ჩხოროწყუში ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მეორე რეკორდი დაამყარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა მხატვარმა ვახტანგ აბაშიძემ მორიგი რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა იოსებ ხუციშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა

30 August 2015

ანა ლომინაძის რეკორდი “THE WEEK“–ის სტატიაში მოხვდა

ანა ლომინაძე - Ana Lominadze
პოპულარულმა ბრიტანულმა ჟურნალმა – “THE WEEK“ ყველაზე უცნაური რეკორდების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. ჩამონათვალში მოხვდა ანა ლომინაძის მსოფლიო რეკორდი ბორკილებითა და ჯაჭვებით ცურვაში.

სტატია 24 აგვისტოს გამოქვეყნდა და „გინესის მსოფლიო რეკორდების“ 60 წლის იუბილეს მიეძღვნა. „პირველი წიგნის გამოცემიდან 60 წლის შემდეგ გთავაზობთ ყველაზე უცნაურ და საოცარ რეკორდებს, რომლებიც დღესაც მოქმედია“ – ნათქვამია პუბლიკაციაში. სიაში სულ 14 რეკორდი მოხვდა, მათ შორის – ყველაზე უხუცესი და ყველაზე მაღალი მამაკაცი, უდიდესი სიმაღლიდან გასაბერ აუზში შესრულებული ნახტომი, ყველაზე დიდი პიცა და ა.შ.

ანა ლომინაძე ინგლისური ჟურნალის "THE WEEK"–ის სტატიაში მოხვდა

რეკორდი, რომელიც ბრიტანული ჟურნალშია ნახსენები, ანა ლომინაძემ გასული წლის 3 აპრილს დაამყარა – რკინის ბორკილებითა და ჯაჭვებით ხელფეხშეკრულმა სპორტსმენმა 25–მეტრიანი აუზი 21.76 წამში გადაცურა.

ანა ლომინაძე ერთადერთი ქართველი ქალი მსოფლიო რეკორდსმენია. პირველი რეკორდი 2012 წელს 17 წლის ასაკში დაამყარა – ხელფეხშეკრულ მდგომარეობაში შეუსვენებლად, 47 წუთში გადაცურა დარდანელის სრუტის 5.5–კილომეტრიანი მონაკვეთი და ამ შედეგით „რიფლეის დაუჯერებელი ფაქტების წიგნში“ მოხვდა.


29 August 2015

გინესის წიგნი იუბილარია

გინესის რეკორდები 60 წლისაა
27 აგვისტოს გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნს არსებობის 60 წელიწადი შეუსრულდა. რეკორდების ყველაზე პოპულარული წიგნის იუბილე მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა.

გინესის წიგნის შექმნის იდეა სერ ჰიუ ბივერს უკავშირდება, რომელიც იმ დროისათვის ლუდსახარში „გინესის“ დირექტორი იყო. 1951 წლის 10 ნოემბერს, ირლანდიაში ნადირობის შემდეგ, ადგილობრივ პაბში ბივერი შემთხვევით შეესწრო კამათს იმის შესახებ, თუ რომელი ფრინველი იყო ყველაზე სწრაფი ევროპაში. აღმოჩნდა, რომ ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობდა. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, შექმნილიყო ენციკლოპედია რეკორდების შესახებ. მოგვიანებით ჰიუ ბივერმა იდეა გააცნო ტყუპ ძმებს – როს და ნორის მაკ’ვაითერებს, რომლებსაც ლონდონში კერძო საინფორმაციო სააგენტო ჰქონდათ. ერთობლივი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, გინესის წიგნის პირველი ეგზემპლარი 1955 წლის 27 აგვისტოს გამოიცა, საშობაოდ კი ბესტსელერი გახდა.

ამჟამად „გინესის წიგნი“ 100–ზე მეტ ქვეყანაში, 37 ენაზე გამოიცემა. ოფიციალური ინფორმაციით, დღემდე გაყიდულია 134 მილიონი ეგზემპლარი. 2008 წელს, „გინესის მსოფლიო რეკორდებზე“ საავტორო უფლება „ჯიმ პატისონის ჯგუფმა“ 118 მილიონ დოლარად შეიძინა.

ამ თემაზე:

„საუკეთესო რეკორდები „გინესის დღე – 2013–ზე“

„დღეს „გინესის მსოფლიო რეკორდების დღე – 2013“ აღინიშნება“

„ატვირთე ფოტო და დაამყარე რეკორდი“ – სახალისო კონკურსი გინესის მსოფლიო რეკორდებისგან“

28 August 2015

ქართველი რეკორდსმენების წარმატება „რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასზე“

Record Holders Republic – რეკორდსმენთა რესპუბლიკა
„რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასის შედეგები ცნობილია – საქართველოს რეკორდების ფედერაციამ გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა, ინდივიდუალური შედეგებით კი უმაღლესი შეფასება გიორგი როსტომაშვილმა მიიღო.

შეჯიბრი ივლისის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში დისტანციურად იყო ჩართული ოთხი ქვეყნის გუნდი (საქართველო, დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი, ინდონეზია).  ადგილობრივი ღონისძიება 22–24 ივლისს, თბილისში, ფიტნეს–კლუბ „კროსფიტში“ გაიმართა და სამი დღის განმავლობაში 18 მსოფლიო რეკორდი დამყარდა. მიღწევები ადგილზე დააფიქსირა „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ რეგიონალურმა წარმომადგენელმა საქართველოში – დავით ხარატიშვილმა.

ქართველი რეკორდსმენები "რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასზე"

შეჯიბრის ფარგლებში დამყარებული რეკორდები შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით, ქულების 4–ბალიანი სისტემით შეფასდა. გამარჯვებული გახდა დიდი ბრიტანეთის გუნდი, რომელმაც საერთო ჯამში 144 ქულა მოაგროვა. მეორე ადგილი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დაიკავა 73 ქულით, მესამე და მეოთხე ადგილებზე კი ინდოეთისა და ინდონეზიის გუნდები გავიდნენ.

გიორგი როსტომაშვილმა "რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასზე" უმაღლესი შედეგი აჩვენა

ინდივიდუალურ ჩათვლაში უმაღლესი შეფასება მიიღო საქართველოს რეკორდების ფედერაციის გუნდის წევრმა გიორგი როსტომაშვილმა, რომელმაც საერთო ჯამში 45 ქულა მოიპოვა. მეორე და მესამე ადგილები კი ბრიტანელმა ძალოსნებმა – ფრედ ბარტონმა (38 ქულა) და პედი დოილმა (36 ქულა) დაიკავეს.

„რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასი“ საერთაშორისო ორგანიზაცია „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ (Record Holders Republic) ინიციატივით მიმდინარე წელს პირველად განხორციელდა. ორგანიზატორების განცხადებით, შეჯიბრი ყოველწლიურად ჩატარდება და უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს.

ამ თემაზე:



24 August 2015

გინესმა ხანდაზმულობის ახალი რეკორდები დაამტკიცა

გინესის რეკორდსმენი ყველაზე მოხუცი მამაკაცი მსოფლიოში
გასულ კვირას გინესმა სიცოცხლის ხანგრძლივობის ორი ახალი რეკორდი დაადასტურა: აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ყველაზე მოხუცი მამაკაცი იაპონიაში ცხოვრობს, ყველაზე მოხუცი ტყუპები კი – დანიაში.

პლანეტის უხუცესი მამაკაცი – იასუტარო კოიდე 112 წლისაა. დაიბადა 1903 წლის 13 მარტს. ასაკის მიუხედავად იგი თავს მხნედ გრძნობს და სახლში დამოუკიდებლად გადაადგილდება, არ იყენებს კბილის პროთეზებს და გაზეთებსაც სათვალის გარეშე კითხულობს.

„მთავარია ზომიერების დაცვა“ – განაცხადა ბატონმა კოიდემ სააგენტო „ესოშიეითედ პრესთან“ ინტერვიუში. მან ყველას მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ მოწევისა და დალევისგან.

112 წლის იაპონელი – ხანდაზმულობის რეკორდსმენი

რაც შეეხება მსოფლიოს უხუცეს ტყუპებს, პიერ და პოლ ლანგეროკები 1913 წლის 8 ივლისს დაიბადნენ და მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს, პროფესიული საქმიანობაც საერთო ჰქონდათ – ორივე მოსამართლე იყო. არცერთი არ დაოჯახებულა, რადგან ერთმანეთის პოტენციური მეორე ნახევრები არ მოსწონდათ. 102 წლის ძმები ახლაც საუკეთესო მეგობრებად თვლიან ერთმანეთს და დარჩენილ ცხოვრებას მოხუცთა თავშესაფარში ატარებენ.

102 წლის ტყუპები – გინესის რეკორდსმენი ძმები

თავიანთი სიცოცხლის ხანგრძლივობით  ტყუპებმა ექიმის პროგნოზსაც კი გადააჭარბეს: „85 წლის ასაკში ექიმმა გვითხრა, რომ 100 წლამდე ვერ მივაღწევდით. თუმცა, მეც არასოდეს მქონია ასეთი ხანდაზმულობის სურვილი“ – აღნიშნა პოლმა და დაამატა: „ბევრ რჩევას ვერ მოგცემთ: არ დახარჯოთ დრო უაზროდ, არ მიიღოთ ბევრი საკვები და არ აჰყვეთ ქალებს.“

ლანგეროკები ამჟამად მაცხოვრებელ უხუცეს ტყუპ ძმებად არიან აღიარებულნი, თუმცა ახალი რეკორდის დასამყარებლად მათ კიდევ სამწლიანი თანაცხოვრება სჭირდებათ, რათა ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ძმების სტატუსი დაიმსახურონ. მოქმედი რეკორდი ამერიკელ ძმებ მოიერებს ეკუთვნის, რომლებიც 1895 წელს დაიბადნენ და ერთად 105 წელიწადს იცხოვრეს. კიდევ უფრო მაღალია მდედრობითი სქესის ტყუპების ხანდაზმულობის რეკორდი: ოფიციალური ინფორმაციით, იაპონელმა დებმა – კინ ნარიტამ და გინ კანიემ ერთად 107 წელიწადი გაატარეს.

 გინესის მსოფლიო რეკორდების თანახმად,  ამჟამად პლანეტის ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, ქალბატონი სუსანა ჯონსი ნიუ–იორკში ცხოვრობს. მისი ზუსტი ასაკი დღეისათვის 115 წელიწადსა და 414 დღეს შეადგენს. ყველა დროის ყველაზე ასაკოვანი ადამიანი კი ფრანგი ქალბატონი – ჟანი კალმენტი იყო, რომელმაც 122 წელიწადი და 164 დღე იცოცხლა.

ამ თემაზე:








10 August 2015

თიანელმა სპორტსმენებმა „თიანეთობაზე“ ორი რეკორდი დაამყარეს

თიანეთობა 2015–ზე ორი რეკორდი დამყარდა
9 აგვისტოს, დაბა თიანეთის სახალხო დღესასწაულ „თიანეთობა 2015“–ზე, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა – გიორგი მათურელმა და ნოდარ ცალუღელაშვილმა მუშტებზე აზიდვებში რეკორდები დაამყარეს. ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ. დავით უსუფაშვილმა სპორტსმენები საქართველოს რეკორდების ფედერაციის სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

გიორგი მათურელისთვის გუშინდელი სარეკორდო ასპარეზობა რიგით მეექვსე იყო – 28 წლის ძალოსანს წარსულში ხუთი რეკორდი აქვს დამყარებული, აზიდვების სხვადასხვა სახეობებში. ამჯერად მან 28.9 კგ (60 ფუნტის ექვივალენტი) წონის ტვირთით, მარჯვენა ხელის მუშტზე, ერთ წუთში 60–ჯერ აიზიდა და საუკეთესო შედეგი აჩვენა.

გიორგი მათურელი ამყარებს მეექვსე რეკორდს

წარმატებული დებიუტი ჰქონდა 24 წლის ნოდარ ცალუღელაშვილსაც: მან 45–კილოგრამიანი ზურგჩანთით ორივე ხელის მუშტზე ერთ წუთში 58 აზიდვა შეასრულა. ამ სახეობაში სარეკორდო შედეგი სხვადასხვა დროს ეკუთვნოდათ ქართველ, ამერიკელ და ფრანგ სპორტსმენებს, უკანასკნელი მიღწევის ავტორი კი გიორგი მათურელი იყო, რომელმაც 2 თვის უკან თიანეთში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე 38 აზიდვა შეასრულა.

ნოდარ ცალუღელაშვილი ასრულებს მუშტებზე აზიდვებს 45კგ წონის ჩანთით

რეკორდსმენების საგულშემატკივროდ, თიანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრთა კაბინეტის წევრები, აგრეთვე, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. თიანელ სპორტსმენებს საქართველოს რეკორდების ფედერაციის სერტიფიკატები დავით უსუფაშვილმა გადასცა.

„ვულოცავ თიანეთის მოსახლეობას ამ დღესასწაულს! დღეს ძალიან ბევრი საინტერესო კუთხე ვნახეთ, სადაც ძალიან შთამბეჭდავი შეჯიბრები გაიმართა, ვნახეთ ადგილობრივი ნაწარმი და ხელოვნების ნიმუშები, თუმცა ამ რეკორდებმა, რა თქმა უნდა, ამ დღის რეკორდი მოხსნა! თითქმის დაუჯერებელი ამბავია, როდესაც ასეთი დიდი სხვაობით მყარდება რეკორდები, კიდევ ერთხელ ვულოცავ თიანელებს ამ წარმატებას და ვუსურვებ, რომ ეს რეკორდი არასოდეს გაუშვან ხელიდან!“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა რეკორდსმენები დააჯილდოვა

გიორგი მათურელმა თანაქალაქელებს დღესასწაული მიულოცა და ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა: „პირველ რიგში მინდა მივულოცო თიანელებს თიანეთობა! ამ რეკორდის დასამყარებლად ერთი თვის განმავლობაში ვემზადებოდი. მადლობას ვუხდი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და საქართველოს რეკორდების ფედერაციას!“

ნოდარ ცალუღელაშვილის თქმით, იგი რეკორდების დამყარებას მომავალშიც შეეცდება: „ძალიან გახარებული ვარ – ეს ჩემთვის პირველი რეკორდია. ამ დღისთვის ერთი თვის განმავლობაში ვემზადებოდი. შემდეგი რეკორდის დამყარებას ორძელზე ვარჯიშში ვაპირებ.“

ღონისძიებას საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. მსაჯთა შორის იყო ბრიტანული ორგანიზაციის – „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ (Record Holders Republic) მიერ ახლახანს დანიშნული წარმომადგენელი – დავით ხარატიშვილი, რომელიც მონაცემებს დასამტკიცებლად ლონდონში გაგზავნის.







08 August 2015

„თიანეთობა 2015“–ზე ორი რეკორდის დამყარება იგეგმება

თიანელი სპორტსმენები – გიორგი მათურელი და ნოდარ ცალუღელაშვილი
9 აგვისტოს, თიანეთის მუნიციპალიტეტში, სახალხო დღესასწაულ „თიანეთობა 2015“–ისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ამავე მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები – გიორგი მათურელი და ნოდარ ცალუღელაშვილი აზიდვებში რეკორდების დამყარებას შეეცდებიან. შედეგებს საქართველოს რეკორდების ფედერაცია დააფიქსირებს.

28 წლის გიორგი მათურელს 2013 წლიდან დღემდე მუშტებზე აზიდვაში ხუთი მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული (ცალ ხელზე, ორივე ხელზე, დამატებითი სიმძიმით). უკანასკნელი შედეგი, 45–კილოგრამიანი ტვირთით აზიდვაში მიმდინარე წლის 13 ივნისს, თიანეთში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე დააფიქსირა, რომლის მეჩირაღდნეები თავად გიორგი მათურელი და ნოდარ ცალუღელაშვილი იყვნენ. ამჯერად მის მიზანს წარმოადგენს ერთი წუთის განმავლობაში ცალი ხელის მუშტზე აზიდვების შესრულება, დამატებითი 27 კგ (60 ფუნტის ექვივალენტი) ტვირთით.

გიორგი მათურელისგან განსხვავებით, სარეკორდო ასპარეზობაზე პირველად გამოვა 24 წლის ნოდარ ცალუღელაშვილი, რომელიც მათურელის რეკორდის მოხსნას შეეცდება: ამისათვის მან 45–კილოგრამიანი ზურგჩანთით ერთ წუთში 28–ზე მეტი აზიდვა შეასრულოს. ნოდარ ცალუღელაშვილი 16 წლის ასაკიდან ვარჯიშობს – არის ეროვნული, რეგიონული და რაიონული ტურნირების მრავალგზის პრიზიორი ჭიდაობა ძიუდოში (ჭაბუკთა შორის), აგრეთვე ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი უზბეკურ ეროვნულ ჭიდაობა „კურაშში“.

თიანელი სპორტსმენების ასპარეზობას საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯთა კომისია დააკვირდება. აგრეთვე, ღონისძიებას დაესწრება ბრიტანული ორგანიზაციის – „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ (Record Holders Republic) წარმომადგენელი საქართველოში – დავით ხარატიშვილი, რომელიც შედეგებს ადგილზე დააფიქსირებს და შემდეგ დასამტკიცებლად ლონდონში გაგზავნის.

ამ თემაზე: