28 July 2015

ქართველმა რეკორდსმენებმა 3 დღეში 18 რეკორდი დაამყარეს

რეკორდების ფედერაციის გუნდი
22–24 ივლისს თბილისში, „რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასის“ (RHR Cup) ეგიდით გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა რეკორდსმენებმა ძალისმიერი სპორტის სხვადასხვა სახეობებში 18 მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. სარეკორდო ღონისძიება ახლად გახსნილ ფიტნეს–კლუბ „კროსფიტში“ ჩატარდა.

22 – 23 ივლისს გიორგი როსტომაშვილმა იასპარეზა: პირველ დღეს მან ბრიტანელი ძალოსნის – სტივენ ბატლერის 10 რეკორდი გააუმჯობესა ჰანტელებით ვარჯიშის სხვადასხვა სახეობებში, მეორე დღეს კი კიდევ ორი უცხოელი ძალოსნის რეკორდები მოხსნა: 20 სმ სიმაღლის საფეხურზე 85–კილოგრამიანი შტანგის თანხლებით წუთში 32–ჯერ ავიდა და ამ შედეგით ერთდროულად გადააჭარბა შოტლანდიელი უილიამ ქენონის მიღწევას ორ სხვადასხვა კატეგორიაში – 140 და 180 ფუნტიანი სიმძიმით ვარჯიშში, შემდეგ კი ირლანდიელი იმონ კინის შედეგები გააუმჯობესა: 1 წუთის განმავლობაში 60 კგ წონის შტანგა 81–ჯერ ამოსწია, რამაც ჯამური მაჩვენებლით 4 860 კილოგრამი შეადგინა და 160 კილოგრამით აჯობა წინა რეზულტატს. ბოლოს, იგივე დროში ორი 15–კილოგრამიანი ჰანტელი 1 წუთში მხრების წინ 44–ჯერ აიტანა და ჯამური 1 320 კგ დააფიქსირა (ირლანდიელი ძალოსნის რეზულტატი 105 კილოგრამით გააუმჯობესა).

გიორგი როსტომაშვილი

24 ივლისს, დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო რეკორდსმენებმა: ირაკლი ვეკუამ, დავით ჟორჟოლიანმა და კუკური სალბიშვილმა. მოქმედ რეკორდსმენებთან ერთად ასპარეზობაზე პირველად გამოვიდა ლევან ბერუაშვილი.

ირაკლი ვეკუა – აზიდვა ცერა თითებზე

დავით ჟორჟოლიანის ახალი მიღწევა

ირაკლი ვეკუამ ცერა თითებზე ზედიზედ 55 აზიდვა შეასრულა და 3 წლის წინ დაფიქსირებული საკუთარი რეზულტატი (48 მოძრაობა) 7 ერთეულით გააუმჯობესა. მსგავსი ტიპის რეკორდი დაამყარა დავით ჟორჟოლიანმაც: ერთი წუთის განმავლობაში 20–კილოგრამიანი ზურგჩანთით ცერა თითებზე 30–ჯერ აიზიდა.

კუკური სალბიშვილი – აზიდვა 2 თითზე

კუკური სალბიშვილი – აზიდვა 1 თითზე

კუკური სალბიშვილმა საკუთარი რეკორდები გააუმჯობესა: მარჯვენა ხელის შუათითზე შეუსვენებლად 26 აზიდვა შეასრულა, „ბაკასანას“ პოზიციაში კი – 61. გარდა ამისა, მარჯვენა ხელის ორ თითზე (ცერაზე და საჩვენებელზე) 30–ჯერ აიზიდა და თანაგუნდელების მსგავსად შეჯიბრის უმაღლესი შეფასება – 4 ქულა ე.წ. „ჩელენჯის“ დაძლევისთვის მოიპოვა.

ლევან ბერუაშვილი – აზიდვა საჩვენებელ თითებზე

დებიუტანტმა ლევან ბერუაშვილმა საკუთარი შესაძლებლობა აზიდვების კიდევ ერთ, რთულ სახეობაში გამოავლინა: ფეხები 50სმ სიმაღლის საყრდენზე მოათავსა, სხეულის წონა მხოლოდ საჩვენებელ თითებზე გადაიტანა და ამ მდგომარეობაში ზედიზედ 7 აზიდვა შეასრულა.

სარეკორდო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტი – დავით ბეგიაშვილი, გენერალური მდივანი – მამუკა ორმოცაძე და „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ ახლად დანიშნული წარმომადგენელი საქართველოში, რეგიონალური პრეზიდენტი – დავით ხარატიშვილი. აგრეთვე, რეკორდსმენებს გულშემატკივრობდა გინესის რეკორდსმენი თემურ დადიანი.

დავით ბეგიაშვილის განცხადებით, ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოხერხდა გუნდის პოტენციალის სრულად წარმოჩენა:

„სპონსორი არ გვყავდა, ამიტომ ვერ ჩავატარეთ რამდენიმე სარეკორდო ასპარეზობა, რომლებიც სპეციალურ პირობებს – მოედანს, სპეციალურ ინვენტარს, ტექნიკას საჭიროებდა. ეს სამდღიანი შეჯიბრი მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე განხორციელდა. ღონისძიებისთვის საჭირო ფართი ფიტნეს–კლუბმა „კროსფიტმა“ დაგვითმო, რისთვისაც მადლობას ვუხდი კლუბის ხელმძღვანელ ბაჩო ქართლელიშვილს.“

„ეროვნული ფედერაციის მსაჯის სტატუსით სარეკორდო ღონისძიებებს წარსულშიც რეგულარულად ვესწრებოდი, თუმცა ამჟამად საერთაშორისო ლიცენზიით მიწევს მსაჯობა და ეს ჩემთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ქართველმა რეკორდსმენებმა შთამბეჭდავი შედეგები აჩვენეს. მოხარული ვარ, რომ წილად მხვდა პატივი, „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ სახელით დამეფიქსირებინა მათი მიღწევები“ – განაცხადა დავით ხარატიშვილმა.

საბოლოო ჯამში, ფედერაციის გუნდს დამყარებული 18 მსოფლიო რეკორდით 73 ქულის მოპოვების პერსპექტივა აქვს. ღონისძიების დოკუმენტური მასალები დიდ ბრიტანეთში 10 აგვისტომდე გაიგზავნება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი საბოლოო შედეგები.

„რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასი“ სარეკორდო ორგანიზაციების პირველი ერთობლივი შეჯიბრია და 2015 წელს პირველად ტარდება. პროექტის ავტორები არიან „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ პრეზიდენტი – დინ გოულდი და ამავე ორგანიზაციის აშშ–ის წარმომადგენლობის პრეზიდენტის – დევიდ ადამოვიჩი.

ამ თემაზე:

„ქართველი რეკორდსმენები „რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასზე“ იასპარეზებენ“

„ალტერნატიული რეკორდების წიგნში კიდევ ხუთი ქართველი მოხვდა“

„ყველაზე უცნაური რეკორდების კრებულში ორი ქართველის შედეგები მოხვდა (ვიდეო)“

„აზიდვების შეჯიბრზე ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა“

„საქართველოში პირველად – გინესის რეკორდის დასამყარებლად შეჯიბრი ჩატარდება“

„პირველად საქართველოში – პირდაპირ ეთერში მსოფლიო რეკორდი დამყარდა!“

„რუსთავი 2“–ისპირდაპირ ეთერში მსოფლიო რეკორდი დამყარდება!“
loading...