22 July 2015

დავით ხარატიშვილი საქართველოში „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ წარმომადგენლად დაინიშნა

დავით ხარატიშვილი – მსაჯი
საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯი – დავით ხარატიშვილი რეკორდების მარეგისტრირებელი საერთაშორისო ორგანიზაციის – „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ (Record Holders Republic) რეგიონალურ პრეზიდენტად დაინიშნა. RHR–ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მას მიმდინარე წლის 1–ელ ივლისს მიენიჭა.

„რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ რეგიონალური პრეზიდენტის ფუნქციები მოიცავს სარეკორდო ფაქტების მოძიებას ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვებასა და გაგზავნას ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში, დიდ ბრიტანეთში.

ყოფილი მოკრივე და მძლეოსანი დავით ხარატიშვილი 2012 წლიდან საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯთა კომისიის წევრია. სხვადასხვა დროს იყო ამერიკის მოყვარულ მოკრივეთა ასოციაციისა და ნიუ–იორკის მორბენალთა კლუბის წევრი. RHR–ის წარმომადგენლის სტატუსით მისი დებიუტი 22 ივლისს, „რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასზე“ შედგება.

„რეკორდსმენთა რესპუბლიკა“ 2001 წელს დაარსდა. ცენტრალური ოფისი დიდ ბრიტანეთში მდებარეობს, აგრეთვე, დანიშნული წარმომადგენლები ჰყავს აშშ–ში, ავსტრალიაში და აზიის ქვეყნებში. ორგანიზაციის ხელმძღვანელობით დღემდე განხორციელდა რამდენიმე სატელევიზიო შოუ და გამოიცა რეკორდების წიგნი, სახელწოდებით „დაიჯერე დაუჯერებელი!“ (Believe the Unbelievable!). გარდა ამისა, წელს პირველად ტარდება მასშტაბური გუნდური შეჯიბრი – „რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასი“, რომელშიც ქართველი რეკორდსმენებიც იღებენ მონაწილეობას.

loading...