24 August 2015

გინესმა ხანდაზმულობის ახალი რეკორდები დაამტკიცა

გინესის რეკორდსმენი ყველაზე მოხუცი მამაკაცი მსოფლიოში
გასულ კვირას გინესმა სიცოცხლის ხანგრძლივობის ორი ახალი რეკორდი დაადასტურა: აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ყველაზე მოხუცი მამაკაცი იაპონიაში ცხოვრობს, ყველაზე მოხუცი ტყუპები კი – დანიაში.

პლანეტის უხუცესი მამაკაცი – იასუტარო კოიდე 112 წლისაა. დაიბადა 1903 წლის 13 მარტს. ასაკის მიუხედავად იგი თავს მხნედ გრძნობს და სახლში დამოუკიდებლად გადაადგილდება, არ იყენებს კბილის პროთეზებს და გაზეთებსაც სათვალის გარეშე კითხულობს.

„მთავარია ზომიერების დაცვა“ – განაცხადა ბატონმა კოიდემ სააგენტო „ესოშიეითედ პრესთან“ ინტერვიუში. მან ყველას მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ მოწევისა და დალევისგან.

112 წლის იაპონელი – ხანდაზმულობის რეკორდსმენი

რაც შეეხება მსოფლიოს უხუცეს ტყუპებს, პიერ და პოლ ლანგეროკები 1913 წლის 8 ივლისს დაიბადნენ და მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს, პროფესიული საქმიანობაც საერთო ჰქონდათ – ორივე მოსამართლე იყო. არცერთი არ დაოჯახებულა, რადგან ერთმანეთის პოტენციური მეორე ნახევრები არ მოსწონდათ. 102 წლის ძმები ახლაც საუკეთესო მეგობრებად თვლიან ერთმანეთს და დარჩენილ ცხოვრებას მოხუცთა თავშესაფარში ატარებენ.

102 წლის ტყუპები – გინესის რეკორდსმენი ძმები

თავიანთი სიცოცხლის ხანგრძლივობით  ტყუპებმა ექიმის პროგნოზსაც კი გადააჭარბეს: „85 წლის ასაკში ექიმმა გვითხრა, რომ 100 წლამდე ვერ მივაღწევდით. თუმცა, მეც არასოდეს მქონია ასეთი ხანდაზმულობის სურვილი“ – აღნიშნა პოლმა და დაამატა: „ბევრ რჩევას ვერ მოგცემთ: არ დახარჯოთ დრო უაზროდ, არ მიიღოთ ბევრი საკვები და არ აჰყვეთ ქალებს.“

ლანგეროკები ამჟამად მაცხოვრებელ უხუცეს ტყუპ ძმებად არიან აღიარებულნი, თუმცა ახალი რეკორდის დასამყარებლად მათ კიდევ სამწლიანი თანაცხოვრება სჭირდებათ, რათა ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ძმების სტატუსი დაიმსახურონ. მოქმედი რეკორდი ამერიკელ ძმებ მოიერებს ეკუთვნის, რომლებიც 1895 წელს დაიბადნენ და ერთად 105 წელიწადს იცხოვრეს. კიდევ უფრო მაღალია მდედრობითი სქესის ტყუპების ხანდაზმულობის რეკორდი: ოფიციალური ინფორმაციით, იაპონელმა დებმა – კინ ნარიტამ და გინ კანიემ ერთად 107 წელიწადი გაატარეს.

 გინესის მსოფლიო რეკორდების თანახმად,  ამჟამად პლანეტის ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, ქალბატონი სუსანა ჯონსი ნიუ–იორკში ცხოვრობს. მისი ზუსტი ასაკი დღეისათვის 115 წელიწადსა და 414 დღეს შეადგენს. ყველა დროის ყველაზე ასაკოვანი ადამიანი კი ფრანგი ქალბატონი – ჟანი კალმენტი იყო, რომელმაც 122 წელიწადი და 164 დღე იცოცხლა.

ამ თემაზე:








loading...