21 July 2015

ქართველი რეკორდსმენები „რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასზე“ იასპარეზებენ

რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასი – RHR Cup
22 ივლისიდან ქართველი რეკორდსმენები „რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასზე“ (RHR Cup) იასპარეზებენ. მასშტაბურ გუნდურ შეჯიბრში ისინი ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებს გაუწევენ კონკურენციას. ღონისძიების ინიციატორია ბრიტანული ორგანიზაცია – „რეკორდსმენთა რესპუბლიკა“ (Record Holders Republic).

RHR Cup–ზე საქართველოს გუნდს ხუთი მოქმედი და სამი პოტენციური რეკორდსმენი წარმოადგენს. მათი კონკურენტები ინგლის–ამერიკის გაერთიანებული ნაკრები, აგრეთვე ინდოეთისა და ინდონეზიის გუნდები იქნებიან.

შეჯიბრი დისტანციურად ტარდება – წესების თანახმად, 1–დან 31 ივლისის ჩათვლით თითოეული გუნდი დამოუკიდებლად, საკუთარ ქვეყანაში ჩაატარებს სარეკორდო ღონისძიებებს, 10 აგვისტომდე კი ყველა რეზულტატი დიდ ბრიტანეთში უნდა გაიგზავნოს დასამტკიცებლად.

გამარჯვებული გამოვლინდება დამყარებული რეკორდების შესაბამისად, ქულების რაოდენობით. ქულების მინიჭების კრიტერიუმი ინდივიდუალურია: ახალი რეკორდის დამყარებისთვის – 1 ქულა, საკუთარი შედეგის გაუმჯობესებისთვის – 2 ქულა, სხვა ადამიანის რეკორდის მოხსნისთვის – 3 ქულა, შეჯიბრის მთავარი ნაწილი – ე.წ. „ჩელენჯის“ დაძლევა კი 4 ქულით ფასდება. ჩელენჯი არის სარეკორდო კატეგორია, რომელსაც წარადგენს  გუნდი და ამ სახეობაში შესაჯიბრებლად იწვევს კონკურენტებს.

„რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასი“ სარეკორდო ორგანიზაციების პირველი ერთობლივი შეჯიბრია და 2015 წელს პირველად ტარდება. პროექტის ავტორები არიან „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ პრეზიდენტი – დინ გოულდი და ამავე ორგანიზაციის აშშ–ის წარმომადგენლობის პრეზიდენტის – დევიდ ადამოვიჩი.

ამ თემაზე:






loading...