენჩ“ (Planche) აზიდვებში (წუთში 36 აზიდვა), მიმდინარე წლის ივნისში კი საკუთარი შედეგი გააუმჯობესა (44 აზიდვა). ამჟამად მსახურობს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, პარალელურად სწავლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.



ამ თემაზე:








22 July 2015

დავით ხარატიშვილი საქართველოში „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ წარმომადგენლად დაინიშნა

დავით ხარატიშვილი – მსაჯი
საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯი – დავით ხარატიშვილი რეკორდების მარეგისტრირებელი საერთაშორისო ორგანიზაციის – „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ (Record Holders Republic) რეგიონალურ პრეზიდენტად დაინიშნა. RHR–ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მას მიმდინარე წლის 1–ელ ივლისს მიენიჭა.

„რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ რეგიონალური პრეზიდენტის ფუნქციები მოიცავს სარეკორდო ფაქტების მოძიებას ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვებასა და გაგზავნას ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში, დიდ ბრიტანეთში.

ყოფილი მოკრივე და მძლეოსანი დავით ხარატიშვილი 2012 წლიდან საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯთა კომისიის წევრია. სხვადასხვა დროს იყო ამერიკის მოყვარულ მოკრივეთა ასოციაციისა და ნიუ–იორკის მორბენალთა კლუბის წევრი. RHR–ის წარმომადგენლის სტატუსით მისი დებიუტი 22 ივლისს, „რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასზე“ შედგება.

„რეკორდსმენთა რესპუბლიკა“ 2001 წელს დაარსდა. ცენტრალური ოფისი დიდ ბრიტანეთში მდებარეობს, აგრეთვე, დანიშნული წარმომადგენლები ჰყავს აშშ–ში, ავსტრალიაში და აზიის ქვეყნებში. ორგანიზაციის ხელმძღვანელობით დღემდე განხორციელდა რამდენიმე სატელევიზიო შოუ და გამოიცა რეკორდების წიგნი, სახელწოდებით „დაიჯერე დაუჯერებელი!“ (Believe the Unbelievable!). გარდა ამისა, წელს პირველად ტარდება მასშტაბური გუნდური შეჯიბრი – „რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასი“, რომელშიც ქართველი რეკორდსმენებიც იღებენ მონაწილეობას.

21 July 2015

ქართველი რეკორდსმენები „რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასზე“ იასპარეზებენ

რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასი – RHR Cup
22 ივლისიდან ქართველი რეკორდსმენები „რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასზე“ (RHR Cup) იასპარეზებენ. მასშტაბურ გუნდურ შეჯიბრში ისინი ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებს გაუწევენ კონკურენციას. ღონისძიების ინიციატორია ბრიტანული ორგანიზაცია – „რეკორდსმენთა რესპუბლიკა“ (Record Holders Republic).

RHR Cup–ზე საქართველოს გუნდს ხუთი მოქმედი და სამი პოტენციური რეკორდსმენი წარმოადგენს. მათი კონკურენტები ინგლის–ამერიკის გაერთიანებული ნაკრები, აგრეთვე ინდოეთისა და ინდონეზიის გუნდები იქნებიან.

შეჯიბრი დისტანციურად ტარდება – წესების თანახმად, 1–დან 31 ივლისის ჩათვლით თითოეული გუნდი დამოუკიდებლად, საკუთარ ქვეყანაში ჩაატარებს სარეკორდო ღონისძიებებს, 10 აგვისტომდე კი ყველა რეზულტატი დიდ ბრიტანეთში უნდა გაიგზავნოს დასამტკიცებლად.

გამარჯვებული გამოვლინდება დამყარებული რეკორდების შესაბამისად, ქულების რაოდენობით. ქულების მინიჭების კრიტერიუმი ინდივიდუალურია: ახალი რეკორდის დამყარებისთვის – 1 ქულა, საკუთარი შედეგის გაუმჯობესებისთვის – 2 ქულა, სხვა ადამიანის რეკორდის მოხსნისთვის – 3 ქულა, შეჯიბრის მთავარი ნაწილი – ე.წ. „ჩელენჯის“ დაძლევა კი 4 ქულით ფასდება. ჩელენჯი არის სარეკორდო კატეგორია, რომელსაც წარადგენს  გუნდი და ამ სახეობაში შესაჯიბრებლად იწვევს კონკურენტებს.

„რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასი“ სარეკორდო ორგანიზაციების პირველი ერთობლივი შეჯიბრია და 2015 წელს პირველად ტარდება. პროექტის ავტორები არიან „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ პრეზიდენტი – დინ გოულდი და ამავე ორგანიზაციის აშშ–ის წარმომადგენლობის პრეზიდენტის – დევიდ ადამოვიჩი.

ამ თემაზე:






06 July 2015

პლანეტის ყველაზე დღეგრძელი ადამიანი 116 წლისაა

სუსანა ჯონსი – ყველაზე ასაკოვანი ადამიანი დედამიწაზე
116 წლის სუსანა ჯონსი პლანეტის უხუცესი მაცხოვრებელია. ხანდაზმულობისთვის მას ოფიციალურად მიენიჭა გინესის რეკორდსმენის ტიტული.

სუსანა ჯონსი 1899 წლის 6 ივნისს, ალაბამას შტატში დაიბადა, ის ერთ–ერთი იყო 10 და–ძმას შორის. 1922 წელს ნიუ–ჯერსიში გადავიდა, ერთი წლის შემდეგ კი ნიუ–იორკში  დასახლდა.

ქალბატონმა ჯონსმა რეკორდსმენის სტატუსი კი 2015 წლის 17 ივნისს მიიღო. ამ დროისათვის მისი ასაკი ზუსტად 115 წელიწადი და 346 დღე იყო.

მხედველობის არქონისა და დაქვეითებული სმენის მიუხედავად, ჯონსი არ არის საწოლზე მიჯაჭვული და დღეში მხოლოდ ორი სახის მედიკამენტს იღებს. შეკითხვაზე – რა არის მისი დღეგრძელობის საიდუმლო, ქალბატონი ჯონსი მოკლედ პასუხობს – „ძილი!“

გინესის მსოფლიო რეკორდების ვერსიით, ჯონსის წინამორბედი იაპონელი ქალბატონი მისაო ოკავა იყო, რომელიც 1–ელ აპრილს, 117 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიცოცხლის ხანგრძლივობის „აბსოლუტური რეკორდი“ კი ფრანგ ქალბატონ ჟანი კალმენტს ეკუთვნის: მან ზუსტად 122 წელიწადი და 164 დღე იცოცხლა და 1997 წლის 4 აგვისტოს გარდაიცვალა.

ამ თემაზე:

„111 წლის იაპონელი მსოფლიოს უხუცესი მცხოვრები მამაკაცია (ვიდეო)“

„მსოფლიოს უხუცესი მამაკაცის ტიტული 111 წლის ნიუ–იორკელს მიენიჭა“

„პლანეტის უხუცესი მცხოვრები დღეს 116 წლის გახდა“

„პლანეტის უხუცესი მცხოვრები მამაკაცი – ახალი რეკორდსმენი გამოვლენილია“

„ყველაზე ასაკოვანი ტანმოვარჯიშე (ვიდეო)“

„პლანეტის უხუცესი ადამიანი აფრიკაში ცხოვრობს“

„გინესმა პლანეტის უხუცესი მამაკაცი დაასახელა“

03 July 2015

"ნისანის" რეკორდი – ექსტრემალური ტრიუკი ორ ბორბალზე (ვიდეო)

ნისანის ჰეჩბეკით გინესის რეკორდი დამყარდა
ექსტრემალმა მძღოლმა ტერი გრანტმა ორ ბორბალზე სიარულში მსოფლიო რეკორდი დაამყარა – „ნისანის“ მარკის ავტომობილით მან ერთი მილი (1.6 კმ) მანძილი უმოკლეს დროში დაფარა.

სარეკორდო სანახაობა გასულ კვირას, დიდ ბრიტანეთში გამართულ „გუდვუდის სისწრაფის ფესტივალზე“ შესრულდა. ბრიტანელმა მძღოლმა ტრიუკის შესასრულებლად საკუთარი ჰეჩბეკი – „Nissan Juke Nismo RS” გამოიყენა. რეკორდის დამყარების დროს ავტომობილის მოძრაობის საშუალო სიჩაქრე 44.3 კმ/სთ–ს შეადგენდა. საბოლოოდ, ტერი გრანტს ერთი მილის გასავლელად 2 წუთი და 10 წამი დასჭირდა და მანამდე არსებული მაჩვენებელი 35–წამიანი სხვაობით გააუმჯობესა.

სარეკორდო ტრიუკისთვის გამოყენებული ავტომობილი 1.6 ლიტრი მოცულობისა და 215 ცხენის ძალის მქონე ოთხცილინდრიანი ტურბოძრავით იყო აღჭურვილი.

იხილეთ ტერი გრანტის რეკორდული ტრიუკის სრული ვიდეოჩანაწერი:


მასალა მომზადებულია „მსოფლიო რეკორდების აკადემიის“ მიხედვით

ამ თემაზე: